10 არგუმენტი, რატომ არ უნდა დაიშუროთ კოცნა ძვირფასი ადამიანებისათვის

კოცნა ბევრს უყვარს და ხშირად ჩუქნის კიდეც მას საყვარელ ადამიანებს, ზოგიერთები კი უზოგავენ ამბორს სხვებსაც და საკუთარ თავსაც, რადგან არ უყვართ “ხვევნა-კოცნა, მტლაშა-მტლუში”. ამ კატეგორიას შევახსენებ, რომ კოცნა საოცარი ფენომენია, რაც მთავარია, მეტად სასარგებლო ორგანიზმისათვის.

ამ ფენომენს საერთაშორისო დღესასწაულითაც კი აღნიშნავენ. არსებობს დისციპლინა ფილემატოლოგია, რომელიც კოცნის ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ ფუნდამენტურ საფუძვლებს შეისწავლის.

6 ივლისი, კოცნის საერთაშორისო დღე, მსოფლიო დღესასწაულია. ამ ზეიმის სამშობლო დიდი ბრიტანეთია. მე-19 საუკუნის ბოლოს სწორედ ალბიონის ნისლიან სანაპიროზე მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ კოცნა არის სიყვარულის გამოხატვის საოცარი ფენომენი, რომელიც ნამდვილად იმსახურებს საკუთარ დღესასწაულს. მე-20 საუკუნის ბოლოს კოცნის სიყვარულმა აიძულა დამფუძნებლები დაეწესებინათ დღესასწაული, საერთაშორისო სტატუსი კი ამ ზეიმს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის აღიარების შემდეგ მიენიჭა. ფაქტია, რომ 6 ივლისს მთელ პლანეტაზე, სხვადასხვა ქალაქებში, კოცნის დღესასწაულს ზეიმობენ. ეს დღე ლამაზი და საინტერესო პროგრამებით არის დატვირთული, იმართება ღონისძიებები, კონკურსები და შეჯიბრებები, თამაშდება სხვადასხვა პრიზი ყველაზე ხანგრძლივი, ყველაზე ლამაზი, ყველაზე უჩვეულო კოცნისათვის და ა. შ.

ამგვარად, კოცნა მეტად საყურადღებო ფენომენია. ის კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე, ამაღლებს გუნება-განწყობას და ზრდის შრომისუნარიანობას.

გთავაზობთ 10 არგუმენტს, რომელიც ხსნის, რატომ არის კოცნა სასარგებლო და რატომ არ უნდა დაიშუროთ ის ძვირფასი ადამიანებისათვის:

1. გერმანელმა მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ კოცნას დეპრესიის საწინააღმდეგო მოქმედება აქვს. ამაღლებს გუნება-განწყობას. დილის ამბორი ხელს უწყობს რომანტიკული განწყობის მთელი დღის მანძილზე შენარჩუნებას. კოცნისას გამოიყოფა ენდორფინები – სიამოვნების ჰორმონები და ნეიროპეპტიდები, რომლებიც იმუნიტეტსაც ამაღლებს.

2. თურმე კოცნა საუკეთესოდ ანაცვლებს წონის დასაკლებად გამიზნულ დიეტას. კოცნის დროს სულ ცოტა 5 კალორია იწვება. ხანგრძლივი, ვნებიანი ამბორის დროს კი შესაძლოა 30 კალორიამდეც კი დაიწვას.

3. კოცნას დიდი ენერგეტიკული დატვირთვაც აქვს. ჯერ კიდევ ძველ დროში იაპონელებს მიაჩნდათ, რომ ამბორს ენერგეტიკული თვალსაზრისით დიდი სარგებლობა მოაქვს ორგანიზმისათვის – დადებითი ენერგიით ავსებს მას.

4. ინგლისელმა ფსიქოლოგებმა საინტერესო კვლევებით დაადგინეს, რომ კოცნის მოყვარულები გამოუსწორებელი ოპტიმისტები არიან, თვითდაჯერებულები საკუთარ ძალებსა და წარმატებაში, სამსახურშიც ყველაზე ხშირად ისინი აღწევენ წარმატებას.

5. კოცნა იწვევს გონებრივ და ფიზიკურ აქტივობას. ამბორის დროს სისხლში ისევე იმატებს ადრენალინის დონე, როგორც პარაშუტით გადმოხტომისას. ხანგრძლივი ამბორი ზრდის გულისცემის სიხშირეს, სისხლის მიწოდება ძლიერდება და ტვინი უკეთ მარაგდება ჟანგბადით. უმჯობესდება კონცენტრირებისა და ინფორმაციის დამახსოვრების უნარი, ასევე აზროვნებითი ფუნქცია.

6. კოცნა ახანგრძლივებს სიცოცხლეს. კოცნის მოყვარულები იმათზე საშუალოდ 5-7 წლით მეტხანს ცოცხლობენ, ვინც მოკლებულია ამ სიამოვნებას.

7. კოცნა გულსაც რგებს და ფილტვებსაც. მას გულ-სისხლძარღვთა ტრენაჟორად მიიჩნევენ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, კოცნის დროს პულსი ხშირდება, სისხლის ნაკადი ძლიერდება, შესაბამისად, ფერხდება ისეთი პათოლოგიების განვითარება, როგორებიცაა ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია, სისხლის ცირკულაციასთან დაკავშირებული დარღვევები. კოცნა ფილტვების ჯანმრთელობის საწინდარია. კოცნის დროს ფილტვები უფრო ეფექტურად და ინტენსიურად ფუნქციობს.

8. ამბორი სულიერი წონასწორობის ერთ-ერთი მთავარი გასაღებიცაა. ის ნებისმიერ ადამიანს სჭირდება, ქალებისთვის კი აუცილებელია ფიზიკური თუ სულიერი ჰარმონიისათვის.

9. კოსმეტოლოგების განცხადებით, კოცნის პროცესში სახის 29-დან 34-მდე კუნთი მონაწილეობს. ბევრი მათგანის გააქტივება სხვაგვარად (ანუ კოცნის გარეშე) შეუძლებელიც კია. ასეთი ვარჯიში (იგულისხმება კოცნა) აკაჟებს კუნთებს და ნაოჭების განვითარების საუკეთესო საპროფილაქტიკო საშუალებაა.

10. კოცნა გრნობათა გამოხატვის უნატიფესი საშუალებაა. ის ხშირად სიტყვებსაც კი ანაცვლებს. ერთი ამბორით ზოგჯერ ყველაფერი ნათქვამი და გასაგებია.…

ასე რომ, ნუ დაიშურებთ კოცნას ძვირფასი ადამიანებისათვის, ეამბორეთ მათ ხშირად და სიყვარულით, გაილამაზეთ და გაიხანგრძლივეთ სიცოცხლე!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები