„მე ვერ ვხედავ „მაესტროს“ პერსპექტივას“ – ინტერვიუ მამუკა ღლონტთან

წყარო: politcommersant.ge

 

„მაესტროს” 50 მილიონიანი დავალიანება, ამ ფულის წარმომავლობა, სასამართლო დავა არხის დამფუძნებლებსა და გია გაჩეჩილაძეს შორის, „პოლიტიკურად მოტივირებული” პროცესი და ტელეკომპანიის პერსპექტივა – „მაესტროს” დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა ნინო ჟიჟილაშვილის კითხვებს, ტელეკომპანია „პირველის” ეთერში გადაცემა „რვიანში” უპასუხა.

 

„პოლიტკომერსანტი” ამ ინტერვიუს უცვლელად გთავაზობთ.

 

– იყო თუ არა თქვენთვის მოსალოდნელი ასეთი მასშტაბური კონფლიქტი?

 

– ჩემთვის მოსალოდნელი იყო რაღაც ამდაგვარი, მაგრამ ასეთ მასშტაბებს ვერ წარმოვიდგენდი, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ძალიან აზიანებს ტელევიზიას.

 

– მხარეები წარმოდგენილნი არიან ასე – ასათიანი-გოგელია ერთი მხარე, გაჩეჩილაძეები მეორე მხარე. თქვენ თქვენი არჩევანი გააკეთეთ?

 

– ცოტა რთულია ამ საკითხზე საუბარი… იქ დიდი მასშტაბით მიდის ე.წ. ლოგოსთვის ომი. ლოგო, რომელიც არც ბატონ გიას და არც ქალბატონ მაკას არ მოუგონიათ. ეს ლოგო არის ინტელექტუალური საკუთრება და ამ ლოგოს ავტორები ვართ ის ძველი დამფუძნებლები, ვინც შექმნა „მაესტრო”. ამ ლოგოს ქვეშ გადიოდა პროექტები, რომლებიც ყველაზე მეტად დაამახსოვრდათ მაყურებლებს და, სამწუხაროდ, ამ ორ თანადამფუძნელბელს, რომლებსაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემ, ახალი და დასამახსოვრებელი არაფერი გაუკეთებიათ, თუ არ ჩავთვლით „საკანს”, რომლის იდეის ავტორიც გია გაჩეჩილაძეა, ხოლო სატელევიზიო პროექტის მე.
– გამოდის რომ თქვენ ახლა თქვენი თავი გამოკვეთეთ მესამე მხარედ ხომ, ეკა აკობიასთან ერთად, რომელთან ერთადაც 20% ფლობთ. უფრო სწორად, ჩავასწორებ ნომერ პირველი მხარე – მთავარი დამფუძნებლები „მაესტროსი”, ამბობენ რომ ამ წუთში ამ დავაში არსად არ არიან, არც ერთ მხარეს?

 

– ჩემი და ჩემი მეგობრების ამოცანა ამ შემთხვევაში არ არის ის მერკანტილური დავა, რომელიც მიმდინარეობს. ჩვენი ამოცანა არ არის მატერიალური ღირებულებების მიღება. ჩვენი ამოცანა არის „მაესტროს” გადარჩენა, სამწუხაროდ, უკვე მერამდენედ. ჩვენი სურვილია „მაესტრო” იყოს ისეთივე ტელეკომპანია და ისეთივე ჟურნალისტური სისხლი ჩქეფდეს მასში, როგორითაც ის გახდა ცნობილი. ანუ ჩვენ ვართ სიმართლის მხარეს.

– სად ხედავთ სიმართლეს და სამართლიანობას? სად ხედავთ ამ არხის გადარჩენის გზას, თუ გაქვთ ეს წარმოდგენილი?

 

– მხოლოდ სასამართლოში, სხვაგან მე ამას ვერ ვხედავ. რაც მოხდა დღეს ეს არის ძალიან საზიანო, ეს არის სანახაობა, ამაში გონება არ დევს. ჩვენ არსად არ გვეჩქარება, არავინ არ მოგვდევს დღეს, არავინ არ გვაფეთქებს, ნებისმიერმა მხარემ თავისი პრეტენზიები უნდა გაარკვიოს სასამართლოში. როგორც ეს ნორმალურ ქვეყნებშია მიღებული.

 

– ეს სურვილი გასაგებია, თუმცა არსებობს რეალობა. არის უკვე ყოფილი დირექტორი, რომელიც რეესტრით დირექტორია ჯერჯერობით და ახალი დირექტორი, რომელიც ელის რომ რეესტრში გაატარებენ მის სახელსა და გვარს. ლევან გაჩეჩილაძე VS ბაია გადაბაძე ან პირიქით. ამ დავის გადაწყვეტას როგორ ხედავთ, იმიტომ რომ ახლა ასე დგას საკითხი – ახალ დირექტორს სავარაუდოდ არ შეუშვებენ შენობაში, რადგან როგორც ძველი დირექტორი ამბობს, ის მაკა ასათიანის საკუთრებაშია. აქ ცოტა უფრო კომპელქსური დავაა ვიდრე, ვთქვათ, იყო მაშინ როდესაც ეროსი კიწმარიშვილი გადმოხტა ღობეზე და უფრო გასაგები იყო აუდიტორიისთვის რა ხდებოდა…

 

– აქაც გაუგებარი, წესით არაფერია, გარდა იმისა რომ ბატონი გია აცხადებს, რომ არის წილის 55% მფლობელი. მე და ქალბატონი ეკა მას არ ვეთანხმებით, ვინაიდან მას აქვს წინარე ხელშეკრულება ნასყიდობის, რის მიხედვითაც მას ჩვენთვის და კიდევ ორი დამფუძნებლისთვის უნდა გადმოეცა თავისი 25%-იანი წილი. სწორედ ამიტომ არ ფიგურირებდა ბატონი გია მთელი ამ წლების განმავლობაში, ის არ თვლიდა „მაესტროს” თავის კომპანიად. შესაბამისად, ახლა ეს საქმეც სასამართლოშია, თუ ჩვენ მოვიგებთ ამ სასამართლოს ძალიან კარგი, თუ ვერ მოვიგებთ უკვე მას ოფიციალურად ექნება და მეც ყველა ინსტანციის გავლის შემდეგ ჩავთვლი, რომ ის რეალურად 55%-ის მფლობელია. დღეს პირადად მე შემიძლია ვთქვა, რომ პროცენტულ განაწილებაში ლეგიტიმური არის 30%. შესაბამისად სასამართლომ თუ გადაწყვიტა, რომ გიამ უნდა შეასრულოს ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების პირობები, მას უმრავლესობა კვლავ არ ექნება და ტელევიზიისთვის დამაზიანებელი იქნება დირექტორის ისევ მოხსნა და ახლის დანიშვნა.

 

– ვცდილობ თქვენთან ერთად საზოგადოებას ავუხსნა ვითარება, ანუ ამ დროისთვის 30%, რომელიც დაიმატა გია გაჩეჩილაძემ არის ლეგიტიმური, მაგრამ ის 25% არ არის ლეგიტიმური და თქვენ მას 25%-ზე ედავებით. იმ 25%-ზე არ ედავება გოგელია, მაგრამ გაჩეჩილაძე ედავება გოგელიას დირექტორობაზე, რომელიც ავტომატურად აღმოჩნდება უმცირესობაში, თუ ის 25% დარჩებათ გაჩეჩილაძეებს , ან თუ დაგრჩებათ თქვენ. ასეთია სურათი?

 

– დიახ, უმრავლესობას ის დაკარგავს…

 

– შიდა ალიანსები ამ წუთისთვის არ არსებობს?

 

– პირადად მე ამ საქმეში ვთვლი, რომ იმდენი გამიკეთებია, რომ ვინმეს მხარეს არ წარმოვადგენდე. შესაბამისად მე არასდროს არავის მხარეს არ წარმოვადგენდი, ყოველ შემთხვევაში მე ასე ვთვლი. არც მომავალში არ ვგეგმავ ვინმეს მხარე ვიყო. მე წარმოვადგენ სიმართლის მხარეს. სადაც იქნება სიმართლე და სამართალი, მეც იქ ვიქნები. არ ვაპირებ ჩემს კარიერაზე, რომელიც გავიარე ტელევიზიაში და წამოვედი უკვე ტელევიზიიდან, ხაზი გადავუსვა რაღაც მატერიალური ღირებულებების გამო.

 

– 25%, რომელიც როგორც თქვენ ამბობთ გეკუთვნით თქვენ და კიდევ 3 დამფუძნებელს, ამაში რამე თანხა არის გადახდილი თუ ეს ნაჩუქარი წილია?

 

– წინარე ხელშეკრულება ნიშნავს, რომ 400 ლარი, რომელიც იყო სიმბოლური თანხა უნდა გადაგვეხადა მთავარი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.

– ანუ უცნობს და ლევან გაჩეჩილაძეს ამ წილისთვის ფული არ მიუღიათ?

 

– რა თანხა აქვთ ამ 25%-ში აღებული ან საიდან ამაზე მე ვერ გიპასუხებთ.

 

– დაახლოებით წელიწადნახევრის წინ თქვით და ახლაც იმეორებთ, რომ ტელევიზიიდან თქვენ წასული ხართ, თუმცა ახლა გიჩნდებათ პრეტენზია 25%-ის უკან დაბრუნებაზე. შეიძლება რომ მამუკა ღლონტი ისევ საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდეს უახლოეს მომავალში, თუ 25%-იც თქვენ მოგცათ სასამართლომ?

 

– 25%-დან ჩემი იქნება 7.5%, როგორც ვთქვი, ის სხვა 2 ყოფილ და 1 ამჟამინდელ დამფუძნებლებზეც უნდა განაწილდეს. მე საკონტროლო პაკეტს მაინც ვერ ვაგროვებ. პრეტენზიები არც ახლა მაქვს, ეს არის უბრალოდ ჩემი მოთხოვნა, რომელზეც ხელი მეც მაქვს მოწერილი და ბატონ გიასაც. ანუ ეს ჩვენი მხრიდან არ არის ძალადობა და მოგონილი ფაქტი. როგორც კი მოეხსნა ყადაღა ჩვენს წილებს, რომელიც დაიწყო ბატონმა მიშამ და გააგრძელა შემდეგ „ქართულმა ოცნებამ” და არა და არ მოხსნა ეს ყადაღა. მოიხსნა ახლახანს, ამის შემდეგ გახდა რეალური ეს. იმიტომ რომ ყადაღადადებულ წილს ვერავინ ვერ გაასხვისებს და ვერავინ ვერაფერს ვერ უზამს…

 

– თუმცა ბატონო მამუკა თქვენ, თუ სწორად ვიცი, გასული გაქვთ ვადა, რა დროშიც უნდა მოგეთხოვათ ამ წილების უკან დაბრუნება. იურიდიული ბერკეტები გრჩებათ?
– სასამართლო სწორედ იმიტომ არსებობს, რომ ხანდახან რაღაც არის დაწერილი და შესაძლოა არასწორი იყოს. მე კანონმორჩილი ადამიანი ვარ, თუ სასამართლოს ყველა ინსტანცია გამამტყუნებს, გია არ გადმოგვცეს იმ 25%-იან წილს. ამიტომ მე ვიბრძვი იმ უფლებისთვის, რაც მაქვს.

 

– რაც შეეხება მიმდინარე პროცესს, ბაია გადაბაძე აცხადებს, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული თემაა და ირაკლი რუხაძის გამოჩენა ამ საქმეში სწორედ ამას ადასტურებს, რომ ამხელა ვალის მქონე არხის შესყიდვით ვიღაც არის დაინტერესებული. თქვენ იზიარებთ ამ პოზიციას?

 

– ნებისმიერ კომპანიას აქვს უფლება გააკეთოს ის, რაც სურს, გაატაროს ისეთი პოლიტიკა როგორიც უნდა. მაგრამ აქ იკვეთება ერთი საინტერესო მომენტი, რომელიც ბატონმა გიამ აღნიშნა, რომ პრემიერი არის მისი ძმაკაცი და მასთან იყო შეხვედრა. შემდეგ პრემიერ-მინისტრმა თქვა ძალიან კარგად მოსასმენი რაღაც მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით. თუმცა მას მოსახლეობისთვის არ უთქვამს, რა თემაზე ჰქონდა შეხვედრა სამუშაო საათებში გია გაჩეჩილაძესთან. მე ყველაზე მეტად ეს მაღელვებს და მადარდებს. მე ამ ადამიანის მიმართ გარკვეული სიმპათიები მაქვს და ველოდი განმარტებას ამის თაობაზე…

 

– ანუ რაღაც პოლიტიკურ კვალს თქვენც ხედავთ და ეჭვს გამოთქვამთ?

 

– ქალბატონო ნინო, მერწმუნეთ, როგორც კი თქვენი ტელეკომპანიის რეიტინგი გაიზრდება, იქაც ძალიან დიდი პრობლემები შეიქმნება და ეს არ დამთავრდება კიდევ კარგა ხანი საქართველოში. სანამ არ მოვა ხელისუფლება, რომელსაც ესმის თავისუფალი მედიის ფასი.

 

– თქვენ და თქვენმა მხარემ დღეს უარი თქვით გენერალური დირექტორის გადაყენებაზე, თქვენ მოგწონდათ ბაია გადაბაძის მენეჯმენტი?

 

– ვფიქრობ კითხვა არასწორად არის დასმული, იმიტომ რომ მე უკვე აღვნიშნე, მანამ სანამ სასამართლო არ გაარკვევს, ბატონ გიას სინამდვილეში აქვს თუ არა ხმების უმრავლესობა, ჩემთვის მიუღებელია დირექტორების ცვლა. თუ 1 თვეში სასამართლო გამოიტანს განაჩენს, რომლითაც ბატონი გია ჩვენ გადმოგვცემს 25%-ს და დაკარგავს უმრავლესობას, მე და ჩემი პარტნიორები ალბათ დავაყენებთ საკითხს დირექტორის შეცვლაზე. შესაბამისად მე ვთვლი, რომ ეს ძალიან არასერიოზული საქციელია.

 

– ორი დღის წინ გია გაჩეჩილაძემ თქვა, რომ თანხა 50 მილიონი არ არის მხოლოდ მაკა ასათიანის მიმართ დავალიანება და სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტები წლების განმავლობაში ინვესტირებდნენ თანხებს „მაესტროში”, მაგალითად ნინო ბურჯანაძემ თქვა, რომ მას რაღაც ტექნიკა აქვს შეძენილი არხისთვის. თუ შეგიძლიათ გვითხრათ ეს 50 მილიონი დაახლოებით, ვისი ფულია?

 

– სწორედ ის რომ მე არ მინდოდა „მაესტრო” დამდგარიყო მერკანტილური პრობლემების წინაშე, დაწყებულიყო – განათება ჩემია, ის ჩემია, ეს ჩემია, გავაკეთე განცხადება, რომ „მაესტრო” ჩემთვის არ არის მატერიალური ღირებულება. მე წილების გადაცემა ჟურნალისტებისთვისაც მინდოდა, მაგრამ შემდეგ მოხდა რომ ესეც ვერ გავაკეთე სხვადასხვა მიზეზის გამო. მთავარი ღირებულება ჩემთვის არის „მაესტრო” როგორც ბრენდი, როგორც ლოგო, რომელიც შევქმენით მე და ჩემმა მეგობრებმა და დანარჩენი მე არანაირი პრეტენზია არ მაქვს შენობის არც ერთ სანტიმეტრზე და არაფერზე. ერთი რამ მინდა ვთქვა, როცა ქვეყანას უჭირს ყველა ინვესტიციას აკეთებს საქართველოს სიყვარულით და შემდეგ ეს იქცევა სხვა რამედ… ეს არ ეხება მაკა ასათიანს, რომელსაც ძალიან დიდი ღვაწლი აქვს „მაესტროს” განვითარებაში.

– როგორც ტელემენეჯერი „მაესრტოს” წარმატებას ხედავთ?

 

– „მაესტროს” უნდა აკეთებდნენ ადამიანები… სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, მე ვერ ვხედავ არხის პერსპექტივას. შეიძლება ეს იყოს რუხი ფერის არხი, რომელიც გინდ ყოფილა გინდ არა…

– See more at: http://politcommersant.ge/detalpage.php?newsid=3972#sthash.Wx8Vt2h4.dpuf

კომენტარები

მსგავსი სიახლეები