დღის facebook პოსტი: ჩვენ შევძელით საზოგადოებაში ყველაზე დეფიციტური რამ – სოლიდარობა გვექცია მოძრაობის საკვანძო სიტყვად

გუშინ ღამე – დილამდე ყურში მხოლოდ სასტვენების და სკანდირებების ხმა მესმოდა, ერთი პერიოდი ვიფიქრე, ცუდადაა ჩემი საქმე-მეთქი, მაგრამ თურმე სხვა თანამებრძოლებსაც ღამე დაახლოებით ასეთები ესმოდათ, როცა მარტო რჩებოდნენ 115-ე აუდიტორიაში თუ დერეფნებში. რეალობასა და ილუზიას შორის დარჩენილი, შინაგანად მე ვყვიროდი ”ავტონომიააას” და მევე ვპასუხობდი: ”უნივერსიტეტს!”. როგორც მუსიკიდან მისამღერი გამახსოვრდება ყველაზე მეტად, ისე სიტყვათშეხამება ”ავტონომია უნივერსიტეტს” მუდმივად მიმეორდებოდა გონებაში. უნივერსიტეტიდან სახლში ფეხით წავედი და გმირთა მოედანზე ჩასულს 13 ივნისის შემდეგ ახალგაზრდების ერთიანობასა და ”აუდიტორია 115-ის” ბავშვებს ერთმანეთს ვამსგავსებდი. ჰოდა, მოკლედ, ძალაგამოცლილმა და ასე ლამის ფსიქოლოგიურ ტრამვაზე ზღვარგასულმა ვერ მოვაბი თავი რამე დამეწერა. გუშინ რომ დამეწერა, უფრო მგზნებარე, ემოციური გამოვიდოდა. დღესაც პულსი მიჩქარდება ბოლო დღეების უამრავი დეტალი რომ მახსენდება, მაგრამ, გუშინ უარესად(ან უკეთესად) იყო საქმე – ცრემლებამდე მივყავდი დადებით ემოციებს.

რა არის შედეგი? – შედეგი მრავალმხრივია. მოთხოვნები შესრულების გზაზე დგას, სამინისტროსგან მივიღეთ პირობა, რომ დაიწყება მუშაობა თვითმმართველობების რეფორმირებაზე, არაკონსენსუალურმა კანდიდატმა გაფრინდაშვილმა მოხსნა კანდიდატურა და სახელმწიფო დონეზე ავიდა ე.წ ”ოდეერების” საქმე. ბრძოლა და მუშაობა გრძელდება;

მაგრამ, სულ რომ არაფერი გამოსულიყო, სულ რომ არავის არაფრად ჩავეგდეთ, ჩვენ შევძელით საზოგადოებაში ყველაზე დეფიციტური რამ – სოლიდარობა გვექცია მოძრაობის საკვანძო სიტყვად და, რაც მთავარია, პრაქტიკაში განგვეხორციელებინა ის: რად ღირდა მეშახტეების, რკინიგზელების მიერ სოლიდარობის გამოცხადება და აუდიტორიაში მოსვლა, რად ღირდა ლექტორების და სტუდენტების ერთად დადგომა, რად ღირდა პლედის განაწილება და ტელეფონის დამტენის თხოვება ერთმანეთისთვის, რად ღირდა სტუდენტების მიერ გათენებული 6 ღამე, რად ღირდა პირდაპირი დემოკრატიის რეალობად ქცევა…
ჩვენი შედეგი არის უნივერსიტეტიდან 5 ნაწილად დაჭრილი ბანანის გაწოდება გარეთ დარჩენილთათვის და 5 იმდენის უკან შემოწოდება…

თორნიკე შევარდნაძე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები