მე აღარ ვარ სოციალური ქსელი!

და როცა თითქმის მთელი თბილისი „Halloween”-ისთვის არჩევდა მასკებს და სხვადასხვა ფორმებს; მე უკვე იდეალური „კოსწიუმი” შემერჩია. გაციებული ვიჯექი სახლში და იმგვარად შეფუთული, რომ ნამდვილ საფრთხობელას მოგაგონებდით.

ისე ცუდად ვიყავი, რომ „სასახლის“ დატოვება „კონკიას“ ლიმიტებითაც არ შემეძლო, ამიტომ მთელი დღის მანძილზე სხვადასხვა რამით ვირთობდი თავს. ბოლოს გონება გამინათდა! ან დამიბნელდა, არ ვიცი… რას გაუგებ სიცხიანი ადამიანის ბუნებას?!

მოდი, წავშალოთ “Facebook“-ი 10 დღით! არა, არა თქვენ არ გთავაზობთ… ეს უბრალოდ სიცხიანი მეს გადაწყვეტილება იყო.

რაც სოციალური ქსელი გამოიგონა ცუკერბერგმა, მხოლოდ 2-ჯერ მქონდა გაუქმებული და გადავწყვიტე გამესამებინა. დამაინტერესა როგორი იყო ცხოვრება “Facebook“-ის გარეშე… რეალური ურთიერთობებით… რეალური “Smile”-ებით… ბევრი აღარ მიფიქირა, სწრაფად ვიპოვე გასაუქმებელი ღილაკი და კმაყოფილი სახით გავქრი!

ამ გადაწყვეტილებას კი შემდეგი უფრო „ნათელი“ იდეა მოჰყვა. მოდი, ვაწარმოოთ დღიური: „უჩინმაჩინის ქუდი, ანუ Facebook-ის გარეშე!“, ან მსგავსი სათაური… რა მნიშვნელობა აქვს ახლა სათაურს?! მას ყოველთვის ბოლოს ვწერ, თქვენ კი პირველი კითხულობთ.

დღე პირველი – შუქი, რომ ქრებოდა 90-იანებში ხომ გახსოვთ?! “Facebook“-ის წაშლამ, სწორედ ის შეგრძნება გამიღვიძა. თითქოს ჩემთან შუქი ჩაქრა და არ ვიცოდი მის მოსვლამდე რა გამეკეთებინა… მერე გამახსენდა, რომ 90-იანებში, როცა შუქი მიდიოდა, კარადიდან სანთელს ვიღებდით და ვანთებდით. მეც „ავანთე“ და სხვადასხვა საინტერესო სტატიების კითხვა დავიწყე, მართალია ინტერნეტში, მაგრამ მაინც კითხვა!

დღე მეორე – მეორე დღეს „შუქი მოვიდა“! უკვე აღარ მაწუხებდა უ-“Facebook“-ობა და კმაყოფილებით ავივსე. 1 ნოემბერს აღარავინ იცოდა სად ვიყავი, რას ვაკეთებდი, უკმაყოფილო ვიყავი თუ შეყვარებული, სახლში ვიჯექი თუ კაფეში… თითქოს მე მქონდა უჩინმაჩინის ქუდი. გამოვჩნებოდი სადაც მინდოდა და გავქრებოდი საიდანაც მინდოდა.

   დღე მესამე – მესამე დღეს ქალური „ლოგიკა“ ჩამერთო და მაინცდამაინც იმ ადამიანებთან მომინდა ლაპარაკი, რომლებიც მხოლოდ “Facebook“-ზე მყავდა. ისინი, ვინც თვეობით არ მახსენდებოდა, ზუსტად მაშინ მომინდა მათთან ლაპარაკი, როცა ეს შეუძლებელი იყო… დაიმახსოვრეთ, ქალური ლოგიკა თვით ქალებსაც ღუპავთ!

   დღე მეოთხე – მეოთხე დღეს გაქრა წინა დღის შეგრძნება და დავიწყე რეალურ ადამიანებთან, რეალური ურთიერთობები. მართალია, ისინი “Facebook“-ში უფრო ხშირად წერენ “Smile”-ებს, ვიდრე ცხოვრებაში იღიმიან, მაგრამ დასაწყისისთვის ამასაც არაუშავდა… რეალური უ-“Smile”-ობა ჯობია, ვირტუალურ “Smile”-ებს…

   დღე მეხუთე – მეხუთე დღეს გამახსედა, რომ “Facebook“-ს ელექტორნული ფოსტის ფუნქიციაც შეეთავსებინა და ნოემბრის ღრუბელთან ერთად მეც მოვიჟამე. ველოდებოდი საჭირო მასალების გამოგზავნას, მე კი აღარ ვარსებობდი. რამ მომაფიქრა საერთოდ ეს უჩინმაჩინობა?!

   დღე მეექვსე – მეექვსე დღეს იმასაც, მივხვდი, რომ როგორც მე მეხურა უჩინმაჩინის ქუდი, ასევე ეხურათ ჩემ მეგობრებს. მე მათ შესახებ უკვე არაფერი ვიცოდი… სად იყვნენ… რას აკეთებდნენ… ვინ უყვარდათ… არ ყოფილა ეს უჩინმაჩინის ქუდი მხოლოდ ჩემთვის!

   დღე მეშვიდე – მეშვიდე დღეს გამახსენდა, რომ “Facebook“-ი მეგობრების დაბადების დღეებსაც მახსენებდა. ამ 7 დღეში კი ვინ იცის რამდენი ადამიანის დაბადების დღე გამომრჩა?! მაგრამ ეს პრობლემაც მალე მოგვარდა… ჩემ „რეალურ“ მეგობრებს შეეძლოთ სხვების დაბადების დღეების შეხსენება…

   დღე მერვე – და როცა მერვე დღე თენდებოდა, ამ დღიურის წარმოებაც მომბეზრდა და ის უამრავი ახალ გაჩენილი პრობლემა, რაც უ-“Facebook“-ს მოჰყვა… ღამის 4 საათზე მოვიხადე უჩინმაჩინის ქუდი და ისევ ვირტუალურ “Smile”-ებს და „კოცნებს“ დავუბრუნდი.

და მაინც, რას გაუგებ სიცხიან ადამიანს?! ის მთვრალივით ბოდავს და უცნაური ქმედებებით გამოირჩევა…

საკო კოჭლამაზაშვილი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები