მოკალი ჯემალა

ეს ნინოა (წარმოიდგინეთ).
ნინო ჩემი ოჯახის ახლობელია.
მე და ნინო თითქმის ტოლები ვართ.

ნინო კარგი გოგოა, ლამაზი, კეთილი, ზომიერად ჭკვიანი. როგორც ბევრმა სხვამ, მანაც დაამთავრა უნივერსიტეტი და გათხოვდა.

ნინო სანიმუშო დიასახლისი და ორი შვილის დედაა, მესამის გაჩენის პერპექტივით.

ერთხელ დეიდაჩემმა მითხრა: „ნახე, როგორ ალაგებს სახლს ნინო! სისუფთავისგან სულ პრიალებს იქაურობა! შეხედე და რამე მაინც ისწავლე!”

მე იმ დროს უკვე საკმაოდ მქონდა ნასწავლი, ოღონდ სხვა მიმართულებით. ორიოდე მნიშვნელოვანი ჯილდოც გამაჩნდა, თუ მაინცდამაინც თავის მოწონებაზე მიდგებოდა საქმე, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ მაინც სხვისკენ მიმითითეს, სხვისი გაკრიალებული სახლისკენ, სხვისი კარგი საქციელისკენ. გაღიზიანებულმა, საკუთარ თავსაც გავუხსენე „ცოდვები” _ მეც ბევრჯერ ვყოფილვარ სამაგალითო სხვებისთვის, „სალომესავით ისწავლეთ”, „სალომესავით მოიქეცით”, „ნახეთ, სალომე რამდენს კითხულობს” და ა.შ. _ ხშირად ეუბნებოდნენ ჩემ გვერდით მყოფ ადამიანებს, მაგრამ საბედნიეროდ, არავის მოუნდომებია ჩემსავით ყოფნა, ჩემსავით ცხოვრება, არა იმიტომ, რომ ვერ შეძლებდნენ, არამედ იმიტომ, რომ ჩემს გარშემო ყველას ეყო გამბედაობა, საკუთარი თავისთვის არ ეღალატა. საბედნიეროდ, მეც მათ შორის ვარ.

ბოლო პერიოდში ქართული ფეისბუქი ახალმა კამპანიამ დაიპყრო: „მიბაძე ჯემალას!” _ მოგვიწოდებს გვერდი, რომელიც სხვა, ინგლისურენოვანი გვერდის: “Be like Bill” მსგავსია და გვასწავლის, როგორ უნდა მოვიქცეთ საზოგადოებაში, მეგობრებთან, ნაცნობებთან და უცნობებთან, განსაკუთრებით კი, სოციალურ ქსელებში. როგორც ჩანს, ჯემალამ საკუთარ თავზე აიღო განსაკუთრებით აქტიური ფეისბუქელების დამუნათება და დაშოშმინება, მაგრამ არ გამოუვიდა, რადგან მოხერხებულმა მომხმარებლებმა ვითარება თავიანთ სასარგებლოდ შემოატრიალეს და თავად გახდნენ სამაგალითონი. შესაბამისად, ვირტუალურ კედლებზე მომრავლდა ფრაზები: „მარიამი არ იღებს დღეში ას ფოტოს. მარიამი ჭკვიანია. მიბაძე მარიამს”, „გიორგი მეგობრებთან ერთად ყველგან არ ჩექინდება. გიორგი ჭკვიანია. მიბაძე გიორგის” და ა.შ. როგორც ყოველთვის, ჩვენ ამჯერადაც მოვახერხეთ, სხვის თვალში ბეწვი დაგვენახა, საკუთარში კი დირეც ვერა და აღმოჩნდა, რომ საზოგადოებაში, სადაც ინდივიდუალიზმის დეფიციტი ზოგჯერ განსაკუთრებით მწვავედ გვახსენებს თავს, მიმბაძველობა ჯერ კიდევ არ ითვლება იმდენად ცუდ ტონად, რომ ერთმანეთს ხმამაღალი შეძახილებით არ ვუბიძგებდეთ ახალი კერპების შექმნისკენ.

თავისუფლებისთვის ბრძოლაში, ჩვენ ვივიწყებთ ერთმანეთის თავისუფლებას და მხოლოდ საკუთარი გვახსოვს, ადამიანის უფლებებზე ლაპარაკისას, ყველაფერი ჩვენი უფლებებით იწყება და ვივიწყებთ სხვებს, რომელთაც ვერავინ და ვერაფერი აუკრძალავთ, სოციალური ქსელი საკუთარი შეხედულებებისამებრ გამოიყენონ და არა ისე, როგორც ჩვენ მიგვაჩნია სწორად. იგივე შეიძლება ითქვას ცხოვრებაზეც, მიუხედავად იმისა, რომ ვნება, დავმოძღვროთ სხვები და მათ ზემოდან გადმოვხედოთ, ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში არსებობს და ხშირად გვახსენებს თავს.

რამდენიმე დღის წინ, გვერდზე “Be like Bill” საინტერესო ბარათს წავაწყდი _ უმა თურმანის ფოტოს, ფილმიდან „მოკალი ბილი”, წარწერით: „ეს უმაა. მან ბილი მოკლა. მიბაძე უმას. მოკალი ბილი!” ამ შემთხვევაში, ბილი, ისევე, როგორც ჯემალა, მისაბაძი მაგალითების, საზოგადოებისთვის მოსაწონი, იდელურთან მიახლოებული ადამიანების კრებითი სახელია, უმა კი, შურისმაძიებელი პატარძალი ტარანტინოს ცნობილი ფილმიდან, შეგვიძლია, ჩვენ ვიყოთ, თითოეული ჩვენგანი და მივბაძოთ ერთმანეთს ერთადერთ რამეში _ მიმბაძველობის დამარცხებაში. ჩვენ არ გვჭირდება ჯემალა იმისთვის, რომ ბედნიერები ვიყოთ, ერთმანეთი გვიყვარდეს, ვცხოვრობდეთ, ვაქტიურობდეთ, ვპოსტავდეთ, ვიწონებდეთ და ასე, დაუსრულებლად. ჩვენ შეგვიძლია, მოვკლათ ჯემალა ჩვენში, ჩვენს ცხოვრებაში, რაღაც თავისუფლებას მივაღწიოთ.

ჩემი სახლი ხშირადაა დაულაგებელი, სამაგიეროდ, მისი კარი ყოველთვის ღიაა სტუმრებისთვის.

მე არ მყავს ორი შვილი, მაგრამ არ ვაქილიკებ მათ, ვისაც ჰყავს.

მე ფეისბუქზე ბევრს ვპოსტავ და საერთოდ არ მადარდებს, ეს ვინმეს მოსწონს თუ არა.

ჩემი საყვარელი მწერალი სალმან რუშდია _ როცა მის წიგნებს ვკითხულობდი, არ მიფიქრია, როგორი დამოკიდებულება აქვთ მის მიმართ ინდოეთსა და პაკისტანში.

მე არ მაქვს კარგი ხასიათი, ჩემთან ურთიერთობა მარტივი არ არის. ბევრმა ადამიანმა ამჯობინა, მის ცხოვრებაში ჩემი ადგილი არ ყოფილიყო, მაგრამ ჩემს მეგობრებს, საბედნიეროდ, მათთვის არ მოუბაძავთ.

ამიტომ მე ბედნიერი ადამიანი ვარ. ჩემი ცხოვრება ჩემმა დამოუკიდებლობამ შექმნა, ჩემი მეგობრებისა და ახლობლების დამოუკიდებლობამაც, რადგან მათ მე ამირჩიეს, მიუხედავად იმისა, თუ რას ფიქრობდნენ ჩემ შესახებ სხვები.

ნუ მომბაძავთ მე, ნუ მიბაძავთ თქვენს მეგობრებს, თუნდაც საუკეთესოებს, მეზობლებს, ნათესავებს, ოჯახის წევრებს. ნუ შეიზღუდავთ თავს იმის გამო, რომ ვიღაცას თქვენი პოსტი აღიზიანებს, თქვენი აქტიურობა ნერვებს უშლის, მუსიკა, რომელსაც უსმენთ, არ მოსწონს, თქვენი აზროვნება „ეგოიმება”. ნუ გააკეთებთ ნურაფერს საიმისოდ, რომ ფეისბუქ იუზერთა, ან რეალურ ნაცნობთა გარკვეული წრისთვის უფრო მისაღები გახდეთ, რადგან თვითმყოფადობა ერთადერთია, რაც ადგილის დამკვიდრებაში გვეხმარება.

ნუ მიბაძავთ ჯემალას. უფრო მეტიც, მოკალით იგი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები