ბავშვებისთვის წართმეული ოცნებები

 და რომ გაიგოთ ჩემი ნაწერი, ჯერ წავიკითხოთ ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ნაწყვეტები „პატარა უფლისწულიდან“.

„და მაშინ მე შიგნიდან დავხატე მახრჩობელა გველი, რომ დიდებს ნათლად დაენახათ ყველაფერი. მათ ხომ ყველაფერი უნდა აუხსნას კაცმა!

დიდებმა მირჩიეს, ხელი ამეღო მახრჩობელა გველების ხატვაზე, შიგნიდან იქნებოდა თუ გარედან და მეტი გულისყურით მოვკიდებოდი გეოგრაფიას, ისტორიას, არითმეტიკას და გრამატიკას. ამიტომ იყო, რომ 6 წლის ასაკში უარი ვთქვი მხატვრის ბრწყინვალე კარიერაზე. ნომერი 1 და ნომერი 2 ნახატის უგულვებელყოფამ გული გამიტეხა. დიდებს ხომ არაფრის გაგება არ შეუძლიათ სხვების დაუხმარებლად. ბავშვებისთვის კი ძალიან მომქანცველია ყოველთვის წინასწარ უთხრა მათ ყველაფერი.“

 

(ასტეროიდ ბ 612-ის შესახებ)
„ამ ასტეროიდის ამბავი ასე დაწვრილებით იმიტომ მოგიყევით და მისი ნომერიც იმიტომ ავღნიშნე, რომ დიდებს გაეგოთ ჩემი ნათქვამი. მათ ხომ ძალიან უყვართ ციფრები. თუ თქვენ მათ რომელიმე ახალ მეგობარზე უამბობთ რამეს, ისინი არასდროს არ გკითხავენ იმას რაც მთავარია. არასდროს არ გკითხავენ როგორი ხმა აქვს შენს მეგობარს, რა თამაში უყვარს, ან პეპლების კოლექციას თუ აგროვებს. ამის მაგივრად იკითხავენ: რამდენი წლისაა, რამდენი ძმა ჰყავს, ჰგონიათ რომ ამით ყველაფერი გაიგეს… რა გაეწყობა, ასეთი ხალხია დიდები. ნუ გავუბრაზდებით მათ. ბავშვებს დიდი მოთმინება მართებთ დიდების მიმართ.

მაგრამ ჩვენთვის ვისაც გვიყვარს ცხოვრების აზრი, მნიშვნელობა არა აქვს ციფრებს.“

 

    რამდენიმე დღის წინ მთაწმინდის პარკში ვიყავი, საქმიან შეხვედრაზე ჩემ ბიზნეს პარტნიორთან ერთად. ირგვლივ გაზაფხულის სურნელი ტრიალებდა. მზის თბილი სხივები კი წამდაუწუმ გონებას მიფანტავდნენ.

    სანამ შეხვედრაზე შევიდოდით ანძას ჩავუარეთ. ჩემი ვერანდიდან მთელი 25 წელი მას ვუყურებ. ხან ლურჯად ანათებს, ხან ციმციმებს. 90-იანებში კი იყო დღეები, როდესაც საერთოდ არ ანათებდა და სიბნელეში იკარგებოდა. გამეღიმა. ახლოდან მართლაც ძალიან დიდად, სქლად და მაღლად გამოიყურებოდა.

– შენი აზრით, ანძა სიმაღლეში რამდენი მეტრია?

   თედომ თავისი კითხვით გამომარკვია ფიქრებიდან. კიდევ ერთხელ ავხედე ანძას. ბავშვობიდან ვერ ვიტანდი არითმეტიკას, გამოთვლებს და პროცენტებს. ზოგადად არასდროს ვფიქრობდი რიცხვებზე და შესაკრებების „გადანაცვლებ-გადმონაცვლებაზე“. შესაბამისად წარმოდგენაც არ მქონდა, რამდენი მეტრი უნდა ყოფილიყო ანძა სიმაღლეში. თედო კი მაინც არ იშლიდა თავისას და დაჟინებით ითხოვდა კონკრეტულ რიცხვს.

– საკო, დაახლოებით მაინც მითხარი…

    25 წელი ვუყურებდი ანძას ფანჯრიდან, ვერანდიდან, ეზოდან, მაგრამ არასდროს დავინტერესებულვარ მისი სიმაღლით. თორე ერთხელ ხომ მაინც ვკითხავდი მათემატიკის ყოვლისმცოდნე დედას?! რომლისთვისაც ნებისმიერი სირთულის ამოცანა 2×2=4-ვით არის. როდესაც ანძას ვუყურებდი, მე სულ სხვა რამ მაინტერესებდა… როგორ ადიოდნენ მასზე ადამიანები, როგორი ხასიათის ადამიანები დაფუსფუსებდნენ შიგნით, როგორი ხედი იშლებოდა მისი უმაღლესი წერტილიდან და თუ გვითვალთვალებდნენ ქვემოთ მყოფ ადამიანებს.

    თედოს კი მხოლოდ მშრალი ინფორმაცია აინტერესებდა ანძის შესახებ. უფრო სწორად კი ვიცოდი თუ არა ეს მე.

– საკო!

   თედომ კიდევ ერთხელ გამომარკვია ფიქრებიდან და საბოლოოდ რომ მომეშორებინა, იმდენად უაზრო პასუხი წამოვისროლე დაწერადაც არ ღირს… აღმოჩნდა, რომ ანძა სიმაღლეში 350 მეტრია.

   დღესაც მზიანი დღეა. ვზივარ ვერანდაზე, ვწერ და თან ანძას გავყურებ. ის ისევ „გახდა“ და „დაპატარავდა“.

   გადავწყვიტე თედოს დაბადების დღეზე ეგზიუპერის „პატარა უფლისწული“ ვაჩუქო. ზღაპარი, რომელიც არის დიდებისათვის, რომლებმაც დაივიწყეს ბავშვობა.

    რატომღაც უფროსები რიცხვებზე უაზროდ არიან ჩაციკლულები. თუ შენ ორნიშნა რიცხვებს ერთმანეთზე ზეპირად ამრავლებ, მაშინ მათ თვალში მეტად განათლებული ადამიანი ჩანხარ. და თუ შენ აკვარელში ამოთხვრილი, ფერების შექმნით ხარ დაკავებული, ეს მათთვის დროის ფუჭი კარგვაა. ამ დროს კი შეუძლიათ შეიძინონ მუნკის „კივილი”, მხოლოდ იმიტომ რომ მისი ღირებულება „დიდი და მრავალნიშნა რიცხვისგან“ შედგება.

    ხშირად უფროსები თავიანთი უხეში და დაუფიქრებელი ფრაზებით, ბავშვებს ართმევენ ოცნებებს. მათ მისწრაფებებს და სურვილებს. შემდეგ კი ისევ თავად უკვირთ გაზრდილი ბავშვების ცხოვრების მიმართ დამოკიდებულება და პროფესიონალიზმი. არც მოსმენა იციან და საერთოდ დავიწყებული აქვთ, რომ ისინიც ოდესღაც ბავშვები იყვნენ.

    მათემატიკას ბავშვობიდან, როგორც მტერს ისე ვუყურებდი. ვსწავლობდი მხოლოდ იმიტომ, რომ კლასიდან კლასში გადავსულიყავი. შემდეგ კი როგორც „ცუდ სიზმარს“ ისე ვივიწყებდი. ამ პერიოდში ყოველთვის ჩემ გვერდით იდგა დედა და დიდ დროს ხარჯავდა X/Y-ების ახსნაში. მას არასდროს დაუძალებია და ურჩევია გავმხდარიყავი ფინანსისტი ან ეკონომისტი. ეს ხომ ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა და უფრო დიდი დაცინვა იქნებოდა. ვერასდროს გახდები იმ საქმეში საუკეთესო, რომელიც არ გიყვარს. სამაგიეროდ დედა არასდროს მიშლიდა წერას. ყოველთვის კითხულობდა ჩემ ნაწერებს და დედისათვის შესაძლებელი ობიექტურობით აფასებდა მათ. თუმცა ისიც კარგად იცოდა, რომ წერით ჩემი მომავალი საკმაოდ გაუგებარი მატერიალური სტატუსის მატარებელი იქნებოდა.

   თავის დროზე, დედაჩემმა ჩემი ოცნება და სურვილი არ წამართვა. არ განკარგა ჩემი ბედი სოციოლოგიაზე დაყრდნობილი რიცხვებით.

   შედეგად, დღეს მე ჩემი წერით უდიდეს სიამოვნებას ვიღებ. ჩემი ნაწერები კი „სამნიშნა“ და „ოთხნიშნა“ რიცხვებით არის ანაზღაურებული.

 

  საკო კოჭლამაზაშვილი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები