საყვარელი დღე

ბავშვობიდანვე მიტაცებდა ხატვა. მაშინ არც მუზა ვიცოდი რა იყო და არც შთაგონება. ამიტომ ბევრი ემოცია არც იყო საჭირო, რათა სკამზე მოვკალათებულიყავი და ხატვა დამეწყო. მაშინ არც ბებიაჩემი არ მეხვეწებოდა ფანქარი ხელში დაიჭირეო, არც დედაჩემი. ახლა კი დიდი, უსერიოზულესი მიზეზი მაქვს იმის, რომ არ ვხატავ. მუზა არ მოდის! ვამბობ ხოლმე და საკუთარ თავს გაუჩერებლად ვატყუებ. ბოლო გადაწყვეტილების მიღება კი საოცრად მიჭირს. გადავწყვიტავ ჩანახატის გაკეთებას, მოვიმარჯვებ ყველაფერს და იმ წამსვე სხვა რაღაცაზე გამირბის ყურადღება.

თუ არ ვცდები 12 წლის ვიყავი, როდესაც ფორტეპიანოდან საბოლოოდ გამოვედი. ბალეტსაც დავემშვიდობე და ხატვა კვლავ ჩემს მეგობრად ვაქციე. მაშინ ბებიაჩემი ცოტა ხნით გადმოსულიყო ჩვენთან. ზაფხულის მზე აცხუნებდა და პიანინოზე მოფრენილ მტვერს სულ უფრო თვალსაჩინოს ხდიდა. იმ დღესაც ვიცოდი, რომ რაღაცას ჩემი ნებით თუ არა ბებიაჩემის თხოვნით მაინც დავხატავდი. ჩემს ოჯახში ყველა ხატავს. სათითაოდ ყველა. უცნაურია და არც მიკვირს, რომ ხატვის პატარა ნიჭი მეც გამომყვა. ჩემი დის ოთახში ვიჯექი და ფანჯრიდან ეზოს ვუყურებდი. ხეები ფოთლების კორიანტელში გახვეულიყვნენ. ამიტომ მათ გარდა ვერაფერს ვხედავდი. ბებიაჩემი სამზარეულოში სასიამოვნოდ მიდი-მოდიოდა. მწვანილს წყალს ავლებდა და კარადის ბოლო თაროზე მდგომ ფერად ჭიქებს მაგიდაზე დგამდა. სამზარეულოში შესულს გამხმარი ვაშლი და ჭიქები დამანახა. ფურცელი მომაწოდა, ფანქარი ხელში დამაჭერინა და გამიღიმა. ლურჯი ჭიქის შუქს მზე აუტანლად ირეკლავდა. მაშინ ალბათ არც დავკვირვებივარ ფერთა წყობას. გახსენებისას კი თვალებს ფერადი ჭიქების ანარეკლები მატკიებს. ვიჯექი და ვხატავდი, ყურადღებას არ ვაქცევდი სითბოთი სავსე ბებიაჩემს. უსიცოცხლო ნახატი, რომ დავამთავრე ფანქარი გვერდით გადავდე და ხმის ამოღებაც  არ დამჭირდა ისე სწრაფად მომიახლოვდა. მის ხელებს ნახატი ამაყად ეჭირა. ვერც კი წარმოვიდგენდი რა დიდი ბედნიერებაა, როდესაც ხედავ, რომ ადამიანი შენს გვერდით ბოლომდე ადამიანად რჩება.

მზის სხივები დავიწყებულ ფორტეპიანოს აცხუნებდნენ და წართმეულ ცხოვრებას უკან უბრუნებდნენ. ბებიაჩემის გამხდარ ხელებს ნახატი დინჯად, მაგრამ კანკალით ეჭირათ. რომ შევხედე უცნაური სიამოვნება ვიგრძენი. ,,ცხოვრება ჩვენშია და არა ჩვენს გარშემო’’ – თედორე დოსტოევსკი.

 

სალომე ბოჭორიშვილი,
15 წლის

კომენტარები

მსგავსი სიახლეები