,,ფანART“-ის მესამე დღე

ფესტივალ,,ფანART”-ის  მესამე დღე სოციალურ ტელემედიასა და კინოს დაეთმო. საღამო ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა, მას ცენტრის კულტურული და სპორტული პროგრამების დეპარტამენტის  უფროსი, თეა ყიფშიძე უძღვებოდა.

სოციალური ტელემედიის კატეგორიაში, მაყურებელი თომა ჩაგელიშვილის ნოველას გაეცნო  ჟურნალისტური ეთიკის შესახებ. ნოველაში განხილული იყო მნიშვნელოვანი პრობლემები, რომელთაც ჟურნალისტები პროფესიული საქმიანობის შესრულებისას აწყდებიან. ითვალისწინებენ თუ არა ისინი, რამხელა გავლენის მოხდენა შეუძლიათ აუდიტორიაზე,  რამდენად აქცევენ ყურადღებას ეთიკურ ნორმებს, როცა ამბავი საინტერესოა და რეიტინგის მოტანა შეუძლია. უნდა იყოს თუ არა დასახელებული მსხვერპლის ვინაობა პირდაპირ ეთერში, მიზანშეწონილია თუ არა ფარული ჩანაწერების გაკეთება, როგორ შეიძლება ჟურნალისტმა მოახდინოს ფაქტის არასწორი ინტერპრეტირება, როგორ ავარიდოთ თავი ციტატის დამახინჯებას, როგორ დავიცვათ ანონიმური წყარო – ეს ის საკითხებია, რომლებიც სასწავლო ნოველაში იყო განხილული. მოცემულ მაგალითზე კომენტარი გააკეთეს ექსპერტებმა მედია საკითხებში: თამარ ხორბალაძემ, ნინო ჯაფიაშვილმა და დაჩი გრძელიშვილმა. ჩვენების შემდეგ საღამო კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დისკუსიაში  დამსწრე საზოგადოება აქტიურად ჩაერთო, საკუთარ აზრს გამოხატავდნენ როგორც ჟურნალისტები, ასევე განსხვავებული პროფესიის ადამიანები.

კინოს კატეგორიის კონსულტანტმა, რეჟისორმა გოგი დოლიძემ ხუთი რჩეული ფილმი წარმოადგინა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, არსებობდეს ორგანო, რომელიც დაინტერესებულ ახალგაზრდებს პროფესიულ დონეზე გაუწევს კონსულტაციას. ,,კადრზე ბევრი ფიქრია საჭირო, მას აგება უნდა, ყველა ნიუანსი უნდა იყოს გათვალისწინებული. არ იქნება ურიგო, თითოეულ მონაწილეს შევხვდეთ. ცხოვრება ფესტივალის შემდეგაც გრძელდება. უამრავი თემა არსებობს, მთავარია მათ დანახვა შეგვეძლოს. თუ ნიჭი და სურვილი გაუჩნდება ვინმეს, ვალდებულები ვართ ხელი შევუწყოთ მათ,  მიმართულება მივცეთ.“ განაცხადა მან.

რჩეული საფესტივალო ფილმები გახდა: გიორგი გიუნაშვილის ,,სიცოცხლის წვეთი“, ანანო მჟავანაძის ,,შატალო“, გვანცა ჟღენტის ,,პირველი მამონტი“, გიორგი ფსიტიძის ,,ტფილისიდან თბილისამდე“ და სოფო ჭინჭარაულის ,,ხუთი პური და ორი თევზი“.

ხვალ ფესტივალის სივრცე როკს და ალტერნატივას დაეთმობა.

 

თინა ღურწკაია

კომენტარები

მსგავსი სიახლეები