ბრენდების საკომუნიკაციო ენა

1

ბოლო ათწლეულის განმავლობაში, თანამედროვე ბრენდები ყოველდღიურად ცდილობენ აუდიტორიასთან კომუნიკაცია მეტად უშუალო და მარტივი გახადონ.

მათ აღმოაჩინეს, რომ იმის პარალელურად, თუ რას ეუბნებიან მომხმარებელს, არანაკლებ მნიშვნელოვანია როგორ აკეთებენ ამას.

კომუნიკაციის სტილს დიდი გავლენა აქვს მომხმარებელზე, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებს მის დაინტერესებას და ლოიალურობას ბრენდის და კონკრეტული პროდუქტის მიმართ.

დღეს ყველა ბრენდს გააჩნია თავისი უნიკალური Tone of Voice, ანუ საკომუნიკაციო ენა, სტილი, რომელსაც ის აუდიტორიასთან ურთიერთობისას იყენებს.

მიუხედავად იმისა, საბანკო სექტორს წარმოადგენს ბრენდი, თუ ტექნიკურ სტარტაპს – მისი მომხმარებელთან საკომუნიკაციო ენა დღეს ბევრად უშუალოა, ვიდრე ოდესმე.

ისინი ნაცნობ-მეგობრებივით გვესაუბრებიან, ხშირად ხუმრობენ და ცდილობენ თავი დაცულად გვაგრძნობინონ.

დაცულობის შეგრძნებას კი სწორედ ის მეგობრული და უშუალო გარემო გვიქმნის, რომელსაც ისინი ასეთი მონდომებით გვთავაზობენ.

მე თუ მკითხავთ, მშვენიერი სტრატეგიაა.

წარმოიდგინე ნახევარმილიონიან კრედიტს იღებ… შედიხარ შენობაში და იქ ვიღაც პირქუში, ზესერიოზული კაცი გხვდება, რომელიც საკუთარი გამომეტყველებით, შენს მიმართ თანაგრძნობას უფრო გამოხატავს, ვიდრე მხარდაჭერას.

ბევრად სასიამოვნოა თავისუფალი სტილით ჩაცმული, მომღიმარი ადამიანი გიწევდეს მომსახურებას და გიტოვებდეს შეგრძნებას, რომ შენს წარმატებაში დარწმუნებულია.

მოკლედ, უშუალობა და იუმორი თანამედროვე ბიზნესის სერიოზული იარაღი გახდა, თუმცა იუმორს ერთი მნიშვნელოვანი თვისება აქვს – თუ ის არ არის ნამდვილი და ხარისხიანი, ყველაფერი ფუჭდება.

ამიტომ ნუ იფიქრებთ, რომ ეს გაადამიანურების პროცესი ბრენდებისთვის მარტივად და უმტკივნეულოდ მიმდინარეობს. ისინი ამაზე სერიოზულად მუშაობენ, გადიან ტრენინგებს და ღამეებს ათენებენ იმისთვის, რომ გამოცდა წარმატებით ჩააბარონ.

შეიძლება ცოტა სასაცილოდ ჟღერს, როცა წარმოიდგენ ადამიანს, რომელიც ხუმრობის თქმაში ვარჯიშობს, მაგრამ ასეა.

ყველა კომპანიამ საკუთარი სტანდარტი უნდა დაიცვას, თორემ თუ ყველა თანამშრომელი ისე იხუმრებს, როგორც მას უნდა, კატასტროფა გარანტიებულია. მოკლედ, ის, რასაც დღეს ბრენდების საკომუნიკაციო ენის ცვლილებაში ვხედავთ, კოლოსალური შრომის შედეგია.

ბრენდს მომხმარებლისთვის კომფორტის შექმნა მილიონები უჯდება და ბოლოს ეს მილიონები უკანვე უბრუნდება.

ჩვენ ამას ვაცნობიერებთ, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მათი ჩვენს მიმართ „ზრუნვა“ შეიძლება მათსავე ინტერესებს ემსახურებოდეს, მაინც კმაყოფილები ვართ.

სასიამოვნოა იმის წარმოდგენა, რომ ჩვენზე ვიღაც ზრუნავს…

ვიღაც ფიქრობს, რომ ჩვენი გადაწყვეტილება ფუნდამენტურად სწორია და წარმატება გარანტირებული გვაქვს.

ამ დამოკიდებულების შემყურე, ჩვენც მეტად გვემატება საკუთარი თავის რწმენა და საბოლოო ჯამში ყველანი ერთად ვუახლოვდებით საერთო და საბოლოო მიზანს – ვიყოთ ბედნიერები.