ირაკლი ჩიქოვანი: “მხატვარი უნდა გაექცეს ჟანრებს და გვიჩვენოს თავისი შინაგანი სამყარო”

დღეს ირაკლი ჩიქოვანთან ინტერვიუს შემოგთავზებთ. ირაკლი ახალგაზრდა მხატვარია, რომლის ნამუშევრებში მრავლადაა ფერები და განწყობა. განწყობა სხვადასხვანაირია, რადგან ის არა კონკრეტული იდეის გარშემო, არამედ საკუთარი ხასიათიდან გამომდინარე ხატავს. ასე, რომ ყოელი ნამუშევარი ასახავს ირაკლის შინაგან სამყაროს. ბავშვობიდან ხატავს და ალბათ მაშინ ვერც კი წარმოედგინა, რომ წლების შემდეგ საკუთარ გამოფენას მოაწყობდა.

ცოტა რამ თქვენს შესახებ…

ვარ 31 წლის, 2000 წელს ჩავაბარე იაკობ ნიკოლაძის სამხატვრო კოლეჯში  ფერწერის მიმართულებით.შემდეგ სამხატვრო აკადემიაც დავამთავრე  2010-ში. ხატვით ვერთობი. მინდა დავაფიქსირო ის მომენტები, რაც ცხოვრებას მშვენიერს ხდის.

როდის დაიწყეთ ხატვა?  

ხატვით სერიოზულად 14 წლის ასაკში დავინტერესდი.

რის გადმოცემას ცდილობთ თქვენს ნამუშევრებში?
ვცდილობ გადმოვცე სხვადასხვა ემოციები, რომელიც ხატვის პროცესში მეუფლება. წინასწარ არასოდეს ვიცი რა გამოვა, სურათის შექმნისას ყოველი ეტაპი არის ექსპერიმენტი, იმპროვიზაცია, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ იძენს ფორმას, ეს კომპოზიცია იქნება პეიზაჟი, თუ აბსტრაქცია არ აქვს მნიშვნელობა. შეიძლება ერთმა მოსმამაც კი შეცვალოს სურათის საბოლოო მიმართულება. არასოდეს ვიწყებ იდეით, უპირატესობას ყოველთვის თვალს ვანიჭებ. მინდა მთლიანად გავათავისუფლო იდეისგან და შეგრძნებებს მივცე უფლება თქვან სათქმელი.

რომელი ჟანრია თქვენთვის განსაკუთრებით საინტრესო?
ყველა ჟანრი თავისთავად საინტირესოა, და მაინც ვფიქრობ მხატვარი უნდა გაექცეს ჟანრებს და გვიჩვენოს თავისი შინაგანი სამყარო. ხელოვანი უნდა ჩაუღრმავდეს საკუთარ თავს და გარეთ გამოიტანოს ინდივიდუალიზმი. სწორედ ამ შემთხვევაში იქნება საინტერესო მისი ხელოვნება.

სად პოულობთ ინსპირაციას, სანამ ნახატზე დაიწყებთ მუშაობას? 

არავინ იცის ინსპირაციას როდის და სად ნახავ. შეიძლება ეძებო და ვერც კი იპოვო. რადგანაც მე არ ვიწყებ იდეით ხატვას, ჩემთვის ეს სპონტანურად ხდება, ხატვის პროცესშივე. თუმცა ასევე ძალიან ინდივიდუალურია ეს მომენტი . ჩემთან  ეს ლოგიკას არ ექვემდებარება.

სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

კონკრეტული გეგმები არ მაქვს, გარდა იმისა, რომ მინდა ბევრი ვიმუშაო. რამდენიმე თვის წინ პერსონალური გამოფენა მქონდა ხელოვნების სასახლეში. ვემზადები მომდევნო გამოფენისთვის, რომელიც არ ვიცი როდის დაიდგმება, რადგან ჯერ სურათები უნდა დაგროვდეს, რის შემდეგაც გადავწყვეტ რომელ გალერეაში იქნება გამოფენა.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები