მწერალი ხანჯლის ქვეშ

0
20

არც ისე ძველი დროის ამბავს გიყვებით:

“სტალინი არის ის ადამიანი, რომელიც დაჯიდლოვებულია მეტად დიდი ნიჭით. იგი მე გაცილებით ნიჭიერ კაცად მეჩვენებოდა, ვიდრე ისინი, რომლებიც კაპიტალიზმს აშენებდნენ”.
ბერნარდ შოუ, 1931 წელი.

თუ ოკეანასიგაღმელს ასე ეჩვენებოდა, მთლად რკინის ფარდა შემოსალტულს რაღა დაემრთებოდა – დასძენთ თქვენ. თან ეს უცხოელიც მარტო ხომ არ იყო, ფოიხტვანგერი მთლად 37 წლის მოსკოვზე წერს აღმატებით და მრავლად ა.შ. (თუ ჟიდის გამონაკლისს და სელინის უცნაურობებს არ ჩავთვლით).

მაგრამ თუ იქეთურს ეჩვენებოდა (ან აჩვენებდნენ), აქაურს მოჩვენებისთვის როდი სცხელოდა. როცა საჭირო იყო, წყლიდან ამოიყვანეს და ,,გარჩენილი ვარ ქვებზე კალმახი’’ რომ დაწერა, ფეხებით (თუ სხვა ადგილით არა) დაკიდეს. ლიტერატორებზე მოგახსნებთ.

ლიტერატურა პროპაგანდის უმთავრეს იარაღად იქცა, ხოლო ,,ჩვენს აგიტაციას უდიდესი ძალა აქვს, იმიტომ, რომ იგი მართალია, იმიტომ იგი ემყარება მარქს-ენგელს-ლენინ-სტალინის მოძღვრებას’’(პრავდა, 1935 წელი)

ჰოდა, გავეცნოთ, თუ როგორ იყენებდა იმ პერიოდის უმძლავრესო ორგანო – ბეჭდური მედია, ამ იარაღს:

საბჭოთა პერიოდის ერთ-ერთი პირველი საინტერესო ფენომენი მწერლობაში მუშათა გაწვევა გახლდათ. ფაბრიკა-ქარხნებიდან მოყვანილ ადამიანებს, რომლებიც იდეურად უფრო სანდონი იქნებოდნენ, მასტერკლასებს ცნობილი ავტორები უტარებდნენ. მაგალითად, 1935 წლის გაზეთი „კომუნისტი“, სტატიაში  – „ტფილისის ლიტწრეების საქალაქო შეკრება“ წერდა: „8 ივნისს მწერალთა სასახლეში გაიხსნა ტფილისის ლიტერატურული წრეების საქალაქო შეკრება-კონფერენცია. მწერალთა კავშირის მდივნის, ამხ. ბესო ჟღენტის[12] შესავალი სიტყვის შემდეგ საანგარიშო მოხსენებით გამოვიდა საქ. მწერალთა კავშირის მასობრივი სექტორიდან ამხ. ვ. წულუკიძე. ამის შემდეგ შეკრებამ მოისმინა პლეხანოვის კლუბთან არსებული ლიტწრის ხელმძღვანელის, მწერალ იასამნის თანამოხსენებები. მოხსენებაში გამოირკვა, რომ ამ წრეებში ლიტერატურის სწავლება და მუშაობა კარგად მიდის, განსაკუთრებით აღსანიშნავია პლეხანოვის სახელობის კლუბთან არსებული ლიტერატურულ წრის მუშაობა. გარდა იმისა, რომ წრეში მეცადინეობენ ენაში და სწავლობენ თანამედროვე მწერლობას, მათ განზრახული აქვთ იმუშაონ ფაბრიკა-ქარხნების ისტორიაზე, ამ მხრივ წრეს მეტად სერიოზული მუშაობა მოუხდება და მისთვის ეს არც ისე ძნელი საქმე იქნება, რადგან წრეში მუშაობენ ტფილისის რკინისგზის დეპოების და სახელოსნოების მუშები და მათი შვილები. შემდეგ კონფერენციამ მოისმინა პოეტ ვალერიან გაფრინდაშვილის მოხსენება დამწყებ მწერალთა შემოქმედების და მათთან მუშაობის შესახებ. მან გაარჩია რამდენიმე ახალგაზრდა მწერლის მხატვრული ნიმუში და ხაზგასმით აღნიშნა ცნობილ და გამოცდილ მწერალთა დახმარების აუცილებლობა.

გაფრინდაშვილის მოხსენების შემდეგ, საკუთარი ლექსებით გამოვიდნენ სხვადასხვა ლიტწრის წევრები ქისტაური და ტალაშვილი (ჰასაკოვანთა ათწლედი), აბიაშვილი და ხეველი (ვოროშილოვის კლუბი), ტაბატაძე, გაგოშიძე და ჯავრეიშვილი (პლეხანოვის კლუბი), რატიშვილი (ნავთლუღის რკინისგზის კლუბი) და ფერაძე (პოლიგრაფ–სკოლა).

განსაკუთრებით საინტერესო იყო მწერლობის მომავალი კადრების გამოსვლა; ეს გამოსვლა ხელმძღვანელ მწერალთა ენერგიული და სწორი მუშაობის ცოცხალ დემონსტრაციად იქცა. მეტად კარგი შთაბეჭდილება დატოვეს და აუდიტორიის მქუხარე ტაში დაიმსახურეს პლეხანოვის სახ. კლუბთან არსებულ ლიტწრის წევრებმა ტაბატაძემ და რკინისგზელი მუშის შვილმა, 12 წლის გაგოშიძემ.

მოსმენილ მოხსენებათა და ახალგაზრდა ავტორების ნაწარმოებთა გარშემო გაიმართა ცხოველი აზრთა გაცვლა-გამოცვლა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მწერლებმა – ნიკო ლორთქიფანიძემ, ლეო ქიაჩელმა, იოსებ ტატიშვილმა, დუტუ მეგრელმა, მწერალმა ქალმა ცქვიტმა, დანარჩენი მწერლების ხელმძღვანელებმა და ტფილისის ფაბრიკა-ქარხნების წამომადგენლებმა. კამათში გამოირკვა სხვათა შორის ერთი მთავარი დამაბრკოლებელი მიზეზი ლიტწრეების მუშაობისა, ესაა პროფორგანიზაციების მიერ მუშათა ლიტწრეების მნიშვნელობის აშკარა შეუფასებლობა. ეს იმით გამოიხატა, რომ არ გაუნაღდებიათ წრეებისთვის გამოყოფილი თანხები. ეს მომენტი განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნა თავის შემაჯამებელ სიტყვაში მწერალთა კავშირის პასუხისმგებელმა მდივანმა დემეტრაძემ. შეკრება-კონფერენციამ დ.დემეტრაძის დასკვნითი სიტყვით დაასრულა მუშაობა“.

როგორც აღმოჩნდა, პროფორგანიზაციები უნებლიეთ, მაგრამ როდი „ცდებოდნენ“, ვერა და ვერ ისწავლეს ამ პატიოსანმა ადამიანებმა ლექსის წერა, ამიტომაც მათგან ახალი ფენომენის – მუშკორის (მუშაკორესპოდენტის) ძერწვა დაიწყეს. მათ უკვე გარითმვას იშვიათად ავალებდნენ, მაგრამ წერის სტილი აუცილებლად მხატვრული უნდა ყოფილიყო – პათეტიკური და მეტაფორული.

თუ რა სტილით მოღვაწეობდნენ მუშკორები და რა ფუნქცია ჰქონდათ დაკისრებული, ამ ორი ამონარიდიდან ცხადად შეიტყობთ:
გაზეთი „კომუნისტი“, 1937 წელი, 5 მაისი: –მუშათა და გლეხთა ინსპექციის ფურცელი. წერილი სასამართლოს ბლაკატ ყაველაშვილზე: „გასაკვირი ისაა, რომ ეს კაცი ასე დაუსჯელად დადის დღემდე და მას საშულება ეძლევა „იბლაკატოს“ საბჭოთა სასამართლოში. ყივის ყაველაშვილი საჯიშეთ შემონახულ მამალივით. ყივის და საკენკსაც ბლომად შოულობს. როდის უნდა დადგეს ამ მამლის „განკითხვის დღე?“ ნუ თუ ამისთვისაც ყველიერია საჭირო?“

მუშკორები აქტიურად იყვნენ ჩართული ანტირელიგიურ კამპანიაში. ამ კამპანიისას არსებული რელიგიური სისტემების (ქრისტიანობა, ისლამი და სხვა) ჩანაცვლება ახალი რელიგიური პანთეონით ხდებოდა, რომელსაც საკუთარი ღმერთები (მაგ: ლენინი, სტალინი), ნახევარღმერთები (მაგ: ბერია, მოლოტოვი), კერპები (მაგ: ჰიდრო–ჰესი, სილოსი) ჰყავდა.

მაშინ ხშირად იმართებოდა ამგვარი პროცესები.

ლენრაიონის კომკავშირელების „სააღდგომო“ (1928 წლის 13 აპრილი): „უკვე ორი კვირაა, რაც ლენინის რაიონში დაიწყო ანტირელიგიური კამპანია. კომკავშირის უჯრედებში დაისვა მოხსენებები სააღდგომო დღესასწაულის მავნებლობის შესახებ. უჯრედების საერთო კრებებმა ერთხმად გამოიტანეს დადგენილებები აღდგომის დღესასწაულის წინააღმდეგ. იმ მიზნით, რომ ანტისააღდგომო კამპანიამ ფართო და მასიური ხასიათი მიიღოს, კვირას, 15 აპრილსა. ლ.კ.კ. ლენრაიკომი აწყობს მასიურ ექსკურსიას ზაჰესის მიდამოებში. ექსკურსიაში მონაწილეობას მიიღებს 4 ათასამდე კომკავშირელი, მათი მშობელი, ოჯახის წევრები და უპარტიო ახალგაზრდები. ადგილობრივ მოეწყობა კომკავშირელის გასამართლება, რომელმაც ჯვარი დაიწერა ეკლესიაში. გაიმართება ფეხბურთელთა გუნდების შეჯიბრი, ჯირითი, რბენა-წარმოდგენა და სხვ. გარდა ამისა, ექსკურსიის ადგილას გაიხსნება მიტინგი ანტირელიგიურ კამპანიასთან დაკავშირებით“.

ისეთი ლექსები იწერებოდა, სადაც ახალ ღმერთზე მინიშნება უკვე ცხადი ალეგორიის ამოცნობით შეგეძლოთ:

რუბრიკიდან – ანტისააღდგომო კამპანია
დღეს ჩვენ ახალი ზეიმი გავხსნათ,
ახალს რწმენაზე დაყრდნობით მტკიცედ
ცრუმორწუნეთა კვერცხი და პასკაც
და ცრუ აღდგომაც არქივში მივცეთ!
შორს ღრეობა და ნაყროვანება
და მასთან ერთად ცრუ ადათები,
სამაგიერო აღფრთოვანებას
ახალ დევიზით შევუთანხდებით.
ჩვენს თვალწინ უკვე მარცხდება ძველი
და ასპარეზი რჩება მომავალს,
ჩვენც საზეიმო ავსება გველის,
გამარჯვებულნი კვარცხლბეკს რომ ავალთ!
მაშ დღეს ახალი ზეიმი გველის,
ახალს რწმენაზე დაყრდნობით მტკიცედ
ცრუმორწუნეთა კვერცხი და პასკაც
და ცრუ აღდგომაც არქივში მივცეთ!

 

წყარო: mastsavlebeli.ge