“ყველა ადამიანი ფოტოგენურია”

YellowBlog-ის მკითხველს ყოველთვის ვანებივრებთ ახალი მასალებით, ფოტოგრაფების შესახებ, რომლებიც თავიანთი განსხვავებული იდეებითა და საინტერესო ხედვით გამოირჩევიან სხვებისგან. ამ ფორმით გვინდა მხარი დავუჭიროთ ქართველ ფოტოგრაფებს და სტიმული მივცეთ, რომ მეტი შემართებით გააგრძელონ მუშაობა.

დღეს ანა ადამაშვილთან ინტერვიუს შემოგთავაზებთ. ანა ახალგზარდა ფოტოგრაფია, რომელმაც ცოტა ხნის წინ ძალიან საინტერესო ფოტსერია შექმნა „ყველა ადამიანი ფოტოგენურია“. სერიის შესახებ, თავად ფოტოგრაფი მოგვიყვება:

შენს შესახებ…

ვარ 18 წლის, აბიტურიენტი. მიუხედავად ხელოვნებისადმი სიყვარულისა ჩემს მომავალ პროფესიას პოლიტიკის მეცნიერებას ვუკავშირებ. 4 წელია რაც ფოტოგრაფიას მივსდევ და ვცდილობ მუდმივად განვვითარდე ამ მხრივ. ვწერ სხვადასხვა ნაწარმოებებს და მიყვარს ჯაზი.

ცოტა რამ ფოტოსერიის შესახებ…

ძალიან ხშირად მესმის ფრაზა „არაფოტოგენური ვარ“, ჩემი აზრით კი, თუ ადამიანს სწორ სტილში გადაიღებ და თავს კომფორტულად აგრძნობინებ მას არასდროს არ გამოუვა ცუდი სურათი, ამიტომ გამიჩნდა იდეა გამეკეთებინა ექსპერიმენტი „ყველა ადამიანი ფოტოგენურია”  სურვილებისა და კითხვარის საშუალებით ავირჩიე განსხვავებული ტიპის გოგონები. შევურჩიე სტილი და ვეცადე მათთვის დამემტკიცებინა ექსპერიმენტის მიზანი.


გახსოვს პირველი ფოტო როდის გადაიღე?

2012 წლიდან სხვადასხვა ფილმებისა და კლიპების „Making of“-სთვის ვმუშაობდი, თუმცა პირველი სერიოზული ფოტო 2013 წლის მაისში ბორჯომში გადავიღე, მაშინ მივხვდი თუ რამხელა სიამოვნებას მანიჭებდა მთლიანად ეს პროცესი.

რა არის შენთვის ფოტოგრაფია?

ჩემთვის ფოტოგრაფია ფიქრის, აზროვნებისა, დასვენებისა და ყველაზე მთავარი, ახლის შეცნობისა და შექმნის საშუალებაა. როგორც მწერალი ჰქმნის საკუთარი ნაწარმოების პერსონაჟს, ან კომპოზიტორი მუსიკას ასევე ფოტოგრაფიც ფიქრობს, გეგმავს, აზრს დებს საკუთარ ნამუშევარში და ჰქმნის მას.

ყველაზე მეტად რისი გადაღება მოგწონს?

ზოგადად ყველაზე მეტად ვინტაჟური გლამურის გადაღება მიყვარს, რადგან ძალიან ლამაზი და მრავალფეროვანი თემაა. თუმცა, საოცრად მაინტერესებს ფოტო ჟურნალისტიკა და ზოგადად ფოტო რეპორტაჟი, ჩემი აზრით, ფოტოგრაფიაში ეს უკანასკნელი ყველაზე რთული მიმართულებაა, აქ ვერ დაგეგმავ შენ, რა როგორ და რანაირად უნდა გადაიღო, ერთადერთი რაც შეგიძლია არის, ის რომ დაიჭირო წამი!

სად პოულობ ინსპირაციას?

ჩემი ინსპირაციის წყარო ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს დაწყებული მუსიკიდან დამთავრებული უბრალოდ რეალური ამბით. რადგან უმეტესად გლამურს ვიღებ ძირითადად ჩემი შთაგონების წყარო ადამიანები ხდებიან, თუმცა არის შემთხვევები როდესაც კონკრეტულ საკითხზე პროტესტის გრძნობით ანთებული მომდის იდეები.

რომელ პროგრამას იყენებ ფოტოების დასამუშავებლად?

ძირითადად „Lightroom“-ს

რომელია შენი საყვარელი ქართველი ფოტოგრაფი?

მიუხედავად არაორდინალური ხასიათისა ძალიან მიყვარს იური მეჩითოვის ნამუშევრები, ესაა კაცი რომელიც მართლაც სულს დებს ამ საქმეში.იურის საოცარი ფოტო რეპორტაჟები აქვს, რითაც ჩემს თვალში კიდევ უფრო მაღლდება. ახალგაზრდებიდან ძალიან  მომწონს გვანცა მაღლაკელიძის ნამუშევრები, მიუხედავად იმისა, რომ უფრო აზრობრივ ფოტოებს ვანიჭებ უპირატესობას გვანცა მართლაც თავის სტილში საუკეთესოა, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ როგორც ვიცი არც ისე დიდი ხანია რაც იღებს.





კომენტარები

მსგავსი სიახლეები