დღეს ჩემს ჯგუფელს ბიჭი შეეძინა. ერეკლე დაარქვეს. მთელი ფაკულტეტი სიხარულით ულოცავდა,მთელი ოჯახის სიხარული შამპანიურის აფეთქებების ხმამ დაახშო. თოფიც ტრადიციულად გავარდა და ასე ხმაურით ავღნიშნეთ ერეკლეს პირველი კონტაკტი გარესამყაროსთან.
ამასწინათ,მეგობარს ჩემი ძველი ნაწერი ვანახე, აბორტის თემაზე მეწერა რაღაც. ძველი და სულისშემძვრელი. საუბარმა მოიტანა და ვანახე. ზუსტად ამ მეგობარმა მომიყვა,როგორ მოიშორა ვიღაც თავის მეზობელმაექვსი თვის ნაყოფი, მხოლოდ იმიტომ,რომ ბიჭი უნდოდა და გოგო ჰყოლია.
კაცის კულტი – სამყაროს ცენტრალური ფიგურა!
ვცხოვრობ საძოგადოებაში,სადაც მოსახლეობის 90%-ის ავტოროტეტი ქალებს ქმრის მორჩილებას მოუწოდებს. მორჩილსაც და ამბოხებულსაც ქმრები მაინც კლავენ! სისხლი, ზღვარს გადასული ოჯახური კონფლიქტები, დაღუპული, ნაცემი და უფლებებშელახული ქალები მეტისმეტია.
ვცადე, კარგად გამეანალიზებინა მოვლენები,რაც ბოლო პერიოდში დატრიალდა, ვცადე კარგად ამეწონ-დამეწონა ადამიანთა არაერთგვაროვანი მოსაზრებები(ჩემთვის მისაღებითუ მიუღებელი), თუმცა, დამეთანხმებით, სიღრმეებში შესვლა ძალიან რთულია და მეც, მხოლოდ ისღა დამრჩენია საკუთარი აზრი მოგახსენოთ საკუთარი უძლური ხელებით,უძლური იმიტომ, რომ მეც ქალი ვარ და არ გამოვრიცხავ, ერთ დღეს მეც მესროლონ.
ახლა სადღაც, რომელიღაც ოჯახში ქმარი ცოლს სცემს, ემუქრება, სექსუალურ ზეწოლას ახორციელებს.
სად არის ამ დროს ცნობისმოყვარე, ყველაფრის მცოდნე ქართველი საზოგადოება?
იგი ჯუტად დუმს!
იგი უმოქმედოა!
არადა, გესვრიან თუ არა ყველამ ყველაფერი იცის შენს ცხოვრებაზე, ისიც კი, რაც თავად არ იცოდი. ზოგი იმდენად ჰუმანურია, რომ მკვლელობის ფაქტს მსგავს კომენტარს უკეთებს: “არავინ არავის კლავს უმიზეზოდ”(ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე).
ყველგან, ყოველთვის გვაქვს შესანიშნავი გამოსავალი-“მაგრამ”. “როგორც ქალი ვგმობ და ძალიან ვწუხვარ მომხარის გამო, მაგრამ ამ საქმესთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საჭირო მოქმედება ჩატარდა”(შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი).
იცით, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ყოველთვის მიმართავს “მაგრამს”, როცა საქმე ქალებს ეხება, კერძოდ ქმრებს გაშორებულ, ძალადობის მსხვერპლ ქალებს. ქალებს რომლებსაც ემუქრებიან, რომლებსაც დანას ყელზე ადებენ, ქუჩაში სახეს უსერავენ, ურტყამენ, მუხლებს უმტვრევენ, აგინებენ, აფურთხებენ, აუპატიურებენ…
აუცილებლად შეიბრალებენ, აუცილებლად იტყვიან, რომ ცოდოა, თუმცა ყოველთვის დააყოლებენ მაგრამსაც( ცოდოა, მაგრამ კაცი აქამდე არ უნდა მიიყვანო, კაცს “მოზომილად” უნდა ელაპარაკო).
კაცის კულტი-სამყაროს ცენტრალური ფიგურა!
მეც მახსოვს მეუბნებოდა ბებიაჩემი ასეთი ხასიათით ცოლად რომელი “კაცი” მოგიყვანსო, ან თუ მოგიყვანს და მეორე დღესვე უკან გამოგაბრუნებსო. ჩემთან ილაპარაკე ბებია, მაგრამ კაცთან ასეთი აზრები არ აფრქვიოო, კაცებს “დამყოლი” ხასიათის ქალები მოსწონთო.
გაგიკვირდებათ და გავთხოვდი ჩემი “ასეთი” ხასიათით.
იმ დროიდან მაწუხებდა პროტესტი იმისა, თუ რატომ იყო ასე ანგარიშგასაწევი კაცი და მე როგორც ქალს, რატომ უნდა ჩამეკლა პირადი ინტერესები, მიზნები თუ აზრები მხოლოდ იმიტომ, რომ ქალი ვარ და არა კაცი.
ეს პროტესტი დღითიდღე მიმძაფრდება. მოდი და შეხედე ამდენ მკვლელობას გულგრილად, შეხედე ამდენ ჩაგვრას და ყოველგავრ ლოგიკას მოკლებულ ფესვებგადგმულ ცნებას- კაცს, როგორც სამყაროს ცენტრალურ ფიგურას.
საზოგადოება ვერ ხვდება, რომ დაღუპულ ქალებს არ სჭირდებათ არანაირი “ცოდოა”, არ სჭირდებათ ცრემლები, მითუმეტეს არ სჭირდებათ “მაგრამ”. დაღუპულ ქალებს საერთოდ აღარაფერი სჭირდებათ, ცოცხლებმა დახმარებისთვის ხელები გამოგვიწოდეს და ჩვენ მათი გამოწვდილი ხელები ასევე დავტოვეთ.
დიახ, ჩვენ! მეც, შენც, ყველამ უპასუხოდ დავტოვეთ იმათი პრობლემა, რომელიც არ ყოფილა მხოლოდ ერთი ოჯახის.
ხვალ, სრულიად შესაძლებელია იმავე პრობლემამ შემაწუხოს, იმავე პრობლემამ შეგაწუხოს შენც!
სხვისი ჭრილობები არც ისე ღრმაა, თუმცა საკუთარს აუცილებლად ვიგრძნობთ! და მაშინ მივხვდებით, რომ ვიდექით იქ, სადაც ის ადამიანები იდგებიან, რომლებიც ჩვენს ყვირილს არ გაიგონებენ, ჩვენს ცრემლებს არ დაინახავენ, ჩვენს ხელებს არ შეეხებიან!
ყველაფერი ცუდადაა და ასე იქნება მანამ, სანამ მე, შენ და ასე ყველანი ხმას არ ავიმაღლებთ იმ დეიდებზე, ბიცოლებზე, ნათესავებზე, ქმრებზე, ქმრების ნათესავებზე, რომლებსაც მივყავართ ტყვეობამდე. ყველაფერი ცუდადაა და ასე იქნება მანამ,სანამ ქმართან გაშორება ქალის უზნეობის პირდაპირპროპორციული იქნება. მანამ, სანამ ქალები სამზარეულოში იტირებენ და ფეისბუქზე “ბედნიერი” ქორწინების ილუზიას მოებღაუჭებიან. მანამ, სანამ ქალების ზარებს მუქარის შესახებ უპასუხოდ დავტოვებთ, მანამ სანამ ქალებს მხოლოდ მას შემდეგ შევამჩნევთ, როცა მოკლავენ.
მე ვგმობ!