ემოციური ინცესტი

შვილის შეძენა ყველაზე დიდი ბედნიერებააო- ამბობენ და ვეთანხმები, მიუხედავად იმისა რომ თავად არ მყავს, ემოციური ინტელექტი მყოფნის- ამაში სიმართლე დავინახო. ნეტავ ბიოლოგიურ მშობლებს თუ ყოფნით შეგნება, რომელიც თავის მხრივ განათლებასაც მოითხოვს, იმის გასაცნობიერებლად რომ შვილი დამოუკიდებელი არსებაა, მაშინაც კი როცა საჭიროებებიდან გამომდინარე მზრუნველზეა დამოკიდებული.

ბევრი გვსმენია ოჯახში ძალადობაზე, განსაკუთრებულ ინტერესს ამ მხრივ არასრულწლოვანების მიმართ ძალმომრეობის საკითხები იწვევს.თოქ-შოუები ერთმანეთს ასწრებენ ჩალურჯებულთვალიანი ბავშვების ისტორიების გაშუქებას.

მაგრამ ცოტა ხნით რომ გავემიჯნოთ ამ რეალობას და გადავხედოთ ჩვენს ყოველდღიურობას, სადაც ძირითადად მაინც “ნორმაში” ექცევა ერთი შეხედვით დაუმორჩილებელი სინამდვილე.

გოგო-ბიჭები დადიან ბაღებში ,სკოლებში შემდეგ უმაღლეს სასწავლებლებში.  ქორწინდებიან…შემდეგ განქორწინდებიან- კარგ შემთხვევაში;

ცუდ შემთხვევაში კი ცხოვრების ბოლომდე ზიდავენ გადაუჭრელი პრობლემების და კომპლექსების ტვირთს. ამ ყველაფერს ფონად მზრუნველი მშობლის,მეტწილად დედის(შესაძლოა გამონაკლის შემთხვევებში მამისაც),ოხვრა გაყვება ხოლმე: რა დავაკელი?! ყველაფერი ჰქონდა?! ყველაფერი აქვს…

ასე შეწუხებული სახით ურევს შაქარს ჩაიში დედა და აწვდის თავის პატარა,30 წლის ბიჭს,რომელიც  „საკუთარ დედას მოტ***ვდა“ წუთში ორჯერ-ყოველი მეორე წინადადების დასაწყისში…

ის  მუშაობს კიდეც და ხელფასიც აქვს, უბრალოდ გასართობად მხოლოდ ძმაკაცებთან ერთად დადის. ასე აეწყო რაღაცნაირად. კი იცის რომ კლუბებში და სადღაც -სადღაც გოგოების გაცნობაც შეიძლება,შემდეგ ამ გოგოებთან ერთად დროის გატარებაც, კინოში წასვლა,კაფეში,დასასვენებლად…  საიდანღაც იცის ,საიდანღაც გაუგია თუ ფილმებში უნახავს,მაგრამ…“ კაი რა… მაგის დროც მოვა“- გაიფიქრებს და დედიკოს მიწოდებულ ტკბილ ჩაის მოსვამს. ასე არ ჯობია? უკვე „გამზადებული სიყვარული“,რომელიც  ულაგებს,ურეცხავს, აჭმევს,თან ასე სტაბილურად.

გასართობადაც რომ წაყვეს ზაფხულში და ერთად დაისვენონ რა მოხდება? ნუ  იტყვის რომ ძმაკაცებთან ერთადაა. შეიძლება ფიზიკურად არც იყოს, მართლაც, იქ დედა, მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა აქვს: 150- ჯერ დაურეკავს მობილურზე: ძილის წინ, ძილის მერე, ძილის დროს მისდ  ქოლებს დატოვებს…ჭამამდე, ჭამის მერე.. ზღვაში ჩასვლამდე… არ გაცივდეს, არ დაუბეროს, რამე არ დაჭირდეს… ცხოვრებამ არ შეაცდინოს…

ერთმა ფსიქოლოგმა გაკვრით ახსენა: ზედმეტი ზრუნვა ძალადობააო,მაგრამ ჟურნალისტმა ვერ ჩაიჭირა მომენტი, ვერც გაიგო მნიშვნელოვნება და თევზის თვალების ფახუნით სხვა თემაზე გადახტა…

კახეთის რომელიღაც სოფელში ინცესტის შემთხვევა დაფიქსირდაო-აღშფოთებულები ყვებოდნენ ქალები-სალონში მოვკარი ყური…

კი მაგრამ მთელს საქართველოში  ინცესტი არაა დაფიქსირებული და კულტურულ-ტრადიციული კონტექსტით შეფუთული?!-დიახ ინცესტი,ოღონდ ემოციური. მოიძიეთ სტატიები და გადახედეთ: ინცესტი მხოლოდ კოიტუსს  არ გულისხმობს…

ხშირად ადამიანები-დაბალ თვითშეფასებას საკუთარ უღირსობად აღიქვამენ და ამის სიღრმისეულ განცდას მთელი ცხოვრება გაურბიან,შემდეგ კი ბავშვებში პოულობენ „თავშესაფარს“, ოღონდ ამ ბავშვის საკუთრებად გადაქცევის მცდელობის ფასად.მისი დამოუკიდებლობის შებღალვის და თავისუფლების წართმევის ფასად.

როცა საკუთარ ბრძოლებ- წაგებული,ზრდასრული ადამიანი შვილთან ურთიერთობაში პოულობს  „გაქცევას“- ეს ერთი შეხედვით უწყინარი „ჩანაცვლება“ შესაძლოა მთელი ცხოვრება ტრავმად გაყვეს დაუცველი ბავშვის ფსიქიკას. ზედმეტი ჩართულობა  ბავშვის ცხოვრებაში, მისი საზღვრების შელახვა და უგულებელყოფა, არაჯანსაღ პატერნებს აყალიბებს. ამ დროს გარეგნულად მზრუნველი, „გადაფოფრილი“ დედა თუ მამა  არარეალიზებული ადამიანის საქციელს ნიღბავს, თან ისე რომ თავად შეიძლება ვერც აღიქვამდეს ამას.

რა გაუჭირდა ამ ადამიანს? რატომ გაეცალა თავის ცხოვრებას და გამოწვევებს? საკუთარ პირად ურთიერთობებს? რატომ მოუნდა ემოციურად „უსაფრთხო“ გარემო? -ეს ცალკე განხილვის თემებია. ერთი კი ცხადია- ამისთვის საკუთარ შვილზე უკეთესს ვის იპოვი?!

მართლაც, ის არასდროს მიგატოვებს, ვერც გიღალატებს, სულ ეყვარები ისეთი როგორიც ხარ.სწორედ ეს საჭიროებები უბიძგებს ერთი შეხედვით ზნეობრივ,წესიერ, შეიძლება ინტელექტუალურ ადამიანსაც კი ჩაებას ემოციურ ინცესტში: დაარღვიოს შვილის ფსიქოლოგიური საზღვრები- მისი ჯანსაღი განვითარებისთვის აუცილებელი.

ასეთი ბავშვები, როგორც  წესი, „ემოციურად უგუნურები“ იზრდებიან, აღარ იციან სად მთავრდება მათი რეალობა და იწყება სხვისი და შემდეგ ეს დასწავლილი ქცევა მათივე პირად ურთიერთობებში გადადის. ამ ჩაკეტილ წრეს კი ერის კულტურულ ცხოვრებას და ტრადიციებს ვარქმევთ სახელად და „დედიკო(თუ მამიკო) გენაცვალოს“ – „მოფერებით“  ვაგრძელებთ მანკიერ სვლას.

შემდეგ კი  გვიკვირს ფსიქოლოგებთან რიგები ახალგაზრდების- ურთიერთობების პრობლემებით. სულ საკუთარ დედასთან სექსზე რომ ფიქრობს და შეუკავებლად აჟღერებს ამას დღეში ათასჯერ,ლოგიკურია რომ ასეთ ახალგაზრდებს საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობა უჭირთ. .. გაოცებული დედები კი აგრძელებენ ჩაიში შაქრის მორევას, გვიანობამდე რეკვას- რატომ აგვიანებს ბიჭი, ძმაკაცებისთვის სუფრის გაშლას და დიდი დიიდი იმედით ელოდებიან რომ ღმერთი  შესაფერის რძალს მოუვლენს. შეიძლება „მოუვლინოს“ კიდეც,ოღონდ ხანგრძლივი დროით – ვერ…

როგორც შილერი ამბობს : „Mit der Dummheit kämpfen Götter selbst vergebens”…”Против глупости бессильны даже Боги”…

 

წყარო: ეგოცენტრული წითელქუდა

მსგავსი სიახლეები

კომენტარები