ალმოდოვარის ფერი

პატრიარქალური მენტალიტეტით გაჯერებულ სოციუმში  უმრავლესობა დაგიდასტურებთ, რომ კაცია თავიდათავი ყველაფრისა,მეტადრე ოჯახისა. ამ რიტორიკით ზრდიან თაობებს, თუმცა რეალობა ხმას აცდენილი კადრივით სხვა სინამდვილეს ასახავს. ხანდახან კარგად შეფუთული ნახევარსიმართლე საუკუნეებს უძლებს,ჩვენ კი გვიკვირს -დრო გადის და არაფერი იცვლება! ძირეულ თეზისს კი კითხვას არავინ უსვამს, ან თითქმის არავინ…

ალმოდოვარის ფილმები მახსენდება -მიყვარს ფილმები და ვერ ავცდები ასეთ ანალოგიებს- სხვადასხვა ტიპაჟები ქალების,მათი ცხოვრება და ორომტრიალი, წითელი ფერი-ვნებიანი და სიცოცხლით სავსე; სასიყვარულო თავგადასავლები, თითქოს კაცებიც თამაშობენ ნომინალურად მაგრამ მათი ენერგეტიკა გადაფარულია, უფრო წაშლილი- დაკარგული მამაკაცური საწყისის ძიებას მეტად გავს ეს ყოველივე. ასეთი ნაცნობი -შინაგანად სწორად აღქმული  და ნიუანსების სიზუსტით გადმოცემული არსი უფრო ნაღდია…

თვალთმაქცობაში მხილებულ საზოგადოებას კი ისღა დარჩენია სხვაგან გადართოს-გადაერთოს -სხვა სინამდვილე მოიგონოს-სხვას მიაწეროს…

ყველაზე კარგად ნიშანდობლივი მომენტები აღზრდისას იკვეთება.ოჯახში ფულის შემომტანის იმიჯს ამოფარებული მამები  ევროპელი დამკვირვებლებივით „გონივრულ“ დისტანციაზე რომ უმზერენ ბავშვის ცხოვრებას: ჭამას, ჩაცმა-გახდას,  წაყვან-წამოყვანას, გრიპი, ბატონები,ექიმი,ღამე ვერ იძინებს, ეს უხარია,ის წყინს… „მოიცა, რომელ კლასში ხარ?.. უმაღლესი დაამთავრე?..“-გავს ეს მამა-შვილის დიალოგს? დიახ-გავს!

თუმცა აღარ-ახალი თაობის მცირე პროცენტი სხვა მენტალურ სივრცეშია და მართლაც ბოლომდე ჩართულია ამ პროცესში და რაც მთავარია მის ემოციურ ნაწილში.ახალგაზრდა მამიკოები აღარ იზიარებენ „ვაჟკაცური“ შარავანდედით მოცული მამების წეს-ჩვეულებებს.თუმცა არსებული რეალობის ფონზე ფაქტიურად აუთლაიერებად განიხილებიან- სტატისტიკაზე რომ ვსაუბრობდეთ კვლევაში რომ არ ჩართავდნენ – ძირითადი ტენდენციის  სწორად დასანახად.

ემოციური გარიყულობის მეინსტრიმული მოდელი კი,არცაა გასაკვირი, ოჯახიდან ქვეყნის მასშტაბებზე გადადის და კარგად ასახავს არსებულ ვითარებას.თითქოს ყველგან ჩართულები  პატრიარქალური საზოგადოების “ღირსეული” წარმომადგენლები საბოლოოდ მაინც რაღაცას ან ვიღაცას  ელოდებიან -მათივე ცხოვრების მოსაწყობად. მოლოდინითაა  გაჯერებული ჰაერი-რომ ქვეყანა სასწაულებრივად ფეხზე დადგება -ისევე როგორც ბავშვი, ერთ დღესაც რომ მოიხედავ და უმაღლესი დაუმთავრებია თურმე. მთავარია სადღეგრძელოები ითქვას და სოფელიც აშენდება-დირირამ ტამ ტამ ტამ ტაამ… დირირამ დირირამ… დირირამ ტაი რაი რაი რაი რაააა… ჰე!

ხშირად მსმენია -აი შემოსავალი როცა გვექნება  ყველაფერი თავისით აეწყობა:განსხვავებულის მიმართ ტოლერანტულები გავხდებით, ერთმანეთის მიდრეკილებებს  გავითვალისწინებთ და პატივისცემით მოვეპყრობით…

მე კი პირიქით მგონია: მთავარი გარდატეხა თვითშეგნებიდან იწყება!

მხოლოდ აზროვნების თავისუფლებას ნაზიარებ ადამიანს,რომელიც არ ებღაუჭება ძველს-როგორც სიახლისგან თავდაცვას-შესწევს უნარი შექმნას რეალური ეკონომიკური დოვლათი.

ამ რეალურ ცვლილებებამდე კი ვისურვებდი მეტ წითელ ფერს-სიცოცხლით სავსეს და ვნებიანს-მიძინებული გონების გამოსაფხიზლებლად…

 

წყარო: ეგოცენტრული წითელქუდა

მსგავსი სიახლეები

კომენტარები