GUEST №13 in Cactus Bar

და თქვენ თუ გიყვართ მცენარეები?! არის ასეთი ეკლიანი და მწვანე – კაკტუსი ქვია. „ბინადრობს“ მექსიკაში და უდაბნოს უწყლობაშიც კარგდ გრძნობს თავს.

დალევაზე რას იტყვით ჩემთან ერთად, ან უბრალოდ უჩემოდ, ისევ თქვენ მეგობრებთან ერთად და ჩემზე ფიქრით?!

მოდი, წავიდეთ “Cactus Bar“-ში, სადაც არის ბევრი კაკტუსი, რომელსაც არ უნდა შეეხოთ და კაკტუსზე მეტი ტეკილა, რომელიც შეგიძლიათ დალიოთ იმდენი, რამდენიც შეგიძლიათ, ან არ შეგიძლიათ და მაინც დალიოთ.

ბევრი იარა თუ ცოტა ეკლიანმა კაკტუსმა, ჩამოიტანა ბევრი ტეკილა მექსიკიდან და ვახტანგ ბერიძის ქუჩაზე დაიდო ბინა. მეც იქ წავედი…

„პარასკევის საღამოა მშვიდი…“

“Cactus Bar“-ში სულაც არ იყო პარასკევის საღამო მშვიდი. ახალ გახსნილი ბარებისგან განსხვავებით, ის უკვე სავსე იყო და ძლივს გამოვნახე ჩემი კუთხე ერთ ჭიქა ტეკილასთან და ეკლიანი კაკტუსის გვერდით.

10 საათი, რომ შესრულდა, ფონური მუსიკა სანდრო იანკოვსკის “Live”-მა შეცვალა და მეც სულ დამავიწყდა, რომ “Cactus Bar“-ში სტატიის დასაწერად ვიყავი შესული.

– რატომ ქვია ბარს „კაკტუსი“?

ბარის ერთ-ერთი მეპატრონე „გამოვიჭირე“ და პასუხს მოთმინებით დაველოდე.

– არ მოგწონს?!

– არა პირიქით, კრეატიულია…

– ხოდა მაგიტომ, თან კაკტუსები მიყვარს…

გამეცინა. ბარის მეპატრონისთვის არ მითქვამს, რომ „კაკტუსში“ “GUEST №13“ იყო სტუმრად. სულ მალე კი მის ბარზე დაწერდა კრიტიკას.

კრიტიკაზე გამახსენდა… მოდი დავიწყოთ ყველაფერი თავიდან, მენიუდან… მექსიკელი კაკტუსის ჩამოტანილი ტეკილა სულ რაღაც 3 ლარი ღირს. “One Tequila… Two Tequila… Three Tequila – Floor!”. “Floor” არ ყოფილა… ყველაფერი მხოლოდ ახლა „გრძელ კუნძულზე“ მოგზაურობით იწყებოდა… არ ვიცი თქვენ როგორ ხართ კოქტეილებთან, მაგრამ მე “Long Island”-თან საკმაოდ „მეგობრული“ დამოკიდებულება მაქვს. და თქვენც თუ გიყვართ “Long Island”-ი, მაშინ წადით “Cactus Bar“-ში! „გრძელ კუნძულზე მოგზაურობა“ მხოლოდ 15 ლარი დაგიჯდებათ, თუმცა აქ ფასი არ არის მნიშვნელოვანი.

 

თბილისის უმეტეს ბარ-რესტორნებში უკვეთავ “Long Island”-ს და მოაქვთ მისი პროვოკაცია, რომელშიც შედის გაზგასული „კოკა-კოლა“, 60 გრამი არაყი, თუ გაგიმართლათ 30 გრამი ვისკი და თქვენც გაბითურებულ-ფხიზელი რჩებით. “Cactus Bar“-ში კი იდეალურად შეენარჩუნებინათ “Long Island”-თვის „ნამდვილი სახე“. ბარმენი თიკო ნამდვილად არ იტყუებოდა და ღიმილით ემსახურებოდა მთვრალ-ფხიზელ სტუმრებს.

12 საათისთვის “Cactus Bar“-ში ადგილი თითქმის აღარ იყო და მომსახურე პერსონალს უკვე მეპატრონეებიც ეხმარებოდნენ.

– და ნარდის თამაში თუ გიყვართ თქვენ?

“Cactus Bar“-ში შეგიძლიათ ითამაშოთ კიდეც. მეც სწორედ ასე მოვიქეცი და ყოველგვარი თაღლითობის გარეშე კიდევ „ერთი ბილეთი“ მოვიგე „გრძელ კუნძულში“ სამოგზაუროდ.

და როგორც ყველაფერს, “Cactus Bar“-ც აქვს ერთი მინუსი. მისი ფართი უნდა იყოს უფრო დიდი, რომ უფრო მეტმა ადამიანმა შეძლოს მასში მოხვედრა, რადგან იქ შესული სტუმარი დიდი ხნით რჩება…

1 საათისთვის უკვე სრული მასალა მქონდა “Cactus Bar“-ზე მოპოვებული და მეც სახლისკენ წამოვედი ბლოგის დასაწერად.

დღეს ოთხშაბათია. 2 დღეში პარასკევი. მოემზადეთ, თქვენ, თქვენ და თქვენ “GUEST №13“ თქვენთან მოდის!

 

 

GUEST №13

კომენტარები