მე აქსელერისტი ვარ

მარტოობის, სიცივისა და ზამთრის ფიქრები ყოველთვის უფრო ღრმად შემოდიან ჩვენს აზროვნებაში. ადამიანები, რომელთაც საერთო მოგონებები აკავშირებთ ვერასდროს გახდებიან უცხონი. მათი გულები უბრალოდ ზედმეტად შორს არიან ერთმანეთისაგან და სწორედ ამიტომ ჩხუბობენ ამდენს. ყოველთვის კარგია გვერდით იმ ადამიანის ყოლა, რომელიც გაგიგებს და მოგისმენს ან უბრალოდ დაგეთანხმება ყველანაირ სისულელეზე. ეს ამბავი მაშინ დაიწყო როდესაც ბავშვებს მოუნდათ, რომ ცას მიმწვდარიყვნენ და მარადისობაში შეეტოპათ, როგორც  მოგზაურებს. ყველა რაღაცას ეძებს ცხოვრებაში, რაღაცას ან ვიღაცას.

არც ის იყო გამონაკლისი. მისი ვარდისფერი სათვალე ისევ თავის განკუთვნილ ადგილას იყო, მოუხსნელი და დაუმტვერავი. როგორც დიდები იტყვიან რეალობას არ უყურებს და ბავშვობაში ჩარჩაო. შეიძლება ასეც ითქვას. ზამთარი უკვე ზედმეტად ახლოს იყო ქალაქთან და სიცივეც არ დაეშურებინა. გეგონებათ ახალი წევრი შემოემატა ბუნებას, რომლის წასვლის შემდეგ გულის ტკენის გარდა არაფერი გვრჩება. მისი თვალები ბევრად მეტს გეტყვიან ვიდრე უბრალოდ წამოსროლილი სიტყვები. ბავშვობა ზედმეტად დიდი ხანი გაუგრძელდა და ვერც აღწევს ამ ასაკს თავს. სიცივეა, სადაცაა თოვლი წამოვა და ცას დღის განწყობას შეუცვლის.

დღეს დილას გუგას ადრე გამოეღვიძა და რაღაცის შეცვლა მოუნდა. სააბაზანოში შესვლისთანავე სარკეში ჩაიხედა. თვალები აუციმციმდა და მაშინვე დაავლო ხელი საპარსს. ათ წუთში სარკეში სხვა ადამიანი იყურებოდა, რომელიც გაოცებით შესცქეროდა საკუთარ ნაკვთებს. მახსოვს ვიღაცამ მითხრა ადამიანი სამ განზომილებაში უყურებს საკუთარ თავსო: პირველი როგორ ხედავენ მას სხვები, მეორე როგორ ხედავ შენ, საკუთარ თავს და მესამე როგორ გინდა რომ შემოგხედონ. რაც უფრო ახლოს არის ეს სამი განზომილება ერთმანეთთან მით უფრო უახლოვდები სამყაროს და უფრო სტაბილური ხდები. გუგამ სარკეში იყურა, იყურა და ხმის ამოუღებლად გავიდა ოთახში, სადაც მას ზამთრის ტანსაცმელი გამალებით ელოდა.

დღეს 13 დეკემბერია. სიარულის დროს რატომღაც სულ უკან გამირბის თვალები. ამ დროს  სხვის ნაბიჯებს ვაკვირდები და არა მათ პატრონს, რომელიც აუტანელ სიცივეს სულ უფრო სახალისოს ხდის ჩემთვის. დღესაც ჩვეულებრივ უკან გავიხედე და ჩემს მოშორებით მოსიარულე სილუეტისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. მისი ხმამაღალი სუნთქვა, ან უბრალოდ გაციებისგნ უნებური ხვნეშა, ყურებში ჩიტების ჭიკჭიკივით ჩამესმოდა. თვალები არ დამემორჩილნენ და ისევ უკან გახედვა მომინდა, მაგრამ შევამჩნიე რომ სილუეტს ჩემთვის მხარი აება და ჩემს სისწრაფეს საოცარი სიზუსტით იმეორებდა. გავხედე, ნაადრევი ნაბახუსევი ეტყობოდა სახეზე. რაღაცას ეძებდა, თვალებით ჩანთაში ჩამიძვრა და ერთი ღერი მთხოვა. მეც დაუყონებლივ ამოვაცალე ჩანთას ახალი ნაყიდი კოლოფი და გავუწოდე.

თქვენ გჯერათ ადამიანის ერთ დღეში კარგად გაცნობის?! მე არა. დღითიდღე უფრო მიჭირს, რომ ახალ ნაცნობს დავუჯერო და არ მინდა მის გამოგონილ ამბებში იმ ჩიტივით გავეხლართო, რომელიც ფრენას ახლა სწავლობს.

ათი, თერთმეტი, თორმეტი და ჩემი ნაბიჯების რაოდენობა უცებ მან დაარღვია სლოკინის გაუჩერებლი ხმით. გუგა, გუგა, გუგა! უცნობი ბიჭი გუგა, რომელიც ჩემი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ჩემი ოცნებების ერთი დიდი ფანტაზიაა, რომელიც ყველა ადამიანში ცხოვრობს. განურჩევლად გოგო იქნება ის თუ ბიჭი. თითოეულ მათგანში რაღაც ჩემსას და თავისას პოულობს, ცდილობს რომ შეცვალოს და მერე სულ ასეთი გამვლელის სახით მევლინება ქუჩაში. მე იგი დღითიდღე მცვლის, ხასიათს მიფუჭებს ხანაც პირიქით, ღრუბლებივით დამაფრენს ცაში. ის სულ ჩემშია და არასდროს მტოვებს. ამიტომ მარტივად შემიძლია ვაღიარო, რომ მე თითქმის ყოველდღე ვწვდები ცას მისი დამსახურებით, რომელიც ნებისმიერ ადამიანში თბილ და მყუდრო ადგილს გამოძებნის და იქ დაიწყებს არსებობას.

დღეს 13 დეკემბერია. ჩემი თვალები ახლა უკვე გვერდით მიმავალ სილუეტს უყურებენ. ის მოუთმენლად ელის ჩემს აზრს თავის შეთხზულ ნაამბობზე, რომელიც არაფრით წააგავს ნამდვილს. ვარდისფერი სათვალე ადგილზეა. დიახ, ახლაც ამ სიცივეშიც მისი თვალები უფრო მეტ სიმართლეს მეუბნებიან, ვიდრე ჩვენს გარშემო მიმოფანტული სიტყვები. აუტანელი სიცივე ამარცხებს ფიქრებს ჩემს ტვინში და ჩვენი ერთობლივი გზა დასასრულს უახლოვდება.  იმედი მაქვს კიდევ შევხვდებით გუგა, დღეს თუ აღარ ხვალ მაინც.

 

სალომე ბოჭორიშვილი,
15 წლის

კომენტარები

მსგავსი სიახლეები