რეალობისგან შორს

აორთქლებული ცრემლები ქარში ირევა, აქეთ-იქით ეწვეთება გოგონას სახეზე და ისიც ჩუმი მოძრაობით იშორებს მათ. მის თავში მინდვირს ყვავილების თაიგული ირევა, რომელიც მოუთმენლად ელის მზეს.

დღეს ქარი ჩიტების მაგივრად დაფრინავს და ყველას ფიქრებში თავგადასავალს ეძებს. წვიმით გაჟღენთილ მიწაზე ყვითელი ფოთლების გვერდით მათზე უსუსურ და გამოუცდელ მფრინავებს იპოვით, რომლებიც დროზე ადრე მოშორდნენ ხეებს. ისინი მწვანედ, თვალშისაცემად ანათებენ. მზე, რომელიც ღრუბლების შუაგულშია ჩამძვრალი, სენტიმენტალური სიმღერის დისკს წააგავს. მისი სხივები დისკის მბზინვარე ზედაპირის ნაფლეთებივით გვეცემა მხრებზე, თმებზე და თვალებს გვჭრის.

გოგონა ცაში იხედება და თვალებს ვერ უსწორებს მას. ბევრი ფიქრი ირევა მის თავში, ისინი ჩერდებიან, და სიცივისგან შეშინებული ჩიტებივით ქრებიან. გოგონას ახლა მზის სხივები ეცემა სახეზე, ლოყებს უთბობს და ცოტათი უწითლებს, მისი გონება ქართან ერთად მიიწევს და ფრენას სწავლობს. ეზოს შუაგულში ვიღაც იცინის და ფოთლების ფერებს ერთმანეთში აზავებს. ქარს ისევ ეშინია, მაგრამ ქალაქში უცნაურ გასეირნებაზე უარს არასდროს ამბობს.

 

სალომე ბოჭორიშვილი,
15 წლის

კომენტარები

მსგავსი სიახლეები