როგორ შეიძლება განვმარტოთ სიზმარი?

ძილი ადამიანური არსებობის უმნიშვნელოვანესი და განუყიფელი პროცესია. სწორი რეჟიმით ძილი მნიშვნელოვნად აისახება ჯანმრთელობასა და  ფსიქიკაზე. ადამიანი ცხოვრების 70  წლის განმავლობაში 13 წელს ლაპარაკში, 6 წელს ჭამაში, ხოლო 23 წელს ძილში ატარებს. სიზმარი და ძილი ერთმანეთისგან განუყოფელი ბუნებრივი პროცესებია. ფსიქიკის დონეზე აღიარებულია, რომ ადამიანი საკუთარ შეგრძნებებს, შთაბეჭდილებებს და  ემოციებს ღამით, ძილის დროს თავისებურად გარდაქმნის.

სიზმრის ფენომენი ყოველთვის საინტერესო იყო ყველა დროის ადამიანისთვის. უძველესი დროიდან ცდილოვდნენ გამოეყოთ და აეხსნათ ეს უცნაური და მისტიკური მოვლენა. უძველეს  შეხედულებათა მიხედვით, სიზმარი უმაღლეს ძალათა ზემოქმედების შედეგი იყო, ამიტომ ის ყოველთვის შეიცავს რაიმე აზრს, რომელიც ჩვენს მომავალს ეხება.

სიზმარს მხოლოდ ვიზუალური მხარე ახასიათებს, ზოგჯერ აბსტრაქტულია, ზოგჯერ კონკრეტული. არ აქვს სუნი, გემო, შესაძლოა იყოს  შავ-თეთრი ან  ფერადი. სიზმრის შემდეგ მხოლოდ იქიდან გამოყოლილი შეგრძნებები გვრჩება. სიზმარი ზოგჯერ ლოგიკურია,ზოგჯერ ალოგიკური. შესაძლოა დაგესიზმროთ, რომ წყალზე დადიხართ, დაფრინავთ ან უჩვეულოდ იქცევით. სიზმარი ჩვენი ფარული სურვილებისა და განზრახვების მაფიქსირებელია.

მიჩნეულია, რომ ყოველი ჩვენგანი ღამით საშუალოდ 5  სიზმარს ხედავს და  მხოლოდ ის ამახსოვრდება, რომელიც გაღვიძებამდე ნახა. სიზმარი სულ რამდენიმე წამს გრძელდება და ჩვენი  შეგრძნება, თითქოს ეს პროცესი მთელი ღამე ან რამდენიმე საათს გძელდებოდა, მცდარია. არისტორელეს  მსჯელობით, სიზმარი სულიერი ცხოვრებაა, რომელიც რაღაცით ჰგავს  რეალურ, ფხიზელ ცხოვრებას, თუმცა მაინც მკვეთრად განსხვავებულია.

სიზმარზე საუბრისას, მნიშვნელოვანია ვახსენოთ ზიგმუნდ  ფროიდის მონოგრაფია „სიზმრის   ახსნა“. ეს უმნიშვნელოვანესი ნაშრომია ფროიდის ფსიქოანალიზის დარგში, სადაც   ჩამოყალიბებულია მოძღვრება არაცნობიერის შესახებ. მან აღმოაჩინა, რომ ცნობიერების მიღმა  დამალულია სხვა, პიროვნებისთვის გაუცნობიერებელი სურვილები და მისწრაფებები. ფროიდს მიაჩნია, რომ ძილის დროს გამორთულია ცნობიერების ნებითი კონტროლი, ამიტომ  სიზმრები  საშუალებას გვაძლევს, შევისწავლოთ ადამიანის გაუცნობიერებელი ფსიქიკური  გამოვლინებები. ინდივიდის გაუცნობიერებელი სურვილები პირდაპირ პროპორციულად შეესაბამება  სიზმრის  შინაარსს.

ზოგიერთი  მოაზროვნის  შეხედულებით, სიზმარი მომდინარეობს ფსიქიკური აგზნებისგან და იმ    სულიერი ძალებისგან, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში ვერ პოულობენ გამოხატვის გზებს. სიზმრების განხილვა და ახსნა სულაც არ მოითხოვს მისნობას, ან ჯადოქრობის  ცოდნას. სპეციალისტებთან სიზმრების განხილვა დაგეხმარებათ იპოვოთ ძილის ხელისშემშლელი  ფაქტორები და აღმოაჩინოთ ის ფსიქიკური არაცნობიერი თქვენში, რომლის შესახებაც თავადაც არ იცით.

სიზმრების სამყარო  რეალურისგან მკვეთრად განსხვავებულია, მაგრამ ძილში, ისევე როგორც ცხადში ყველაფერს  თავისი ახსნა და ლოგიკური გასაღები მოეძებნება, ამიტომ ნუ დატოვებთ ყურადღების  მიღმა თქვენს სიზმრებს, იქნებ ყველაზე რეალური თქვენ  სწორედ იქ  ხართ?

წყარო: cp.ge

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები