ის რაც მათბობს

მეხსიერებაში გაჭედილი ამბავი ხშირ შემთხვევაში უამრავი ფურცლის ნაირად იკარგება. გვგონია, რომ არ დაგვავიწყდება, გულიდან ამოსული ხმები კი დროდადრო გვახსენებს, რომ უყურადღებოდ მოვექეცით ამდენ მოგონებას. მოგონებები კი თოვლის გუნდებივითაა, ერთხელ მოისვრი და მაშინვე გალღვება. გენატრება. მაგრამ ვინ? გგონია, რომ სადღაც შეხვედრილხარ, მაგრამ არ გახსოვს.

იქნებ ეს ის გოგოა, მაშინ ქუჩაში მიმავალი, რომ დაინახე. გული გაგითბო, თვალს წყალი დაალევინე მისი ცქერით და საღამოსკენ სულ მთლად გადაგავიწყდა. იქნებ ის არის? ხო, როგორც ჩანს არ გახსოვს…

გული კი ამ დროს მეორეს ამბობს. მემგონი ეს ის ბიჭია, დაღვრემილი სახით, რომ იდგა შენს სახლთან, თითქოს ვიღაცას ელოდა. გულში უამრავი სევდის ნაპერწკალი აგენთო. არა,  მოწონებით არ მოგწონებია, მაგრამ მოგინდა, რომ მოგესმინა და დახმარებოდი. მეხსიერებიდან ამოტივტივებული ფიქრები, სულ  უფრო გამჭვირვალენი ხდებიან.

ქვეცნობიერში კი შენი დარდები მუდმივად რჩება. გაზაფხულის დილაც გათბობს, ზამთრის მომტირალი საღამოც კი. გახსოვს? მგონი არ გახსოვს. მაშინ ერთი ზაფხულის საღამო იყო, შენ კი ეზოში იჯექი და ელოდი. ელოდი მას. გახსოვს? მაშინ გეგონა, რომ შენკენ ნელი ნაბიჯით მომავალს დაინახავდი, სწორედ ამიტომ გაგირბოდა თვალები უკან. გახსოვს? მემგონი არ გახსოვს. მაშინ გული პატარა ბავშვივით გითბებოდა.

 

სალომე ბოჭორიშვილი,
15 წლის

კომენტარები

მსგავსი სიახლეები