ვენტვორტ მილერის მოულოდნელი კომენტარი საკუთარ ფოტოზე

ინტერნეტში სულ უფრო ხშირად ვხვდებით მემეებს, ყველანაირ საკითხთან დაკავშირებით. ზოგი მათგანი სასაცილოა, ზოგი კი, მაგალითად, Damn, Daniel! – დღემდე გაუგებარი. როდესაც ვენტვორტ მილერმა მასზე გაკეთებული მემე ნახა, ყველაზე პირადულ თემაზე დაიწყო საუბარი. საქმე ეხებოდა მომატებულ წონას და მის გამომწვევ ფაქტორებს.

,,დღეს ჩემზე შექმნილი მემე ვნახე ინტერნეტში. ეს პირველად არ ხდება, თუმცა კონკრეტული შემთხვევა წარსულიდანაა. 2010 წელს, გარკვეული მიზეზების გამო  ნაკლებად აქტიური პროფილი მქონდა. პირველი და ყველაზე მნიშნელოვანი – თვითმკვლელობაზე ვფიქრობდი. ახლა ამაზე ხშირად ვსაუბრობ, თუმცა მაშინ ჩუმად ვიტანჯებოდი, ისევე, როგორც უმრავლესობა. მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცოდა ჩემი გასაჭირის შესახებ. ტკივილის გასაყუჩებლად კი საჭმელს მივეძალე.

დეპრესიით ბავშვობიდან ვიტანჯებოდი. ამან უამრავი დრო, შესაძლებლობა და ურთიერთობა დამაკარგვინდა და ათასობით უძილო ღამე გამატარებინა. 2010-ში, ჩემი ზრდასრული ცხოვრების საწყის ეტაპზე ყველგან კომფორტს და სიმშვიდეს ვეძებდი. ამიტომ საჭმელს მივეძალე. ყველაფერს ვსინჯავსი, ნარკოტიკებს, ალკოჰოლს, სექსს, მაგრამ საკვები ერთადერთი იყო, რომლის იმედიც სულ მქონდა. იყო პერიოდები, როდესაც კვირის ყველაზე სასიამოვნო მომენტად კარგ სადილს და TOP CHEF- ის ყურებას ვთვლიდი. ასე მოვიმატე წონაში.

ერთ დღეს, როდესაც ლოს-ანჯელესში მეგობრებთან ერთად ვსეირნობდი, რეალითი შოუსთვის გადაღებები მიმდინარეოდა. მოულოდნელად პაპარაცებმა ფოტო გადამიღეს და დაიწყო მთელი რიგი კომენტარები ჩემს წონასთან დაკავშირებით.

პირველი, რომელმაც ცუდი ამბავი შემატყობინა, დედა იყო. რომელიღაც გამოცემამ ეს ფოტოები გაუგზავნა და მანაც შეშფოთებულმა დამირეკა. 2010 წელს, როცა ფსიქიკური პრობლემებით ვიტანჯებოდი, ყველაზე ნაკლებად ამის ნახვა მინდოდა.

მოკლედ რომ ვთქვა, გადავრჩი.

და ეს ფოტოებიც გადარჩა. ახლა მადლობელი ვარ. როცა ჩემს თავს ვუყურებ ამ წითელ მაისურში, უცნაური ღიმილით, იმდროინდელი ტანჯვა მახსენდება. თავიდან მათი ნახვისას ძალიან მეტკინა გული, მაგრამ შემდეგ ამანაც, როგორც ყველაფერმა ცხოვრებაში, სხვა დატვირთვა შეიძინა.’’

ამ განცხადების შემდეგ,  The LAD Bible-მა, რომელზეც ფოტო იყო გამოქვეყნებული, მსახიობს ბოდიში მოუხადა. ადმინისტრაციამ აღნიშნა, რომ აცნობიერებენ მენტალური პრობლემების სერიოზულობას და არ სურდათ, ცხოვრების მძიმე ეტაპი მისთვის ამგვარად შეეხსენებინათ. გვერდმა ვენტვორტ მილერის ფოტო წაშალა.

 

მოამზადა: თინა ღურწკაია

კომენტარები

მსგავსი სიახლეები