ჰარუკი მურაკამი

ჰარუკი მურაკამი უდავოდ ყველაზე ექსპერიმენტული იაპონელი მწერალია, რომელიც მსოფლიოს არაერთ ენაზე ითარგმნა და რომელიც ბესტსელერთა სიაშია. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევრები დგანან რელიზმისა და ზღაპრების, დეტექტივისა და მეცნიერული ლიტერატურის გასაყარზე. მაგალითად მურაკამის წიგნში “მაგრად მოხარშული საოცრებათა ქვეყანა და სამყაროს დასასრული” მთავარ გმირს ორი გონება აქვს, ასევე “მექანიკური ჩიტის ქრონიკებში“, რომელიც მწერლის ყველაზე ცნობილი ნამუშევარია, ყველაფერი ძალიან პროზაულად იწყება – მამაკაცი ეძებს დაკარგულ ცოლს და ამასობაში თანდათან განიცდის მუტაციას და გადაიქცევა საშიშ და უცნაურ ჰიბრიდად. მურაკამის სამყარო ალეგორიულია, იგი ნაცნობი სიმბოლოებისგან შედგება- ცარიელი კედელი, მიწისქვეშა ქალაქი – მაგრამ ამ სიმბოლოების მნიშვნელობა წიგნის დასასრულამდე სრულიად გაუგებარი რჩება და ისიც უნდა ითქვას, რომ ხშირად დასრულების შემდეგაც ბევრ კითხვას ტოვებს.

მურაკამი 1949 წელს კიოტოში, იაპონიის ძველ დედაქალაქში დაიბადა, საშუალო კლასის ოჯახში. იგი თავიდანვე განსაკუთრებულად იყო განწყობილი ეროვნული კულტურისადმი: მამამისი იაპონური ლიტერატურის მასწავლებელი იყო, ხოლო ბაბუა – ბუდისტი ბერი. როდესაც ჰარუკი 2 წლის იყო, მისი ოჯახი საცხოვრებლად კობეში გადავიდა. კობე უწესრიგო საპორტო ქალაქი იყო, რომელშიც მუდმივად უცხოელები ირეოდნენ(განსაკუთრებით ამერიკელი მეზღვაურები). სწორედ ამან განაპირობა მურაკამის მიერ სხვადასხვა კულტურების კარგად ათვისების უნარი.  უარყო რა იაპონური ლიტერატურა, ხელოვნება და მუსიკა, ჯერ კიდევ პატარა მურაკამიმ დაიწყო იმ სამყაროს შეცნობა, რომელიც იაპონიის გარეთ იყო, იმ სამყაროსი, რომელსაც მხოლოდ ჯაზის ჩანაწერების, ჰოლივუდური ფილმებისა და რამდენიმეცენტიანი წიგნების მეშვეობით იცნობდა.

სტუდენტობისას, რომელიც მწერალმა ტოკიოში გაატარა, მურაკამიმ განსაკუთრებული დამოკიდებუება შეიძინა პოსტმოდერნისტული ლიტერატურის მიმართ. ამასობაში იგი ჩუმად, თუმცა დიდი სიმპატიებით ადევნებდა თვალს პროტესტის ტალღას, რომელიც თანდათან დუღილის ტემპერატურას აღწევდა. 23 წლის ასაკში იაპონელი მწერალი დაოჯახდა და შემდგომი რამდენიმე წელი ტოკიოში გაატარა, სადაც საკუთარი ჯაზ კლუბი ჩამოაყალიბა. ეს მანამდე იყო, სანამ მან თავისი პირველი რომანი გამოსცა და შეძლო რომ მიღებული ჰონორარით აეწყო ცხოვრება. რომანი “უსმინე ქარის სიმღერას” იაპონურის გარდა, სხვა ენებზეც ითარგმნა, თუმცა მურაკამისვე თხოვნით, იგი იაპონიის გარდა არსად გამოუციათ.  ამ წიგნისთვის მურაკამიმ გუნზოს ლიტერატურული პრიზი მიიღო. ყოველი მომდევნო წიგნის გამოცემის შემდეგ მურაკამის პოპულარობა სულ უფრო და უფრო იზრდებოდა მანამ, სანამ მან 1987 წელს გამოსცა რეალისტური რომანი “ნორვეგიული ტყე” – იგი მალე გადაიქცა ლიტერატურულ მეგავარსკვლავად, იგი ფაქტობრივად მურაკამის “თაობების გამოძახილი” იყო, რაც ამერიკელი მწერლის, სელინჯერის შემოქმედებას მოგვაგონებს. მხოლოდ იაპონიაში “ნორვეგიული ტყის” 2 მილიონამდე ეგზემპლარი გამოიცა.

იქიდან გამომდინარე, რომ მურაკამი არასასურველი ცნობადი სახეა საკუთარ ქვეყანაში, მწერალი წლების განმავლობაში ცხოვრობდა სხვადასხვა ქვეყანაში და ზედმეტი ყურადღებისგან იცავდა თავს. იგი ცხოვრობდა როგორც ევროპაში, ასევე აშშ-ში. მაგალითად, “მექანიკური ჩიტის ქრონიკები” იმ პერიოდში დაიწერა, როდესაც იგი პრინსტონში და ტაფტში კითხულობდა ლექციებს. მიუხედავად იმისა, რომ მურაკამის აღარასდროს უცდია “ნორვეგიული ტყის” მსგავსი რომანის დაწერა, მისი წიგნები კიდევ უფრო პოპულარული გახდა. ამის დასტურია “კაფკა პლაჟზე”, რომელიც გამოცემიდან რამდენიმე დღეში უკვე რთული საშოვნელი იყო იაპონიაში.

საერთაშორისო მასშტაბით, მურაკამი თავისი თაობის ყველაზე ცნობილი და წაკითხვადი იაპონელი რომანისტია. მას მიღებული აქვს იაპონური ლიტერატურის ყველა შესაძლო პრიზი, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი – იომიურის ლიტერატურული პრიზი. გარდა ამისა, იგი აქტიურადაა დაკავებული მთარგმნელობითი საქმიანობით – სწორედ მურაკამიმ თარგმნა სკოტ ფიცჯერალდი იაპონურად, სხვათაშორის, ეს ფიცჯერალდის პირველი თარგმანი იყო იაპონურად.

წყარო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები