ჩვენს სურათებზე რაც ჩანს, იმას ჰაბლის ტელესკოპითაც ვერ დაინახავ (+ფოტო გალერეა)

სოციალურ ქსელ ფეისბუკში გაჩენილი ახალი ქართული გვერდი – Geo-Astro, ამტკიცებს, რომ ქართული საზოგადება ასტრონომიით და ასტროფოტოგრაფიით საკმაოდ დაინტერესებულია. გვერდი 2016 წლის 30 იანვარს შეიქმნა და დღემდე 12 ათასზე მეტი მოწონების მოგროვება შეძლო.

Geo-Astro ქართველი და უცხოელ მომხმარებლებისთვის (გვერდზე მასალები ქართულ და ინგლისურ ენაზე იდება) ქართველი ასტროფოტოგრაფების მიერ გადაღებულ ციური სხეულების ფოტოებს ანთავსებს, ვიზუალურად ლამაზი სანახაობის გარდა იგი შემეცნებითი ხასიათისაც არის. 

 

  • საიდან გაჩნდა ფეისბუკ გვერდის გაკეთების იდეა?

ჩვენ გვქონდა ფეისბუკზე საიდუმლო ჯგუფი, რომელშიც ვდებდით ჩვენ მიერ გადაღებულ ფოტოებს და ერთმანეთს ვუზიარებდით. შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ სხვებისთვის გვეჩვენებინა ჩვენი ნამუშევრები – ბექა მამუკაშვილი.

გვერდის იდეა თავიდანვე გვქონდა, თუმცა, უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში. მანამდე საჭირო იყო მასალების მოგროვება და გარკვეული ცოდნის მიღება, რათა მომხმარებლის ნებისმიერ კითხვაზე კომპეტენტური პასუხის გაცემა შეგვძლებოდა. ჩვენი ერთ-ერთი მიზანი, რა თქმა უნდა, ასტრონომიის და ასტროფოტოგრაფიის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესის ამაღლება/გაღრმავებაა – ტბელ აბუსერიძე.

 

  • რამდენადაც ვიცი, საიტის გაკეთებასაც გეგმავთ?

კი, ახლა ვამუშავებთ. უახლოეს მომავალში საიტიც აუცილებლად გვექნება.

 

  • რამდენი ადამიანი მუშაობთ გვერდზე?

მოკლედ რომ გითხრათ, ჩვენი მენტორი დავით დვალია, რომელიც ყველაზე გამოცდილია ამ სფეროში. ის იყო პირველი ადამიანი საქართველოში, რომელიც ასტროფოტოგრაფიით დაინტერესდა. ჩემი და ბექას გარდა არიან ლევან ვერძეული და ლაშა ებიტაშვილი, რომლებიც არიან ფოტოგრაფები. ასევე ჩვენ ჯგუფში დიმიტრი გოდერძიშვილიცაა, რომელიც მოყვარული ფოტოგრაფია და ჩვენზე ოდნავ გვიან გაიგო ამ ჯგუფის შესახებ. მართალია ჩვენ ფოტოგრაფები არ ვიყავით, თუმცა დროთა განმავლობაში შევისწავლეთ ეს საქმიანობა – ტბელ აბუსერიძე.

მე თავდაპირველად ასტრონომიით ვიყავი დაინტერესებული, რამდენიმე წელია ვიკიპედიაზე ასტრონომიის შესახებ ვწერ. ერთ-ერთ დაბადების დღეზე მეგობარმა პატარა ტელესკოპი მაჩუქა. მაშინ გავიცანი დავით დვალი და დახმარება ვთხოვე. ყველაფერი ამიხსნა, თავის ხელსაწყოებიც მათხოვა, შემდეგ ტბელიც მოვიდა, სრულიად სხვა მიმართულებიდან, თუმცა საბოლოოდ ერთად დავიწყეთ ამ სფეროში მუშაობა. ამჟამად 6-7 ადამიანი ვმუშაობთ ამ გვერდზე – ბექა მამუკაშვილი

 

  • როგორ იღებთ ფოტოებს? სპეციალური აღჭურვილობა გჭირდებათ, ჩვეულებრივი ფოტოაპარატისგან განსხვავებული?

ყველგან იმას ვამბობთ, რომ ჩვენი საქმიანობა სრულიად განსხვავდება ჩვეულებრივი ფოტოგრაფიისგან. პირველ რიგში, აპარატურა გაცილებით ძვირი ჯდება. ასტროფოტოგრაფია განსხვავდება იმითაც, რომ უფრო მეტ დროს და მუშაობას მოითხოვს. ერთი კარგი ფოტო რომ გადაიღო, 7-8 საათიანი მუშაობაც კი შეიძლება დაგჭირდეს.

 

  • ძირითადად სად იღებთ ფოტოებს? სპეციფიკური ადგილები გჭირდებათ სამუშაოდ?

ქალაქგარეთ ვიღებთ, ხოლმე: კაკაბეთი, ბაზალეთი, დავით გარეჯშიც ვიყავით. სპეციალური ადგილი გვჭირდება, ქალაქის განათებისგან მოშორებით. მთავარია ვიყოთ სინათლის დაბინძურებისგან და ტურბულენტობისგან, რომელიც ქალაქს ახასიათებს, შორს. ამიტომ გუგლის რუკის დახმარებით ვეძებთ ხოლმე ყველაზე ბნელ ადგილებს.

 

  • რა სირთულეებს აწყდებით თქვენს საქმიანობაში?

ზაფხულში, სითბოში არ არის პრობლემა ღამით გასვლა და მუშაობა. თუმცა ზამთარში, სიცივეში ჩვენთან ერთად ტელესკოპებიც იყინება და, ხშირად, ეს პრობლემას ქმნის.

 

  • რამდენად არის, თქვენი აზრით, საზოგადოება ასტრონომიით და ასტროფოტოგრაფიით დაინტერესებული?

დაინტერესება ძალიან დიდია, ამას გვერდზე ხალხის აქტიურობაც მიუთითებს. ფეისბუქის სტატისტიკით თუ ვიმსჯელებთ, ყველაზე დაინტერესებული ახალგაზრდები არიან, რადგან ჩვენი მომხმარებლების უმეტესობა 18-25 წლის ადამიანები, ძირითადად გოგონები არიან.

 

 

  • ერკვევიან ან სურვილი მაინც აქვთ თანამედროვე ახალგაზრდებს ასტრონომიის ცოდნის?

არა. სურვილთან დაკავშირებით, ვერაფერ ვიტყვი, თუმცა, თუნდაც ის, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ასტრონომია და ასტროლოგია ერთმანეთში ერევა, გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ჩვენ, რეალურად, ასტრონომია არ ვიცით. ძალიან სამწუხაროა, რომ ფსევდო მეცნიერებას მეცნიერებისგან ვერ არჩევენ.

 

  • სამომავლოდ საჯარო ღონისძიებებს ხომ არ გეგმავთ?

უახლოეს მომავალში აუცილებლად იქნება.

ორი ტიპის ღონისძიება შეიძლება დაიგეგმოს:

ა) თეორიული თვალსაზრისით, რომელიც შეიძლება უნივერსიტეტში მოეწყოს. მაგალითად საჯარო ლექცია, ღია შეხვედრა ან რაიმე მსგავსი.

ბ) პრაქტიკის თვალსაზრისით, როცა შევძლებთ ქალაქგარეთ ექსკურსიაზე გასვლას. რათა პრაქტიკაში დავანახოთ, როგორ ვმუშაობთ, როგორ ვიღებთ ფოტოს და რამდენი რამ არის საჭირო ჩვენს საქმიანობაში. ხალხს ჰგონია, ტელესკოპში რომ ჩაიხედავს იმას დაინახავს, რაზეც ჩვენ საათობით ვმუშაობთ. ეს ასე არ არის, სურათზე რაც ჩანს, იმას ჰაბლის ტელესკოპითაც ვერ დაინახავ.

ქეთი კალანდაძე

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები