ეზოთერული ფილოსოფია სიყვარულსა და ქორწინებაზე

(იდეალური ქორწინება)
იდეალური ქორწინება ძალზე იშვიათია, თუმცა ყველა ადამიანს აქვს იმედი, რომ ამგვარი კავშირი ყველაზე დიდ მიწიერ ბედნიერებას მოუტანს. მან ინტუიციურად ისიც იცის, რომ თავისი ევოლუციის გზის გავლა მხოლოდ მეორე, საპირისპირო პოლარულობის მქონე არსებასთან ერთად შეეძლება. იმ იმედით, რომ მიაღწევს განვითარების უმაღლეს საფეხურს, ერთვება ცხოვრების რიტმში, რაც ეფუძნება საწინააღმდეგო სქესის ადამიანთან ურთიერთქმედებას, მაგრამ ქორწინებიდან იშვიათად ღებულობს იმას, რაც ასე ძლიერ სწყურია მის სულს.
ხშირად ქორწინების შენარჩუნება ხდება მხოლოდ ატანის ხარჯზე. ბევრი წყვილი არ წყვეტს ურთიერთობას საზოგადოებრივი აზრის ზეწოლის გამო ან მერკანტილური მოსაზრებით. თუმცა უმეტესობა ქორწინდება იმ მისწრაფებით, რათა შეიგრძნოს ისეთი უმაღლესი სულიერი ერთიანობა, რაც მხოლოდ ცოლ-ქმრულმა კავშირმა შეიძლება მოუტანოს.
სწორედ ესაა ის, რაც დევს ქორწინების საფუძველში _ მოთხოვნილება იმისა, რომ გასაქანი მიეცეს მოზღვავებულ სასიცოცხლო ენერგიას, ან მიიღოს ძალები, რაც ადამიანს არ ჰყოფნის თავისი ბუნებიდან გამომდინარე. მიზნის მისაღწევად კი მხოლოდ ის კავშირი იქნება მართებული, როდესაც ერთი პარტნიორი მეორეში ხედავს არა მხოლოდ საკუთარი სურვილების დაკმაყოფილების ობიექტს, არამედ აცნობიერებს იმასაც, რომ თვითონაც უნდა გასცეს ის, რასაც თავისი მეორე ნახევრისაგან ელის (აქ იგულისხმება ენერგიების ურთიერთგაცვლა და არა ენერგიის მხოლოდ ცალმხრივად გაცემის პროცესი).
წყვილს შორის შეიძლება როგორც ნაწილობრივი, ასევე სრული გაუცხოება მოხდეს. ადამიანმა ზურგი აქციოს თავის პარტნიორს ან ნაწილობრივ ჩამოშორდეს და ქორწინების გარეთ ურთიერთობებში ეძებოს მხოლოდ ინტელექტუალური სიახლოვე და თანაგრძნობა, ფიზიკური ურთიერთობისგან კი თავი შეიკავოს.
ცოლს არაფერი აქვს საამაყო, თუ ქმარი მას პატივს სცემს მხოლოდ ფიზიკური მონაცემების გამო. ამ დროს შესაძლებელია, რომ მისი მეუღლის სიახლოვის შინაგანი სწრაფვა მიმართული იყოს სხვა მიზნისკენ. ასეთ შემთხვევაში მამაკაცი პოულობს ისეთ ქალს, რომელთანაც ქორწინების გარეშე სიყვარული დააკავშირებს.
ქალისა და მამაკაცის ერთიანობის კანონებში იგულისხმება ბევრად მეტი, ვიდრე უბრალო ფიზიკური კავშირი, როგორც ეს ეზოთერულ ფილოსოფიაშია, სადაც განიხილება ადამიანის შვიდი სხეული (ფიზიკური, ეთერული, ასტრალური, მენტალური, კაუზალური, ატმანური, ბუდჰის). ეზოთერული ფილოსოფია გვასწავლის, რომ სანამ ადამიანის თითოეული სხეული არ მიაღწევს თავისი განვითარების ოპტიმალურ დონეს, მანამდე საყვარელ ადამიანთან ერთიანობას ვერ მოიპოვებს, მისი ქორწინება არ იქნება სრულყოფილი და „სექსუალური შიმშილის“ გამო კვლავაც გააგრძელებს პარტნიორის ძებნას. თუმცა ადამიანები ერთნაირად არ ვვითარდებით. ჩვენს დროში საშუალო დონის ადამიანის მხოლოდ პირველ სამ სხეულს შეუძლია გაერთიანება _ მის ფიზიკურ გარსს, ინსტინქტურ (ეთერულ) სხეულსა და ემოციონალურ (ასტრალურ) სხეულს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მას შეუძლია ფიზიკური კავშირი, ინსტინქტური ლტოლვა და ნაზი გრძნობების გამოხატვა. ამავე დროს, ძალიან სუსტი წარმოდგენა აქვს ინტელექტუალურ სიახლოვეზე.
მაგრამ შედარებით განვითარებულ ადამიანს, ამასთან ერთად თუ მენტალური სხეულიც უფუნქციონირებს, ეძებს ისეთ პარტნიორს, რომლის ცხოვრებისეული ინტერესები ახლოს იქნება მის ინტერესებთან. მეორე მხრივ, შედარებით უფრო პრიმიტიული ტიპის ადამიანი პარტნიორისგან მოითხოვს მხოლოდ საკუთარი ფიზიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას და ამ ვნების მიღების შემდეგ მის მიმართ რჩება სრულიად გულგრილი.
აქედან გამომდინარე, თუკი მამაკაცი, რომელსაც განვითარებული აქვს სამი სხეული და აქვს უნარი გამოავლინოს ნაზი გრძნობები ქალის მიმართ, დაქორწინდება ქალზე, რომლის მხოლოდ ორი სხეული ფუნქციონირებს და ქორწინებაში ხედავს მხოლოდ ხორციელი ვნებების დაკმაყოფილებას, ამ შემთხვევაში კატასტროფა გარდაუვალი იქნება.
თუკი მამაკაცი, რომელიც ფლობს ოთხ (ფიზიკურ, ეთერულ, ასტრალურ და მენტალურ) სხეულს, დაქორწინდება ქალზე, რომელსაც შეუძლია უყვარდეს, მაგრამ თუ არ შეუძლია მისი მეგობარიც იყოს, წყვილი იგივე პრობლემის წინაშე დადგება. ცოლი ქმრისგან მიიღებს ყველაფერს, რაც მისთვის აუცილებელია, რადგანაც ის ფუნქციონირებს მხოლოდ სამ შრეზე და მისი სამივე სხეული დაკმაყოფილებულია. თუმცა მისი მეუღლის მენტალური სხეული, რომელიც პარტნიორის გარეშე დარჩა, აუცილებლად დაიწყებს პარტნიორის ძებნას და შესაძლებელია ის იპოვოს მაღალი ინტელექტუალური მონაცემების მქონე ქალში. სწორედ ამ დროს აღმოვჩნდებით პლატონური ურთიერთობის პირისპირ, რომლის არსებობასაც ინსტინქტურად ყველა აღიქვამს იმად, რაც ძალიან ახლოსაა ღალატთან, მაგრამ ვერავინ გაბედავს ეს ქმედება განსაჯოს, როგორც საყოველთაოდ აღიარებული მორალის დარღვევა.
რთული გასაგები არ არის ის ფაქტი, რომ მამაკაცი, რაც არ უნდა ლოიალურად იყოს განწყობილი ცოლის მიმართ, მათი კავშირი უმაღლეს პლანზე მაინც დაკარგავს თავის მნიშვნელობას და ფორმალურ ურთიერთობად გადაიქცევა. ახლა წარმოვიდგინოთ მაღალგანვითარებული ადამიანი, რომელიც ემზადება დასაქორწინებლად და განვსაზღვროთ იდეალური პირობები ასეთი კავშირისთვის. პირველ რიგში, მას უნდა ახსოვდეს, რომ მისი შვიდი ნატიფი სხეულიდან თითოეული განვითარების მაღალ დონეს სხვადასხვა ასაკში აღწევს. ფიზიკური სხეულის განვითარება ხდება თითქმის დაბადებისთანავე. სურვილების სხეული ფუნქციონირებას იწყებს სქესობრივი მომწიფების ასაკში, რაც ფაქტიურად მისი სხეულის ფორმირების სიგნალია. ნაზი გრძნობები ვითარდება ადამიანის ცხოვრების მეორე ათწლეულში, ხოლო კონკრეტულად მენტალური სხეულის ფორმირება სრულდება მესამე ათწლეულში.
ზოგიერთ ეზოთერულ სკოლაში დანერგილია შვიდწლიანი ციკლის მკაცრი აღრიცხვა, მაგრამ ადამიანები ვითარდებიან სხვადასხვანაირად, ამიტომ თეორიული დაყოფა, რომელიც ზემოთ მოვიყვანეთ, სავსებით მისაღებია. აბსტრაქტული გონება ვითარდება მეოთხე ათწლეულში, ადამიანის სულიერი ბუნება კი უმაღლეს საფეხურზე ადის მხოლოდ მეხუთე ათწლეულის ბოლოს.
ეზოთერული ფილოსოფია სიყვარულსა და ქორწინებაზეამიტომ მაღალინტელექტუალურმა ადამიანებმა არ უნდა იჩქარონ ქორწინება იქამდე, სანამ ბოლომდე არ ჩამოყალიბდება მათი ნატურა და სანამ არ გაიგებენ, თუ რა მიმართულებით მოძრაობს მათი ევოლუცია.
სამწუხაროდ, ბევრი ახალგაზრდა, რომელიც მოქმედებს მხოლოდ სურვილების სხეულით, ჩქარობს ხელში ჩაიგდოს მუდმივი პარტნიორი და ქორწინდება საპირისპირო სქესის პირველივე შემხვედრზე, რომელშიც ხედავს ერთადერთ საშუალებას დაიკმაყოფილოს თავისი მწველი სურვილები. არის სულსწრაფობის ისეთი შემთხვევაც, როდესაც ადამიანი ემოციურ აღმავლობას შეცდომით აღიქვამს ერთიანობის ნამდვილ ჰარმონიად ისე, რომ არც კი ცდილობს საკუთარი თავი და შესაძლებლობები ბოლომდე შეიცნოს და განვითარება გააგრძელოს ქორწინების შემდეგაც.
ბედნიერია წყვილი, რომლის განვითარებაც ხდება ერთნაირად და ერთდროულად. ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში მათი სიყვარული გახდება უფრო ღრმა და მდიდარი, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ დაიწყება მათ ცხოვრებაში სხეულების შემოსვლა სათითაოდ და როგორ იპოვიან თავიანთ პარტნიორს იმავე სხეულში, რომელიც ნელ-ნელა ცამდე ამაღლდება.
თუკი ერთ-ერთი მეუღლე უფრო ადრე აღწევს ევოლუციური განვითარების უმაღლეს მწვერვალს, მაშინ როცა მეორე ჯერ კიდევ ზრდის პროცესშია, ასეთ შემთხვევაში, ბედნიერად დაწყებული ქორწინება ან კომპრომისით მთავრდება, ან სრული წარუმატებლობით, რადგანაც შედარებით განვითარებულ პარტნიორს უჩნდება მოთხოვნილებები, რომელსაც მისი მეუღლე ვერც გაუგებს და მითუმეტეს, ვერც დააკმაყოფილებს.
იდეალურ ქორწინებაში წყვილი ერთიანდება ერთდროულად ყველა მისი უმაღლესი სხეულით, იქიდან გამომდინარე, რომელი სხეული იწყებს ფუნქციონირებას და ყოველი აქტის დროს განიცდის სიყვარულის ახალ სიღრმეებს: ფიზიკური კავშირი ორმხრივი მიზიდვის შემთხვევაში, მათ მოუტანს ჰარმონიასა და ნერვული სისტემის მდგრადობას. სიყვარული გააერთიანებს მათ სურვილს და ერთიანობისკენ ლტოლვას _ გახდნენ ერთი პიროვნება. საერთო ცოდნის დაგროვება უფრო მჭიდროდ დააკავშირებს და დააახლოებს მათ. ერთი და იმავე იდეალებისა და პრინციპების რწმენა მათ ცხოვრებას ერთ მიმართულებას მისცემს და ერთ არხზე გადაიყვანს. საერთო სფეროდან სულიერი მიზნები და იდეალები კი ამ კავშირს შეავსებს.
და ბოლოს, მათი ცნობიერება ამაღლდება წმინდა სულის სფერომდე და უმაღლესი სიყვარული, რომელიც ორი სულით ჩაისახა, დაძლევს ყველა დაბრკოლებას და ასეთი კავშირი შექმნის ერთიანობას. მისტიკოსი ფილოსოფოსების აზრით, ამგვარად იწყება ევოლუციაში იმ მაქსიმალური სტიმულის გამოყენება, რისი მოცემაც შეუძლია ფიზიკურ სამყაროს და ეს ორი, ყველა სფეროში გაერთიანებული სული „შედის სინათლეში და აღარ გამოდის იქიდან“. ისინი იქცევიან ერთიან ინდივიდად ორმხრივი ნატურით, რომელსაც გააჩნია შინაგანი სრულყოფა და თვითკმაყოფილება. ასეთი სხეულები გადადიან სიცოცხლის გამოვლინების უფრო მაღალ საფეხურზე, ვიდრე ჩვენია და რომლის აღქმა ჩვენი გრძნობის ორგანოებით უკვე აღარ ხდება.

წყარო geoastro.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები