2015 წლის საბავშვო ევროვიზიაზე ქართული ჯგუფი „The Virus“ წარდგება

წელს ჩვენი ქვეყნიდან საბავშვო ევროვიზიაზე კვარტეტი სახელწოდებით „The Virus“ მიემგზავრება. კვარტეტის წევრები არიან: ლიზი თავბერიძე, ელენე კეჯრიშვილი, თაკო გაგნიძე  და დათა პავლიაშვილი.

სიმღერას ჰქვია „გაბედე“. სიმღერის ტექსტის ავტორია ერეკლე  დეისაძე. სიმღერისთვის კლიპი გადაიღეს გიგა კუხიანიძემ და რამაზ გუნავამ. ბავშვების იმიჯზე დიზაინერმა მარიკა ქურდუბაძემ იზრუნა. სიმღერისთვის დადგმულია ცეკვა.

წელს საბავშვო ევროვიზიაზე 17 გამომსვლელია. დელეგაცია 15 ნოემბერს მიემგზავრება, ფინალური  გალაკონცერტი კი 21 ნოემბერს გაიმართება, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში. „The Virus“-ის თქმით მათი მიზანი არის გამარჯვება, მაგრამ ეს მხოლოდ მათზე არ არის   დამოკიდებული. მნიშვნელოვანია უცხოეთში  მცხოვრები ქართველების და არა მარტო მხარდაჭერა, რადგან სამწუხაროდ ხმის მიცემის დროს საქართველოდან ვერაფრით  დავეხმარებით.

შეგახსენებთ, რომ საბავშვო ევროვიზიიდან პირველი გამარჯვება ჯგუფმა „ბზიკებმა“ ჩამოიტანეს, ასევე პირველი ადგილი დაიკავა ჯგუფმა  „ქენდი“-მ. მარიამ როინიშვილი კი მეხუთე  ადგილზე გავიდა. თუ სამშობლოში „The Virus“ გამარჯვებით დაბრუნდება, მაშინ სავსებით შესაძლებელია, რომ მომავალ წელს საბავშვო ევროვიზიის მასპინძელი ქვეყანა საქართველო  გახდეს.

 

მოამზადა
მარიამ კაკაბაძემ

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები