ჯანმრთელობა ეკონომფასად, რა პლიუსები აქვს ჯენერიკების გამოყენებას

ჯანდაცვა, განსაკუთრებით კი მედიკამენტები, დღეს ძალიან ძვირია  და სულ უფრო ძვირდება. ძვირდება იმაზე სწრაფად , ვიდრე იზრდება ეკონომიკა . ამ პრობლემის გადასაჭრელად არაერთი ქვეყანა ცდილობს ხარჯების შეკავების სტრატეგიის შექნას. ამ თვალსაზრისით თითქმის მთელი  მსოფლიო შეთანხმდა, რომ წამლებში დახარჯული დიდი რესურების შესამცირებლად ბრენდების ჯენერიკებით ჩანაცვლება ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობაა და დიდ დანაზოგს უკეთებს სისტემას. მაგალითად, მარტო 2010 წელს ამერიკამ  ამ გზით წელიწადში 158 მილიარდი აშშ დოლარი დაზოგა, ანუ კვირაში  3 მილიარდი დოლარი. იგივე დამოკიდებულებაა ევროპაშიც და ნელ-ნელა ფეხს იკიდებს საქართველოშიც.

ჩვენს ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური პირობების გამო საზოგადოების დიდ ნაწილს უჭირს მედიკამენტების შეძენა. მიუხედავად იმისა, რომ ჯენერიკ მედიკამენტები 30-40%-ით უფროა იაფია, მომხმარებელი ჩვენთან ნაკლებად ჰყავს და არჩევენ ბრენდები იყიდონ მეტი თანხის სანაცვლოდ. ამის მიზეზი კი საზოგადოების უნდობლობაა ამ წამლების მიმართ. „პენსიონერი ვარ და ბევრი წამლის ყიდვას ვერც ვახერხებ სიძვირის გამო. ჯენერიკებზე გამიგია, მაგრამ არ ვენდობი. ინდოეთში ამზადებენ და მაგათი გაკეთებული კარგი არ იქნება“, – ამბობს ტატო პატარაია.

იაშვილის კლინიკის კონსულტანტი დალი ლეჟავა აღნიშნავს, რომ პაციენტების ერთ პროცენტსაც კი ვერ უნიშნავს ორიგინალ მედიკამენტებს მათი სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე. ამიტომ ხშირად ნიშნავს ჯენერიკებს და პრაქტიკამ აჩვენა, რომ გარკვეული ჯენერიკები არაჩვეულებრივად მუშაობენ და კარგი შედეგიც აქვთ.

„მე მახსოვს, ჩემს ქვეყანაში რეფორმის დასაწყისში ჯენერიკ პრეპარატების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა არ იყო ადვილი, რადგან ეჭვის თვალით უყურებდა მოსახლეობა ამ მედიკამენტებს“,- განაცხადა საფრანგეთის ყოფილმა ჯანდაცვის მინისტრმა ბერნარ კუშნერმა კონფერენციაზე „ჯანდაცვის გამოწვევები 21-ე საუკუნეში – საქართველო და მსოფლიო“.

ჯენერიკ მედიკამენტების ირგვლივ არაერთი კითხვა ჩნდება: რამდენად სანდოა? როგორი ხარისხისაა? უსაფრთხოა თუ არა? რამდენად ეფექტურია?  რით განსხვავდება ბრენდებისგან?

და მაინც რა არის ჯენერიკი და რით განსხვავდება ბრენდული მედიკამენტისგან? – ფარმაციაში ორიგინალი ბრენდი – ინოვაციური სინთეზირებული ფორმულაა, რომლის შექმნას, კვლევას და ბაზარზე  პირველად შესვლას დაახლოებით 10-12 წელი და ძვირადღირებული  კვლევები სჭირდება. ასეთი წამლები დაცულია პატენტით. მათ მფლობელებს, როგორც წესი, 20 წლიანი ექსკლუზივი აქვთ წამლის გაყიდვაზე, რაც განაპირობებს მის სიძვირეს. საპატენტო შეზღუდვის ვადის ამოწურვის შემდეგ, მისი წარმოების უფლება სხვა მწარმოებლებსაც ეძლევათ. ასე იქმნება ჯერ პირველი რიგის ჯენერიკ მედიკამენტები, რომლებსაც აღარ ესაჭიროებათ ის ძვირადღირებული კვლევები, რაც ინოვაციურ ფორმულას. საკმარია, დადასტურდეს მათი ბიოეკვივალენტობა შესაბამის პრეპარატთან. უნდა აღინიშნოს, რომ მედიკამენტების უმრავლესობას ჩვეულებრივ სამი სახელწოდება აქვს: ქიმიური (რომელიც მომხარებლისთვის ნაკლებად ინფორმატიულია), სავაჭრო დაპატენტებული სახელწოდება და  ჯენერიკული სახელწოდება.  მაგალითად, ცნობილი მედიკამენტი „დიაზეპამი“ ჯენერიკული დასახელებაა, ხოლო მისი სავაჭრო დასახელებებია: სიბაზონი, ვალიუმი და სხვ. ბაზარზე სახელწოდება სხვადასხვაა, თუმცა შემადგენლობა იდენტურია და არ განსხვავდება: ხარისხით, ეფექტურობით, დოზების სიდიდისა და მიღების წესით, უსაფრთხოობით და მოქმედების მექანიზმით.

მთავარი განსხვავება ფასებსა და მწარმოებელ ქვეყანაში იკვეთება. ჯენერიკების ღირებულება მნიშვნელოვნად ნაკლებია, რაც გამოწვეულია იმით, რომ მისი წარმოება პატენტის ვადის ამოწურვის შემდეგ აღარ მოითხოვს  მისი სამკურნალო თვისებების ხელახალ კლინიკურ და ექსპერიმენტულ გამოკვლევას. შესაბამისად, წარმოების ხარჯები ნაკლებია და ეს აისახება ფასებზეც.

მიუხედავად ყველაფრისა, ერთმნიშვნელოვნად იმის თქმა, რომ ყველა ჯენერიკი  სანდოა, შეუძლებელია. ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისგან ეფექტურობით და უსაფრთხოებით. ეფექტურობაში დაშვებულია 45%-იანი  სხვაობა ორიგინალ ბრენდთან შედარებით, ამიტომ არსებობს ჯენერიკების რეიტინგული სიები. მაგალითად, ამერიკაში „ნარინჯისფერი წიგნი“, რომ ექიმებმა მიიღონ რაციონალური გადაწყვეტილებები კონკრეტული კლინიკური შემთხვევების მიხედვით. აგრეთვე არსებობს ე.წ. სიმილარები (similar- მსგავსი) – ჯენერიკული პრეპარატისგან განსხვავებით არ აქვს გარანტირებული უსაფრთხოება და ეფექტურობა. მათი შეშლა ჯენერიკებში კი შესაძლებელია.

რაც შეეხება მწარმოებელ ქვეყნებსა და მათ სანდოობას. ჯენერიკების ყველაზე დიდი  მწარმოებელი დღეს ინდოეთია. ინდური წარმოების წამლები იყიდება ამერიკის ბაზარზე, რაც ნიშნავს იმას,რომ იქ გავლილი აქვს ხარისხის ყველა საჭირო კონტროლო და შეესაბამება სტანდარტებს. ევროპაში ჯენერიკ წარმოების ცენტრებია გერმანია და ესპანეთი, არაბეთის ნახევარკუნძულზე- დუბაი და გაერთიანებული საემიროები, ლათინურ ამერიკაში ბრაზილია ლიდერობს, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე დიდი ნაწილი უჭირავს კანადურ ჯენერიკებს.

„საქართველოში ჯენერიკ მედიკამენტები ძირითადად ამერიკიდან შემოგვაქვს, სადაც ძალიან დიდი ნაწილი სწორედ ინდური წარმოების ჯენერიკებს უკავია. აღნიშნული პრეპარატი ძალიან მაღალი ხარისხის, სანდო და ეფექტურია. უმთავრესია წამალში იყოს შესწავლილი მაღალი ხარისხის ბიოექვივალენტობა და წარმოება მიმდინარეობდეს სტანდარტების დაცვით“, – აღნიშნავს  ფარმცევტული კომპანია „ჯი პი სი“-ს  გენერალური დირექტორი დავით კილაძე.

ჯენერიკების ხარისხის კონტროლი  ჯანდაცვის სამინისტროს ევალება. მათივე თქმით, ინტენსიური მუშაობა ამ საკითხზე უკვე დაწყებულია.

ეს პრეპარატები სულ უფრო მეტ ადგილს იკავებენ ადგილობრივ ბაზარზე და მეტად ხელმისაწვდომიცაა. მათი მიღება საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა გამოყენება მხოლოდ მომხმარებლის არჩევანია.

 

გვანცა სილიკაშვილი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები