რატომ წვიმს

ღამე იყო. ფუმფულა საბანში გახვეულს ტკბილად მეძინა. ვერც კი შევამჩნიე, როგორ დასცხო წვიმამ. დმანისში მე და სოფოს ყოველთვის ერთად გვძინავს. იმ ღამით, რომ გამეღვიძა სოფო შევნიშნე. რაფაზე იჯდა და წვიმას შეჰყურებდა.

– რატომ წვიმს? – მეკითხება ისე, რომ ზედაც არ მიყურებს.

– რა? – ნახევრად მძინარე ვუბრუნებ კითხვას.

– რატომ წვიმს? ოღონდ სულელური ამბავი არ მომიყვე, რომ წყალი ორთქლლდება, ცივდება და შემდეგ წვიმის სახით გვიბრუნდება.

– აბა რა მოგიყვე? – იმედი მქონდა, რომ გაჩუმდებოდა და დაძინების უფლებას მომცემდა, მაგრამ მან შემარყია, დიდი შავი თვალებით შემომხედა და გამიღიმა.

– მომიყევი რატომ წვიმს!

მივხვდი, რომ წინააღმდეგობის გაწევას არანაირი აზრი არ ჰქონდა, რადგან უკვე გვერდით მეჯდა.

– ღრუბელმა შვილი დაკარგა. ახლა კი დადის და დაეძებს. ვერ პოულობს და ტირის. ხანდახან წყნარდება. აი, მაშინ, როდესაც პატარა ბავშვებს ციდან გადმოყურებს. ღრუბელი ამ ბავშვებში თავისი შვილის პატარა ნაწილს პოულობს, მაგრამ როდესაც მოენატრება, ისევ ტირილს იწყებს.

თხრობა შევწყვიტე და შევამჩნიე სოფოს დიდრონი შავი თვალებიდან გადმოვარდნილი ცრემლი, მაგრამ ის ასევე იღიმოდა.

ალბათ ისევ ჩამეძინა, რადგან ეს თვალები ბოლოა, რაც იმ ღამდან მახსოვს.

 

ანა ჯავახიშვილი,
13 წლის

კომენტარები

მსგავსი სიახლეები