ფიქრობ, რომ თავისუფალი ხარ?

რისთვის შეიქმნა ადამიანი?

ვინ არის პირველი, ვინც ამ კითხვაზე გახსენდებათ? სავარაუდოდ, კაცობრიობის  ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურები, როგორებიც არიან, მაგალითად, ადამი ან ევა, პეტრე მოციქული, ან პილატე პონტოელი, სოკრატე ან ჰიტლერი, ბეთხოვენი ან მაკედონელი…

შეიძლება ცოტა რთული აღსაქმელია, მაგრამ თითოეული ჩვენგანი ზუსტად ისეთივე ადამიანია, როგორიც ყველა ზემოთ ნახსენები და ჩვენც იმავე სამყაროში გვიწევს ცხოვრება, სადაც ისინი ცხოვრობდნენ. ამიტომაც, როცა ადამიანზე ვლაპარაკობთ, მეტი თვალსაჩინოებისთვის ჯობს ყველამ საკუთარი თავი წარმოვიდგინოთ. ასე უფრო ადვილი გასაცნობიერებელია, რომ კითხვა – თუ რისთვის შეიქმნა ადამიანი? – ყველაზე მეტად კონკრეტულად ჩვენ გვეხება და, მერწმუნეთ, არც ერთი ადამიანი ვინმეზე ნაკლებად მნიშვნელოვანი არ არის.

იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი ძირითადი დანიშნულება ოჯახის შექმნა და შვილების გაჩენაა, მაშ ჩვენი შვილების ძირითადი ფუნქციაც იგივე ყოფილა და შემდეგ – იმათი შვილებისაც. ეს, რა თქმა უნდა, აუცილებელია, მაგრამ ხომ არ ფიქრობთ, რომ ზედმეტად გონიერი არსებები ვართ იმისთვის, რომ ასეთი „რუტინული“ იყოს ჩვენი მთავარი მიზანი?!

არსებობს ისეთი განცდები და ფასეულობები, რომლელთათვისაც ნამდვილად ღირს ადამიანის ცხოვრება. ასეთები არის, მაგალითად, სიყვარული, თავისუფლება, სინანული… ჩვენ კი საკუთარ თავს შეცდომაში შევყავართ – გვგონია, რომ თავისუფლები ვართ, გვიყვარს ან ვნანობთ. ხშირ შემთხვევაში, ეს ასე არ არის და ზოგჯერ ადამიანი  ამ ტყუილში გალევს ხოლმე მთელ თავის ცხოვრებას. სამაგიეროდ, ასეთი ადამიანისთვისაც არსებობს ცხოვრების ალტერნატიული მისია, სწორედ ამ შემთხვევისათვის მოიაზრება ზემოთ ნახსენები „რუტინული“ მიზანი.

იმ ადამიანებისათვის, რომლებიც ალტერნატიულ მიზანს პირველ რიგში არ დაიყენებს და ამით ცხოვრების იოლ გზას არ აირჩევს, თავისუფლებაზე ვილაპარაკებ.

ქუჩაში გამვლელი რომ გააჩეროთ და ჰკითხოთ,  ერთმნიშვნელოვნად თავისუფალი არის თუ არა, ალბათ 99 % – ის პასუხი დადებითი იქნება. პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ არ ვიცით, რა არის თავისუფლება, ზოგს  ეს ისე ესმის, თითქოს, თუ იმის გაკეთების საშუალება აქვს, რაც უნდა, გამოდის, რომ თავისუფალი ყოფილა. ჩემი აზრით,  თავისუფლება რომ ასე ისაზღვრებოდეს, არა მარტო ლომთა, არამედ წრუწუნათა ხვედრიც ადვილად იქნებოდა. არადა, ქართველთა ბრძენი ოსტატი ამბობს : „ოდეს ტურფა გაიეფდეს, არღარა ღირს არცა ჩირად“.

სანამ აუგ საქციელს ჩაიდენს ადამიანი, ყოველთვის იცის გულის სიღრმეში, რომ კეთილს არ აკეთებს. უბრალოდ, ამ აზრს ზოგჯერ გულის სიღრმეშივე ახშობს და საკუთარ თავს არ უმხელს. შეიძლება, იმ მომენტში  შედეგად მხოლოდ სიამოვნება მივიღოთ, მაგრამ, როგორც წესი, შემდგომში მაინც თავს იჩენს ჩვენი ნამოქმედარი და საზიანოა ჩვენთვის ან სხვისთვის.  ეს აუგი საქციელი კი, ძირითადად, ჩვენივე სურვილებიდან გამომდინარეობს.

გადაწყვეტილების მიღებამდე  სურვილები და „გულის სიღრმეში“ გაცნობიერებული აზრი  ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის და ჩვენ არჩევნის გაკეთება გვიწევს, ვის ვასიამოვნოთ – საკუთარ თავს (რომელიც ათას არგუმენტს გვაყრის თავს, თუ რატომ უნდა ავისრულოთ საწადელი),  თუ გულს (სადაც ერთი წამით გაიელვებს კეთილი განზრახვა). სწორედ აქ ჩნდება მარცვალი თავისუფლებისა, რომლის განაყოფიერებაც ჩვენს ნებასა და ბრძოლისუნარიანობაზე არის დამოკიდებული.

და კიდევ ერთხელ მოვიშველიებ ბრძენი ოსტატის სიტყვებს: „რაც არა გწადდეს, იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა“ ( შოთა რუსთაველს მაზოხისტური მიდრეკილებები, სავარაუდოდ, არ შეენიშნებოდა).

დემეტრე მაჭავარიანი

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები