მიხეილ გიორგაძე: წადით, იყავით რეჟისორები და დაუთმეთ ადგილი მენეჯერებს

„მე არ ვაძლევდი დავალებას, მაინცდამაინც მსახიობების ხელფასი შემცირებულიყო,”, – განაცხადა კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ გაზეთ „ვერსიასთან” საუბრისას თეატრალურ სამყაროში ბოლო დღეებში  შექმნილ დაძაბულ სიტუაციაზე.

 

„მე შევკრიბე ხელმძღვანელები, ავუხსენი ვითარება და ვუთხარი, რომ უნდა მოვრგებოდით ამ რეალობას. ოღონდ ხაზი გავუსვი, რომ არავითარ შემთხვევაში, არ ვაძლევდი დავალებას, მაინცდამაინც მსახიობების ხელფასი შემცირებულიყო, რადგან ადმინისტრაციული, სადადგმო, საგასტროლო ხარჯიც არსებობს. ვთხოვე ხელმძღვანელებს – თქვენი ბიუჯეტი, რასაც სახელმწიფო გაძლევთ და პლუს, საკუთარი შემოსავალი, გადაათამაშეთ ისე, რომ მაქსიმალურად უმტკივნეულოდ ავიტანოთ ეს ვითარება. ზოგმა მოახერხა ეს, ზოგმა ვერა და აქ კიდევ ერთელ გამოჩნდა, ვინ რამდენად კარგი მენეჯერია. არაერთხელ მსმენია, მე რეჟისორი, შემოქმედი ადამიანი ვარ და ამიტომ კარგად არ ვიცი ეს ფინანსური და იურიდიული საკითხებიო… მაგრამ, ჩემო ძვირფასებო, იმის გარდა, რომ დიახ, თქვენ შემოქმედი ადამიანები ხართ, ასევე ბრძანდებით საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები და ვალდებულები ხართ, ერკვეოდეთ ასეთ საკითხებში! თუ არა, მაშინ წადით, იყავით რეჟისორები და დაუთმეთ ადგილი ისეთ მმართველებს, ისეთ მენეჯერებს, ვინც შესაბამის კვალიფიკაციას და უნარ-ჩვევებს ფლობს”, – განმარტა მიხეილ გიორგაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები