GUEST №13 in Café-Restaurant Ambar

როგორი შეიძლება იყოს ორშაბათი დილა? ალბათ მძიმე – ნებისმიერი თქვენგანისათვის. პარასკევი-შაბათის გართობით გაბრუებულები, პირდაპირ ორშაბათის „სასტიკ“ რეალობაში ვხვდებით.

8 საათზე მაღვიძარა რეკავს. გარეთ ისევ ცივა და ჩვენ ისევ გვეზარება ჩვენ-ჩვენი სამსახურები.

ჩემი ორშაბათ დილა სხვებისგან განსხვავებულია. ძირითადად სახლიდან ვმუშაობ, ამიტომ 8 საათიანი ძილის „გამოცხობის“ შემდეგ ვიღვიძებ, რომ ჩემი პროდუქტიულობა არ დაეცეს. შემდეგ კი გემსგავსებით ისევ თქვენ და ვიღებ სკამის თუ კომპიუტერის ფორმას. და მაინც, ნუ აღფრთოვანდებით ჩემი მოჩვენებითი და ვითომ-ვითომ თავისუფლებით. მე შაბათსაც ვმუშაობ, კვირასაც და ღამის 3 საათზეც. სწორედ, ამიტომ არ ვიღვიძებ დილის 8 საათზე. ესეც ჩემი მონეტის მეორე მხარე!

ეს ორშაბათი კი მეტად დატვირთული აღმოჩნდა… ტელეფონი არ ჩერდებოდა… ვწერდი სტატიებს… ვმუშაობდი  პროექტებზე და შედეგად, 6 საათზე მე აღარ ვიყავი მე!

– გამოგივლი და გავისეირნოთ…

ეს მე ვიყავი. ადრესატი კი ჩემი მეგობარი – მაშო. ვთვლი, რომ ნებისმიერი რთული სიტუაციის გამოსავალი სეირნობაა. სწორედ ამიტომ თქვენ ხშირად მხვდებით ქუჩაში წვიმიან თუ მზიან ამინდში, მაგრამ არა ქარიანში. ვერ ვიტან ქარს!

ცოტა ხანში უკვე მრგვალ ბაღთან ვიყავი, მაშოსთან და  ირინკასთან ერთად.

მალე ჩვენი სეირნობის გეგმა კაფე “Ambar”-ში შესვლით შეიცვალა. ირინკას თქმით, იქ უგემრიელესი ნახევრად ტკბილი წითელი ღვინო გველოდა. არც თუ ისე ცუდი გაგრძელება მძიმე ორშაბათი დღის.

კაფე “Ambar”-ი აბაშიძის №9-ში მდებარეობს. ისინი სულ რაღაც 2 კვირაა გაიხსნენ და შეძლებისდაგვარად ცდილობენ ბაზარზე თავის დამკვიდრებას. მათი ხეში გადაწყვეტილი ინტერიერი, Pub-ს მოგაგონებთ. მაგიდები ხისაა, სკამების ნაცვლად კი რბილი ტახტები დგას, თან საკმაოდ კომფორტული.

ჩვენი ოფიციანტი ახალგაზრდა გოგო აღმოჩნდა, რომელიც ღიმილით გვემსახურებოდა და მისგან დავალებულად თავს არ ვგრძნობდი.

ირინკას არჩევანს ბრმად მივენდე და ინტერიერის შეთვალიერება დავიწყე. ჩვენი მაგიდის ჯერიც დადგა! მაგიდაზე შესვლისთანავე შევნიშნე ერთჯერადი ქაღალდის თეფშის დასაფენები. მასზე “Ambar”-ის მენიუ იყო წარმოდგენილი, როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით.

ასეთი ერთჯერადი ქაღალდები არა ერთ კაფე-რესტორანში მინახავს. მისი მოხმარების წესი კი შემდეგია: კაფეში შესული ჯდები ცარიელ და სუფთა მაგიდასთან, შემდეგ მოდის ოფიციანტი, ინიშნავს შენს შეკვეთას და მხოლოდ ამის შემდეგ მოაქვს ერთჯერადი ქაღალდის თეფშის დასაფენები. შენი წასვლის შემდეგ კი ნაგვის ურნაში ყრის.

აქ კი შესვლისთანავე დაგვხდა მაგიდაზე დასვრილი ქაღალდი, რომელიც ჩემამდე შესულმა სტუმარმა მოიხმარა და ახლა ჩემ წინ ეფინა. მშვიდად დაველოდე, როდის გამომიცვლიდნენ ერთჯერად ქაღალდის დასაფენს. სამწუხაროდ არ შეუცვლიათ. ეს კი იგივეა, ჯერ თქვენ გაიწმინდოთ კერძიანი ხელი ხელსახოცზე და შემდეგ მე გამომიწოდოთ.

სულ მალე მივხვდი, რომ ერთჯერად ქაღალდის დასაფენს არავინ შემიცვლიდა და შეიძლება ჩვენს შემდეგ მისულ სტუმარსაც იგივე დახვედროდა. ჩვენი ოფიციანტი არაერთხელ მოვიდა ჩვენ მაგიდასთან, თუმცა სიგარეტის ნამწვებით გავსებული საფერფლის შეცვლა, მხოლოდ მეოთხე ჯერზე გადაწყვიტა. მწეველი ვარ, სიგარეტიც მიყვარს, მაგრამ საფერფლის „სურნელს“ ნამდვილად ვამჯობინებ “Chanel”-ს.

ამ არაჰიგიენურ ფაქტს ნუ დააბრალებთ ოფიციანტის უყურადღებობას. ის არაფერ შუაშია. პრობლემის საწყისი კაფე “Ambar”-ის მეპატრონე და მისი ცუდი მენეჯმენტია.

 

15.03.2016.

BY GUEST №13

კომენტარები