წინასაახალწლოდ პროდუქტი არ გაძვირებულა – რა დაგიჯდებათ ქართული ტრადიციული საახალწლო სუფრა?

ახალი წელი რამდენიმე დღეში დადგება და მის მოახლოებასთან ერთად საჭირო პროდუქციის შესაძენად აგრარულ ბაზრებსა თუ მარკეტებში ხალხის რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს. ლარის დევალვაციისა და ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური ფონის მიუხედავად, ყველას სურს ახალ წელს შეძლებისდაგვარად მომზადებული შეხვდეს.

რამდენი ლარი დაჯდება საახალწლო სუფრა? – ამის გარკვევას „კომერსანტი” თბილისში მდებარე აგრარულ ბაზარებში შეეცადა. აღმოჩნდა, რომ საფასო პოლიტიკა უცვლელია და წლევანდელი ფასები შარშანდელს ემთხვევა. საბოლოო ჯამში გაირკვა, რომ წელს ოჯახს ტრადიციული ქართული საახალწლო სუფრა საშუალოდ 300 ლარი დაუჯდება.

ჩვენ ყველა იმ ძირითადი პროდუქტის ღირებულება გავიგეთ, რაც ახალი წლის სუფრის უცვლელი შემადგენელი ნაწილია.

როგორც ყოველთვის წელსაც ყველაზე ძვირი გოჭია, რომლის ფასი 80-დან 130 ლარამდე მერყეობს. რაც შეეხება ღორის და საქონლის ხორცს, 1 კგ 12 ლარი დაგიჯდებათ. 1 კგ ქათმის ფასი 10-12 ლარია.

საახალწლო სუფრის მთავარი კერძი საცივია, მისი უმნიშვნელოვანესი ინგრედიენტი კი ინდაურის ხორცი. ინდაურის ფასი წელს 60-დან 120-ლარამდე მერყეობს. ერთი კილოგრამი იმერული ყველი 10 ლარი ღირს, სულგუნი კი 15 ლარი.

ყველას ოჯახში ახალი წლის სუფრაზე გოზინაყი აუცილებლად დევს, მის მოსამზადებლად კი ნიგოზი და თაფლი აუცილებელია. მაშ ასე 1კგ ქართული ნიგვზის ფასი 35-დან 40 ლარამდეა, ხოლო იმპორტირებულის ღირებულება 28-30-ლარია. რაც შეეხება თაფლს, 1 კგ 15 ლარი ღირს. ჩურჩხელის შეძენას, შეძლებთ როგორც 3-ლარად, ასევე 1.50-თეთრად.

ახალი წელი ციტრუსოვანი ხილის გარეშე წარმოუდგენელია. კილოგრამი მანდარინის ფასი 2 ლარია. ხოლო 1 კგ ფორთოხალის ღირებულება 1.50-დან 2-ლარამდეა.

როგორც ბაზარში გამყიდველებმა განაცხადეს, წელს მათ პროდუქციაზე ფასების მომატება არ უცდიათ, რადგან მოსახლოებას ეკონომიკურად ძალიან უჭირს.

 

წყარო: commersant.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები