ჯანეტ ქერდიყოშვილი: “კაცის გაგულავება და ღალატი არის სულ სხვა რაღაც, ქალის კი ამორალური”

“მის სამყარო 2016”-ის ქართველმა მონაწილემ, მოდელმა ჯანეტ ქერდიყოშვილმა გადაცემა “სელფთან” ინტერვიუში ოჯახზე, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე და სხვა თემებზე ისაუბრა, მან უკიდურესად კონსერვატიული შეხედულებები გამოთქვა. ჯანეტის თქმით, მას არ აქვს პრეტენზია მამაკაცთან თანაბარუფლებიანობაზე და არც ის მიაჩნია აუცილებლად, რომ ქალმა უნდა იმუშაოს.

“თუ მეყოლება ჩემი მეორე ნახევარი, ის აუცილებლად უნდა გახდეს შემდგომ უკვე ჩემი მეუღლე. მეუღლეს უფრო უნდა უყვარდეს თავისი ცოლი, ვიდრე ცოლს ქმარი. ცოლის შემთხვევაში მე მაინც ვთვლი, რომ მას ისედაც ეყვარება თავისი შვილების მამა”, – აცხადებს ჯანეტი.

მოდელის თქმით, “არიან ისეთი ქალები, რომლებისთვისაც აუცილებელია თანასწორი უფლებები ჰქონდეთ: – მეც უნდა მქონდეს ჩემი აზრი, უნდა შემეძლოს ამის თქმა და შენ მე უნდა მომისმინო ან დამიჯერო… მე მართლა არა მაქვს ამაზე პრეტენზია. ზოგი ამბობს, რომ ქალმა აუცილებლად უნდა იმუშაოს. არც ამაზე მაქვს პრეტენზია, რა თქმა უნდა ქალს უნდა ჰქონდეს თავისი საქმე, მაგრამ არ მიმაჩნია სწორად, რომ ქალიც უნდა მუშაობდეს ზუსტად იმდენს, რამდენსაც მუშაობს მამაკაცი”.

“ახლა რომ ვიყვირო და ვთქვა, რომ ღალატს კაცს არასდროს ვაპატიებ და როგორც კი გავიგებ, წავალ სახლში ჩემი სამი შვილით, არა, ამას არ ვიზამ! როგორ?! ეს თუ გააკეთე, ე.ი შენ ხარ ეგოისტი”, – ირწმუნება ქართველი მოდელი.

ჯანეტი კაცისა და ქალის ღალატის განსხვავებულობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ “არც უნდა იყოს განხილვის თემად ქალის ღალატი და კაცის ღალატი, ეს არის ისეთი ორი სხვადასხვა დანაშაული, რომ ვერც შევადარებ, იმიტომ, რომ კაცის “გაგულავება” და ღალატი არის სულ სხვა რაღაც და ნუ ქალის, ეგ უკვე ღალატი არაა, ეგ არის ამორალური. იმიტომ რომ ის ისევ და ისევ დედაა!”.

ასევე საინტერესოა ჯანეტის შეხედულება მომავალი მეუღლის ეთნიკურობასთან დაკავშირებით.

“არ დამიშვია არასდროს, რომ არაქართველს გავყვები.  ჩემი დიდი სურვილია, რომ მე მაინც გავყვე ნამდვილ, ქართველ მამაკაცს, ქართული გვარით”, – ამბობს მოდელი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები