“სტოპით” მოგზაური გოგონას დაუვიწყარი ისტორიები… (ფოტორეპორტაჟი)

მან თითქმის მთელი საქართველო მოიარა… ძალიან სახიფათო და დაუვიწყარი თავგადასავლებით აღსავსე „სტოპით” მოგზაური თინა ღვინიაშვილი ამ ისტორიებს „რეპორტიორს” უყვება.

– დავიბადე სოფელ კაჭრეთში, სკოლის დამთვარების შემდეგ თბილისში ჩამოვედი. „თსუ”-ში ბაკალავრიატი დავამთავრე, – კლასიკური ფილოლოგია, მაგისტრატურა – განათლების ადმინისტრირების განხრით. ვმუშაობ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ ლიგამუსი”.

გაცვლითი პროგრამით პირველად იანინის უნივერსიტეტში, ახალი ბერძნული ენისა და ლიტერატურის შემსწავლელ კურსებზე წავედი და მეორედ, კაპოდისტრიის სახელობის ათენის ეროვნულ უნივერსიტეტში.

სხვა ქვეყანაში წასვლამ, მართალია სტიპენდიით, მაგრამ მაინც, გამიმძაფრა მოგზაურობის სურვილი. მანამდე არ მქონია შეხება და არც ნაცნობები მყოლია, ვინც ასე, ავტოსტოპით მოგზაურობდა. პირველად იქ აღმოვაჩინე, რომ შესაძლებელია იმოგზაურო ასე… რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც საქართველოშიც პოპულარული გახდა ავტოსტოპით მოგზაურობა, გავიცანი მოლაშქრეები, ავტოსტოპერები, მერე უკვე მეც მოვინდომე და დავიწყე მოგზაურობა…

– საიდან იწყება საქართველოში „სტოპით” პირველი მოგზაურობა?

 

– იმ პერიოდის ოცნება ხევსურეთი იყო, სწორედ იქიდან იწყება ჩემი მოგზაურობაც. სამოგზაუროდ არანაირი აღჭურვილობა არ გვქონია, კარვით დაწყებული ყველაფერი ვითხოვე.

– ზოგადად, სულ ვწუწუნებდი, რომ არ მაქვს საძილე ტომარა, კარავი და ა.შ. ყველაფერს ფინანსებს ვუკავშირებდი, გამოვიყენე ჩემი მეგობრების რესურსი, ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც დამეხმარა საჭირო აღჭურვილობებით ჩემს მოგზაურობებში… ოთხი მანქანა გამოვიცვალეთ, სანამ ხევსურეთამდე ჩავიდოდით. ერთ-ერთი მანქანის მძღოლმა ცოტა შეგვაშინა, საშიშ თაგადასავლებს გვიყვებოდა, როგორ მოკლა ორი ადამიანი, იდეაში თავს იცავდა და ვერ დაუმტკიცდა დანაშაული… თან ფურგონის ტიპის მანქანა იყო და საბარგულზე საფლავის ქვები ეწყო… საკმაოდ შევშინდით, თან პირველი მოგზაურობა იყო.

 

დანიშნულების ადგილზე მისულებმა კარავი გავშალეთ და ირგვლივ ასაფეთქებლები ავაფეთქეთ,რადგან ცნობილია, რომ ნადირი 10 კმზე დენთის სუნზე არ მოდის. ვცდილობთ სამოგზაუროდშეძლებისდაგვარად მომზადებულები წავიდეთ.

თუშეთში გადასვლა გვინდოდა, მაგრამ სამი დღით წასულები წვიმის გამო შატილში ხუთი დღე ჩავრჩით. იქაურმა ახალგაზრდებმა თავიანთი კოშკი დაგვითმეს, კარავში დაძინება აღარ მოგვიწია… ის ხუთი დღე კოშკში ვიცხოვრეთ. ჩემთვის სასიამოვნო ფაქტს გავიხსენებ, იქაურები კოშკიდან სიგარეტის ნამწვავებს ისროდნენ და ჩვენ ამაზე დიასახლისებივით პროტესტი გამოვთქვით, შესანიშნავ ადგილს რომ აბინძურებდნენ. საფერფლეები გავუმზადეთ და დანაგვიანების საშუალებას არ ვაძლევდით. ერთი წლის შემდეგ, ერთ-ერთმა ხევსურმა ახალგაზრდამ, ვინც მაშინ შეგვიფარა, მომწერა, თუ ვინმე ნამწვავს გადააგდებს, ახლა ჩვენ ვყვირით, ნუ ანაგვიანებთ ამ ადგილსო. ეს ფაქტი ძალიან მესიამოვნა.

– ისეთ სახიფათო ტერიტორიაზე იმოგზაურეთ როგორიც პანკისის ხეობაა…

– ყველა მაფრთხილებდა, რომ იქ სახიფათო იყო და ა.შ… მე მაინც წავედი. პანკისის ხეობაში არის ერთი ფანტასტიკური ადგილი ტბათანა, ბოლო სოფლიდან ფეხით სასიარულო და საკმაოდ რთული მარშრუტია, დაახლოებით 15კმ-მდე, 3000 მეტრის სიმაღლეზე მთაში, მიტოვებული სოფელია, სადაც მხოლოდ ხის ქოხებია შემორჩენილი.

მიუხედავად იმისა, რომ გაზაფხულზე წავედით, იმ სოფელში ძალიან თოვდა. მაშინ შედარებით ბევრი ვიყავით. გზა აგვებნა, ამ დროს ერთი მოხუცი მწყემსი შემოგხვდა. ჩვენთვის გზის საჩვენებლად აღმართებზე დაახლოებით, 5 კმ იარა ჩვენთან ერთად. ჩანთაში შოკოლადები გვქონდა და ყველაფერი საყვარელ ბაბუს დავუტოვეთ, ის არასდროს დაგვავიწყდება. სანამ ტბათანასთან მივიდოდით, გაშლილ მინდორზე კარვები გავშალეთ. ღამით ცოტა საშიშ სიტუაციაში აღმოვჩნდით. ნადირის ხმა სულ ისმოდა, მაგრამ შემდეგ უკვე დავინახეთ ჩვენს კარვებთან ახლოს მგლის თვალები როგორ ანათებდნენ, ცოტა პანიკური სიტუაცია იყო. თუ გამოუვალი სიტუაცია შეიქმნებოდა, შეთანხმებულები ვიყავით, რომ ხეებზე ავძვრებოდით, თოკები გვქონდა რომლითაც ხეებს მივებმებოდით და თუ ჩაგვეძინებოდა, ეს თოკი დაგვიჭერდა. მაგრამ გეგმა B არ დაგვჭირდა. მეორე დღეს გზაში კიდევ დაგვაღამდა, ახმეტაში ავტოსტოპზე ორი ქისტი ძმა შეგვხვდა, თავისთან სახლში წაგვიყვანეს. ერთ-ერთ ძმას ულამაზესი ცოლი ჰყავდა, ჩადრით გამოწყობილი. იმ ქალბატონმა ცეცხლი დაგვინთო, მშრალი ტანსაცმელი მოგვცა, რადგან წვიმისგან სულ სველები ვიყავით, მოგვაწესრიგა, დაგვაპურა, გვეხვეწა, დარჩითო, მაგრამ სამსახურის გამო თბილისში უნდა წავსულიყავი, თავისივე მანქანით გაგვიყვანეს გაჩერებაზე. უკვე საკმაოდ გვიანი იყო, ვეღარ ვახერხებდით ავტოსტოპით წამოსვლას. ის ადამიანი ბოლომდე გვერდში დაგვიდგა და ბოლოს ისე მოხდა, რომ თვითონ დაგვიქირავა ტაქსი და გამოგვიშვა. ეს სიკეთე არასდროს დაგვავიწყდება. მათ შვილებს ხატვა უყვართ, სულ ვამბობ, როგორც კი იქ მოვხდები, სახატავ რვეულებსა და ფანქრებს წავუღებ. ზოგადად იქ არაჩვეულებრივი ხალხი ცხოვრობს.

– ჯავახეთი განსაკუთრებით გიყვართ…

 

– ჯავახეთი ჩემთვის ამოუწურავი თემაა. თითქოს ყველაფერი ნანახი მაქვს, მაგრამ მგონია, მაინც სულ რაღაც მრჩება სანახავი.

ამ ადგილთან ბევრი მოგონებებიც მაკავშირებს. იქ ერთ-ერთ უძველეს სოფელ ყაურმაში ხიდია, რომელზეც ამბობენ, თამარის დროინდელიაო. მახოვს, ძალიან ციოდა, თოვდა, აღდგომის პერიოდი იყო. ამ ხიდზე გადასვლისას, თავზე ჩემი უსაყვარლესი ქუდი მეფარა და ქარმა მდინარეში გადამიგდო, რაზეც კივილი დავიწყე, ჩემი ქუდი-მეთქი და ა.შ… ამ დროს საკმაოდ რომანტიკული სიუჟეტი შეიქმნა… მდინარის ნაპირას ბიჭები იდგნენ, ერთ-ერთს ზურგზე სათევზაო ბადე ჰქონდა გადაკიდებული, ყველაფერი დააგდო და ტანსაცმლიანად მდინარეში გადაეშვა და ქუდი დამიბრუნა. მწვანე თვალები ჰქონდა იმ ბიჭს და სულ ვამბობ ხოლმე, მწვანეთვალება გმირი მყავს ჯავახეთში-მეთქი.

მწვანეთვალება გმირი

– რაჭაში „უძირო ტბაზე”, საიდანაც გეგონათ რომ ვეღარასდროს დაბრუნდებოდით…

– ეს იყო ჩემი მოგზაურობის ყველაზე რთული მარშრუტი. ავტოსტოპით წავედით სოფელ გლოლამდე. ერთი რაჭველი მეგობარიც გვახლდა, აქედან გამომდინრე, მთელი რაჭა იყო ჩართული, რომ ამ ტბამდე ავსულიყავით. ყველას უკვირდა, იქ რომ მივდიოდით. როგორც იქნა, გვიან ღამით ავაღწიეთ. დაღლილები დასაძინებლად შევედით კარვებში. ცოტა ხანში, ძალიან ცუდად გავხდი, არ ვიცი, რატომ… მეგონა, მოვკვდებოდი… ამას კი დაემატა საშინელი ჭექა-ქუხილი, წვიმა. წარმოიდგინეთ, როგორი ხმა ექნებოდა რაჭაში, ალპურ ზონაში ამ გრუხუნს. თურმე სოფლებში სახლებისთვის სახურავები აუხდია. გარშემო ყველგან მეხი ეცემოდა, შიშისგან მთელი ღამე თეთრად გავათენეთ. მეხის საშიშროების გამო, სასწრაფოდ მობილურებს, ციფრულ ფოტოაპარატებს ელემენტები ამოვაცალეთ. ასეთი საზარელი ხმა არასდროს მსმენია. წვიმას მეორე დღესაც არ გადაუღია. იქ მოცდას აზრი არ ჰქონდა და წამოვედით. მთელი გზა თავსხმა წვიმაში, ტალახში წვალებით ვიარეთ… ხან ერთი დაეცემოდა, ხან მეორე… წაქცევის დროს ფეხზე სერიოზული ტრავმა მაქვს მიღებული. ამ მოგზაურობის დროს მართლა შემეშინდა… და მეგონა, იქიდან ვერასდროს გავაღწევდი… როგორც იქნა, სოფლამდე ჩავაღწიეთ. თურმე მთელი რაჭა გვეძებდა, საპატრულოსა და სამაშველოს ჩათვლით, ყველგან გვეძებდნენ. თუ სადმე კარავს ნახავდნენ, ყველას ეკითხებოდნენ, ის სამი გოგო თქვენ ხომ არ ხართო. ცოტათი დაგვტუქსეს კიდეც. თუმცა, ამის შემდეგ მაინც გადავუხვიეთ „სტოპით” სხვა მიმართულებით…

– მოგზაურობა ლეჩხუმში…

 

– ლეჩხუმში პირველად ვიყავი. ჩემს მეგობრებთან ერთად პირველად სოფელ ქულბაქში ჩავედით.გზიდან შვიდი კილომეტრი ვიარეთ ფეხით. როგორც ლეჩხუმელებმა თქვეს, აბარჯახებული ჩანთებით.

– წვიმდა, ქარი ქროდა. ქულბაქამდე ერთი სოფელი შემოგვხვდა და ცოტა შევისვენეთ. ის იყო გზას უნდა გავდგომოდით, რომ მაღაზიის სატვირთოს მიკროავტობუსი წამოგვეწია. ავძვერით კაკლისა და პროდუქტების ტომრებზე საბარგულში და ავუყევით სოფლის გზას. მალევე, მანქანამ ერთ მოხუც ქალს გაუჩერა, წამოდი, ეთერი ბებო, წაგიყვანთ სახლამდეო. აი, მანდ გადაწყდა ჩვენი ბედიც. არც საჭმელი გვქონდა, თან ძალიან გვციოდა. ამ საყვარელმა ხუმარა ბებიამ თავისთან სახლში წაგვიყვანა, ჩემი კაცი ცეცხლს დაგინთებთ და მე ღარიბულ სუფრას გაგიწყობთო.

 

ეთერი ბებო

თავი არ მოგვჭრათ, რაის კარავს გაშლით ეზოშიო და სულ სიცილით შეგვრეკა სახლში. სანამ ბებო საქმეს მოამთავრებდა, ჩვენ ქულბაქის ტბები ვნახეთ. ათასობით წინწკლებიანი კალმახი და ძაღლის ლეკვები.

სახლში დაბრუნებულებმა, გემრიელად ვივახშმეთ. მერე, ღუმელთან წამოვწექით ტახტზე და ოთარი ბაბუას ჯარში გადამხდარ ამბებს ვისმენდით. ასე ტკბილად შემოგვაღამდა.

ეთერი ბებომ გახამებული თეთრეულით საწოლები გაგვიწყო. ფეხებქვეშ თბილი პლედი შემოგვიკეცა და დედა, რავა ტკბილად არიან ჩამწკრივებულებიო, სიცილით გაიხურა კარი.

დილით ბებომ გაგვაღვიძა, აქაური ბიჭი გელოდებათ მანქანით, უნდა, სოფელი მოგატაროთ, ადექით, ისაუზმეთ და მერე წადითო. ასე გავიცანით ირაკლი.

-საუზმის მერე დავემშვიდობეთ ჩვენს საყვარელ და ტკბილ მოხუცებს. ჩაგვეხუტნენ და არ დაგვივიწყოთო, დაგვიბარეს. მათ 4 შვილი, 16 შვილიშვილი და 8 შვილთაშვილი ჰყავთ.

ირაკლიმ მოგვატარა თუ რამე იყო სანახავი. ჩანჩქერი, მეთორმეტე საუკუნის ულამაზესი ტაძრის ნანგრევები, მჟავე წყლები. სოფელში ყველგან წარწერებია გაკეთებული, რომ არავინ დაანაგვიანოს გარემო. საოცარია, მაგრამ არსად გვინახავს არც საჭმლის ნარჩენები და არც ძირს დაყრილი ბოთლები. ქულბაქის მერე ბარდნალაში წავედით. ისეთი ლამაზი იყო სოფელი, მივხვდით, რატომ წერდა ლადო ასათიანი „რა კარგი იყო ბარდნალა”..

ამასობაში შუადღეც მოვიდა და ჩემი გოგოები თბილისის გზას დაადგნენ, მე ორბელისკენ გავეშურე. ეს იყო ჩემი პირველი მოგზაურობა სრულიად მარტო.
იქ გატარებული დღეები ცალკე საოცარი ამბავია.

სოფელი ზემო ორბელი

– როგორც ვიცი, წელს „სტოპით” თურქეთშიც იმოგზაურეთ…

– მე და ჩემი ორი მეგობარი გოგონას იდეა საზღვრის გარღვევა იყო. სარფიდან დავიწყეთ „სტოპით” მოგზაურობა.

ვიარეთ ტრაილერებით, ფურგონიანი მანქანებით… ერთ-ერთმა მძღოლმა გვითხრა რომ კონკრეტულ ქალაქამდე დაგვიტოვებდა, მაგრამ ცოტა შეგვეშინდა მისი, მოვატყუეთ, რომ გველოდებოდნენ. საბოლოო ჯამში ის კაცი ყველაფერს მიხვდა, რადგან რომ ჩამოგვსვა, მიუხედავად ჩვენი წინააღმდეგობისა, ფულიც გვაჩუქა, წვენები და რაღაცებიც დაგვიტოვა. მერე წავედით ერთ ფანტასტიკურ საკურორტო სოფელ აიდერში, მანამდე ბევრი ვიარეთ. იმ საღამოსვე უკან წამოვედით. შესანიშნავი იყო ეს ყველაფერი.

– რა დამოკიდებულება ჰქონდათ თურქებს სამი მოგზაური გოგონას მიმართ?

– ძალიან კარგი. კომუნიკაცია, რა თქმა უნდა, ჭირდა, რადგან არც რუსული, ინგლისური და, ბუნებრივია, არც ქართული იცოდნენ, მიმიკებითა და ჟესტებით ვესაუბრებოდით. ამის გამო კურიოზებიც შეგვემთხვა. ერთ-ერთი თურქი ყველანაირად შეეცადა, ეს მოგზაურობა არ გაგვეგრძელებინა, ძალიან საშიშია, მითუმეტეს გოგონებისთვის, ავტობუსი გამოივლის და უკან გაყევითო. მიხვდა, ამას მაინც არ ვიზამდით, საკუთარი გეგმები შეცვალა, ჩაგვსვა და თვითონ წაგვიყვანა. ზოგი თურქი ახალგაზრდა გვეპრანჭებოდა. საბოლოო ჯამში, არაჩვეულებრივი მოგზაურობა გამოგვივიდა. ბათუმში დაბრუნებულებმა იქ ვერ გავძელით, ავიბარგეთ და მაღალმთიანი აჭარის დასათვალიერებლად გავეშურეთ.

– როგორია საქართველოს კუთხეები მოგზაური გოგონას ხედვით?

– ყველა კუთხის ადამიანებს შორის მკვეთრი განსხვავებაა. მე მხოლოდ სამოგზაუროდ არ დავდივარ, იქაურ ადამიანებთან ურთიერთობას ვანიჭებ უდიდეს მნიშვნელობას. განსხვავებული ტრადიციები, იუმორი, სტუმარ-მასპინძლობა. აი, მაგალითად, ტაბაწყურში, სადაც ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა ცხოვრობს, ასეთ ფაქტს შევესწარი… ზაფხულის ერთ დღეს, მთელი სოფელი განურჩევლად ასაკისა თუ სქესისა, ორღობეებში, წყლით სავსე დიდი სათლებით ერთმანეთს წუწავდნენ.

-სწორედ ამ მომენტში აღმოვჩნდი იქ. თურმე ასეთი ტრადიცია არსებობს ამ სოფელში, რაზეც არასდროს მსმენია.

კახეთში ალალი ხალხი ცხოვრობს, ამასთან პირდაპირებიც არიან. მიყვარს ისინი. გურია – იქაურების გაუთვითცნობიერებელი და იმპროვიზირებული იუმორით მიყვარს… ხშირად მცოდნია გზა საითაც მივდიოდი, მაგრამ მიმართულებას მაინც ვეკითხებოდი ხალხს, რომ ეს გურული საუბარი მომესმინა. რაჭაში მშვიდი და წყნარი ხალხია. იქ თავს სრულიად დაცულად ვგრძნობ. იქაური ხალხის იმედი მაქვს… სვანეთში, პირველად გავსინჯე უგემრიელესი ფეტვიანი ხაჭაპური. მთის ხალხი, მართალია, რთული ხალხია, მაგრამ ყველასგან მხოლოდ სითბო მიგრძვნია. ასევე ძალიან მიყვარს ფშავ-ხესურეთი. არ მინდა, რომელიმე კუთხე გამომრჩეს, რადგან ყველასთან განსაკუთრებული დამოკიდებულება და ისტორიები მაკავშირებს. საქართველოს თითოეული ადგილი მიყვარს. ერთ ქვეყანაში ამდენი განსხავავებული კუთხე, ცოტა უცნაურიც კია.

– თავად მძღოლებისგან თუ გიგრძვნიათ ხიფათი „სტოპით” გადაადგილებისას?

 

– ცუდი ფაქტები, რა თქმა უნდა, გამოერევა. ბევრჯერ მანქანიდანაც ჩამოვმხტარვარ, რადგან აგრესია მიგრძვნია… ეს ამ მოგზაურობის სირთულეებია. მე მზად ვარ ამ სირთულეების დასაძლევადაც. ჩემი თავის იმედი მაქვს. გამოუვალ მდგომარეობაში არასდროს ჩავვარდნილვარ.

ერთ უცნაურ მძღოლს გავიხსენებ, რომელსაც მანქანაში აბსოლუტურად ყველგან კრიალოსნები ეკიდა. ვკითხეთ ამაზე, გვითხრა, ჯადო გამიკეთეს და მისგან თავდაცვის მიზნით, კრიალოსნებს მე თვითონ ვაკეთებო. უჯარმაში რომ ჩამოგვსვა, ერთი ცალი გვაჩუქა, ჩვენ შეგვეშინდა და ხეზე ჩამოკიდებული დავტოვეთ.

– მიუხედავად  ადამიანების კეთილგანწყობისა, არასდროს მოუციათ შენიშვნა იმაზე, თუ რატომ დადის გოგონა მარტო ამხელა გზებზე?

 

– რა თქმა უნდა, ყოფილა შემთხვევები, უთქვამთ „გოგო, რატომ დადიხარ… რა გოგოს საქმეა ეს… როგორ შეიძლება ამხელა გზაზე მარტო სიარული… პატრონი არ გყავს? მე კი ვეუბნები, მათ – რას ამბობ, ბებო, მე რომ არ ვიმოგზაურო, ხომ ვერ გაგიცნობდი, თქვენს ისტორიებსა და ტრადიციებს ხომ ვერ გავიგებდი-მეთქი… კომუნიკაციას ჩემებურად ვამყარებ. ეს არის ერთ-ერთი დომინანტი ურთიერთობაში. ადამიანები მონატრებულები არიან სხვა ხალხთან საუბრებს, საკუთარი ისტორიების მოყოლას… უცბად ნახულობენ ადამიანს, რომელსაც მათი ამბების მოსმენა არ ეზარება. ბევრი ადამიანი მოგზაურობს ავტოსტოპით, ბევრიც მიეჩვია ამას და აღარ უკვირთ კიდეც. ახლა უკვე სიმამაცეში მითვლიან და მეუბნებიან – ყოჩაღი გოგო ხარო.

 

– შემდეგი მოგზაურობისთვის საით გაქვთ გეზი აღებული?

 

– უახლოეს გეგმაში, ზამთრის პერიოდში, საინგილოში წასვლას ვგეგმავ. რატომ, არ ვიცი, მაგრამ სულ ისე ხდება, რომ თუშეთში ვერასდროს მივდივარ, წასვლის წინა დღეს, როდესაც სრულიად მომზადებული ვარ, სერიოზული მიზეზებით ვეღარ ვახერხებ წასვლას. თუშეთი, მგონი, ჩემი ბედისწერაა… და არ მიშვებს თავისთან, შიგნით… ეს კიდევ უფრო მიმძაფრებს იქ წასვლის სურვილს.

ქვეყნის გარეთ სომხეთსა და აზერბაიჯანში გადასვლა მინდა. ასევე ირანში მოგზაურობაზე ვოცნებობ, ოღონდ არა როგორც ტურისტი, არამედ „სტოპით”. ვაცნობიერებ, რომ მარტო გოგო ირანში საშიშია… მეგზურ პარტნიორებს ვეძებ.

– მაინც რა არის ამ მოგზაურობის საბოლოო არსი?

 

 

– ეს ჩემი სულის კვებაა. მშიერ ადამიანს ემსაგვსება ჩემი შინაგანი სამყარო, როდესაც დროის სიმცირის გამო, ვერ ვახერხებ ხოლმე მოგზაურობას. მე აღმოვაჩინე, რა უნდა მეკეთებინა ცხოვრებაში. ეს ჩემი სულის საკვებია. მგონია, რომ ადამიანებმა უნდა ეძებონ საკუთარი სურვილები, როცა იპოვიან, განახორციელონ კიდეც… მე ეს ვიპოვე…

ჯავახეთი, ნინოწმინდა

 

ხევსურეთი, ჯუთა

შატილი

ქულბაქის ტბა

ტაბაწყური

სოფელი ჟდანოვაკანი

 

 

სოფელი საღამო

 

რაჭა

 

ლეჩხუმი

 

გურია, გომის მთა

 

ჯუთა

 

პანკისის ხეობა

სოფელი კარწახი

 

წყარო: reportiori.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები