რა არის „რადარამი” და რატომ ღირს 2 ლარი?

მარიამ ადუ­აშვილი – არასამთავრობო ორგანიზაცია „რადარამის“ აღმასრულებელიდირექტორი.

 

– მარიამ, მოგვიყევით რა არის „რადარამი“ და რას საქმიანობთ?
– “რადარამი” მიზნად ისახავს ქართველი მკითხველის ჩაბმას მსოფლიო მასშტაბის დისკუსიაში – ჩვენ არამარტო გამოვცემთ და ვავრცელებთ თანამედროვე არამხატვრულ ბესთსელერებს,არამედ ამ წიგნების გლობალურ თემებს, პრობლემებსა და იდეებთან დაკავშირებითსხვადასხვა აქტივობას ვგეგმავთ. ამ წიგნების ქართულად თარგმნითა და გავრცელებით ჩვენ ხელს ვუწყობთ ქართველ მკითხველთა აქტიური წრეების ჩამოყალიბებას, რათა ის პრობლემები და იდეები, რომლებიც დასავლეთსა და, საერთოდ, მთელ მსოფლიოში აქტუალური და მნიშვნელოვანია, არ იყოს ჩვენთვის უცნობი.

 

– რა სახის გამომცემლობით საქმიანობას ეწევით?
– გამოვცემთ თანამედროვე არამხატვრულ ბესთსელერებს. ეს არის ის წიგნები, რომლებიცუახლოეს წარსულში მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში დაიბეჭდა და საერთაშორისო აღიარებამოიპოვა. ამ წიგნებში თანამედროვე ავტორები მსჯელობენ ისეთ საკითხებზე, როგორებიცააგლობალიზაცია, ეკონომიკა, გარემოს დაცვა, პოლიტიკა, მეცნიერება, ფსიქოლოგია და ა.შ.

 

 

– როგორ ხდება წიგნის შერჩევა?
– ჩვენი საერთაშორისო საბჭოს წევრები წიგნებს თანამედროვეობის, გლობალური მნიშვნელობისა და მკითხველის ინტერესის გათვალისწინებით არჩევენ. საბჭო ავტორების,ჟურნალისტების, საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტებისა და ასევე სხვადასხვა გამომცემლობების ხელმძღვანელებისაგან შედგება.

 

 

– სად შეიძლება თქვენი წიგნების შეძენა და არის თუ არა ყველასათვის ხელმისაწვდომი ისინი?
– ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ რომ „რადარამის“ წიგნები იყოს ხელმისაწვდომი საქართველოს ყველა წიგნის მაღაზიაში, სადაც მათი ფასი სიმბოლური სულ რაღაც 2 ლარია. ასევე წიგნებს გადავცემთ ბიბლიოთეკებს, სასწავლო დაწესებულებებს და ორგანიზაციებს რომლებიც საზოგადოებრივ სფეროებში მოღვაწეობენ.

 

– როგორ უკავშირდებით მკითხველს?
– ვინაიდან ჩვენი სურვილია საქართველოს ყველაზე მოშორებით მდებარე სოფლებში და რეგიონებშიც შევძლოთ მკითხველთან დაკავშირება, ამ ადგილებში მცხოვრებ მკითხველს, შესაძლოა ხელი არ მიუწვდებდეთ კომპიუტერზე და ინტერნეტზე, თუმცა თითქმის ყველას აქვს უბრალო ტელეფონი. ჩვენს ყოველ წიგნში არის სატელეფონო ნომერი, რომელზეც ნებისმიერ მკითხველს შეუძლია „სმს“-ის გამოგზავნა, წიგნის შესახებ თავისი აზრის გაზიარება ან მომდევნო წიგნისა და პრეზენტაციების შესახებ ინფორმაციის მიღება.
– რამდენი წიგნი გაქვთ გამოქვეყნებული ამჟამად?
– ამჟამად ჩვენ გამოცემული გვაქვს 15 წიგნი, სულ მალე კი ჩვენი რიგით მე-16 წიგნი: ტომ ვანდერბილტის „საგზაო მოძრაობა: რატომ ვატარებთ მანქანას ისე, როგორც ვატარებთ? (და რას ამბობს ეს ჩვენ შესახებ)“ თარგმანი გამოიცემა. თანამედროვე ქალაქებში, ჩვენი საარსებო სივრცის უდიდესი ნაწილი საავტომობილო გზებსა და მაგისტრალებს უჭირავს. საინტერესოა, როგორ ვიქცევით მაშინ, როდესაც მანქანას ვმართავთ და რას ამბობს ეს ჩვენზე. ვფიქრობ ქართველი მკითხველითვის ეს წიგნი საკმაოდ საინტერესო იქნება.

 

– რა გეგმები გაქვთ მომავალში?
– ნომებრის ბოლოს ვგეგმავთ ახალი წიგნის პრეზენტაციას თბილისსა და რეგიონებში. როგორც ყოველთვის, ახლაც ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ჩვენი მრავლაფეროვანი პროგრამის გაფართოებას და გაძლიერებას. ჯერ კიდევ სექტემბერში “Facebook”-ის გვერდზე გამოვაქვეყნეთ, რომ ვიწყებთ რეგიონალური წიგნის კლუბების დაარსებას, სადაც მკითხველებს საშუალება ექნებათ, შეიკრიბონ და რადარამის წიგნებზე ისაუბრონ. ამ ინიციატივას ძალიან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.

 

– თქვენ მიერ ნათარგმნ და გამოცემულ წიგნებს შორის რომელი იყო ყველაზე მოთხოვნადი და რატომ?
– ყველაზე მოთხოვნადი წიგნი, ალბათ ტიმოთი სნაიდერის „სისხლიანი მიწები: ევროპა ჰიტლერსა და სტალინს შორის“ იყო. მისი ტირაჟი რამოდენიმე თვეში ამოიწურა, ეს არც არის გასაკვირი, რადგან ისტორიის ეს მონაკვეთი ჩვენ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალი თემაა და მკითხველს ამ ეპოქაზე ყოველი ახალი დეტალი აინტერესებს.

– რატომ ღირს თქვენი წიგნები მხოლოდ 2 ლარი და საიდან გაქვთ ის ფინანსები რომლითაც წიგნებს გამოცემთ?
– წიგნების ფასი მაღაზიებში იმიტომ არის სიმბოლური, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს მიუწვდებოდეს ხელი მათზე, რაც შეეხება დაფინანსებას, ჩვენთვის ფინანსური მხარდაჭერა გაუწევიათ სხვადასხვა საეთაშორისო ორგანიზაციებს და ინდივიდუალურ დონორებს. ამჟამად აქტიურად ვთანამშრომლობთ ამერიკის საელჩოსთან მათი “თარგმნის პროგრამის” ფარგლებში და ასევე ვიღებთ შემოწირულობებს www.globalgiving.org-ის მეშვეობით.

 
დათო სიხარულიძე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები