“რომ არ დამეწერა შეიძლება გული გამხეთქოდა“ – იაშვილის კლინიკის ექიმის მიმართვა საზოგადოებას

ექიმი ლევან ფერაძე სოციალურ ქსელში ექიმების მისამართით წამოსულ კრიტიკასა და შეურაცხყოფას გამოეხმაურა. მისი თქმით გარდაცვლილი პაციენტი ისედაც მძიმე ტრავმაა ექიმისთვის, ამ მძიმე ფონზე წამოსული ლანძღვა-გინების კორიანტელი კი მათ უფრო საშინელ მდგომარეობაში აგდებს:

„საშინელი და მე მეჩვენება, რომ შეკვეთილი კამპანია დაიწყო მ. იაშვილის ბავშვთა ცენ. საავადყოფოსა და მისი ექიმების წინააღმდეგ. მე შემიძლია გავუგო გარდაცვლილი ბავშვის ახლობლებს, ძალიან დიდი ტრაგედიაა და ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანმაც შეიძლება დაკარგოს კონტროლი თავის თავზე, მაგრამ სრულიად გაუგებარია აჟიტირებული და თითქოს ერთგვარად გახარებული, საქმეში ჩაუხედავი ადამიანების მიერ წამოსული ლანძღვა-გინების კორიანტელი. “მკვლელები”, “უცოდინრები”, “სასაკლაო”, “დასახოცები” ამ ეპითეტებით აივსო სოციალური ქსელი და ყვითელი პრესა. ეს გრძელდება უკვე მთელი კვირაა და ჩვენ, ამ კლინიკის ექიმები, დამძიმებული გულით, საშინელ განწყობაზე შევდივართ უმძიმეს ოპერაციებზე, მივდივართ პაციენტის საწოლთან, ვცდილობთ არაფერი შევიმჩნიოთ, მაგრამ არ გამოგვდის, თვალს ვარიდებთ ერთმანეთს, თავდახრილები დავდივართ… რატომ? ჩვენ ხომ ის ადამიანები ვართ ვინც შავბნელ 90-ანებშიც კი არ ვუღალატეთ ჩვენს საქმეს, არ გიღალატეთ თქვენ და სიცივეში, უშუქობაში, უწამლობაში, ავტომატის ლულა მოშვერილები ბოლომდე ვიდექით ჩვენს პოსტებზე. ერთი დღეც კი არ გაჩერებულა კლინიკა. რამდენჯერ დამიმთავრებია ოპერაცია ორი სანთებელას შუქზე. მაშინ ჩვენი ხელფასი 3000 კუპონი ( 1 დოლარი ) იყო…

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ პაციენტები ჯერ კიდევ იღუპებიან კლინიკებში. მედიცინა ძალიან შორსაა ჭეშმარიტების ბოლომდე შეცნობისგან, მას ჯერ მეასედი გზაც კი არ გაუვლია. გვერწმუნეთ თითოეული გარდაცვლილი ავადმყოფი ღრმა ნაჭდევს ტოვებს ჩვენს სულში, არსად არ მიდის, მუდამ ჩვენთან რჩება და ხშირად შიგნიდან განადგურებს. ალბათ ამიტომაც არიან ექიმები ოდნავ ცინიკურები, ესეც ერთგვარი თავდაცვითი პოზაა..

ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა ქ-ნ ასმათ შენგელაიაზეც, რომელმაც ყველაზე მეტი დარტყმა მიიღო ამ დღეებში. სულ რაღაც 15 წლის წინ დიაგნოზი – ლეიკემია განაჩენი იყო და პატარა პაციენტების 90% იღუპებოდა. სწორედ ჩვენი კლინიკის ონკოჰემატოლოგიის ექიმების და პირადად ქ-ნი ასმათის ინიციატივით შემოტანილი იქნა ქიმიოთერაპიის ე.წ. გერმანული პროტპკოლი და პრეპარატები (მაშინ სახელმწიფოს ნაკლებად აინტერესებდა ასეთი “ძვირიანი დაავადებების” მკურნალობა) და დღეისთვის გამოჯანმრთელება თითქმის 80% -მდეა. ერთს გავიხსენებ, 94 წელს დიდი თოვლი მოვიდა თბილისში, ტრანსპორტი ისედაც არ მოძრაობდა და უამინდობამ სრულიად დააცარიელა ქალაქი.არადა ბენზინიც წამლად არ იშოვებოდა. კარგა ხნის ლოდინის შემდეგ ვიღაც ნაცნობმა დიღმის ხიდამდე გამიყოლა და იქიდან ფეხით გავუყევი საავადმყოფოსკენ გზას. წინ ვიღაცა ქალი, ყვითელ “ბოტებში”,მუხლამდე თოვლში, ჯიუტად მიაბიჯებდა საავადმყოფოსკენ. კვალში ჩავუდექი (გაკვალულზე უფრო ადვილია სიარული) ბოლოს დავეწიე და ჩვენი კოპწია ასმათი შემრჩა ხელში…

ალბათ თავი შეგაწყინეთ, მაგრამ რომ არ დამეწერა შეიძლება გული გამხეთქოდა. მოგვეცით საშუალება, რომ ისევ გემსახუროთ, მოგვეცით საშუალება, რომ თუნდაც ჩვენი ჯანმრთელობის ფასად ვაკეთოთ საქმე, რომელზეც მაინცდამაინც ბევრს ხელის მოკიდება არ უნდა. იმის საშუალებაც მოგვეცით რომ ღირსეული ცვლა დავტოვოთ. ოდნავ გაგვიფრთხილდით…“- წერს ლევან ფერაძე

 

წყარო: primetimenews.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები