აჩქარებული და შენელებული არტრეაქციები

თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი Fest I Nova, რომელიც კასპის რაიონის სოფელ გარიყულაში ყოველწლიურად იმართება, ვიზუალური ხელოვნებით შთაგონებულებს, არტისტებს, მხატვრებსა თუ კრიტიკოსებს გარკვეული ანალიზისა და არტრეფლექსიის შესაძლებლობას უტოვებს. ფესტივალი 19 სექტემბერს გაიხსნა და ერთი თვის განმავლობაში მასპინძლობდა თანამედროვე არტითა და მულტიმედიით შთაგონებულთ.

უკვე კარგა ხანია, Fest I Nova მულტიფუნქციურ საერთაშორისო პლატფორმად იქცა, რომელიც გარკვეული თვალსაზრისით, გერმანული ბაუჰაუზის (Bauhaus) გამოცდილებას ეყრდნობა. ის აერთიანებს საგანმანათლებლო პროგრამებსა და პრაქტიკულ სწავლებას სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის. გარდა ამისა, ეხმარება მათ კვლევით და თეორიულ სამუშაოებში.

გარიყულას შემოქმედებით იმპულსს პირველ რიგში, მხატვარი და პედაგოგი ყარამან ქუთათელაძე განსაზღვრავს. დიდი ხნის წინ სტუდენტებთან ერთად ის არტვილაში დასახლდა და არტისტების გაერთიანება თუ კომუნა შექმნა. შემდეგ დააარსა თანამედროვე ხელოვნების პირველი რეგიონული ცენტრი – „არტვილა გარიყულა”, რომელმაც შემდგომში Fest I Nova-ს შექმნას ჩაუყარა საფუძველი. გარიყულაში თანამედროვე ხელოვნების შესახებ ხშირად იმართება გამოფენები; აქციები თუ დისკუსიები.

„არტვილა გარიყულა“ აგრძელებს ტრადიციას და წელს სასახლის ინტერიერს, შენობის შიდასივცეს და მიმდებარე ტერიტორიას 10 ქვეყნიდან ჩამოსულ 70-ზე მეტ არტისტს უთმობს. საერთაშორისო “არტისტული კომუნა”, რომელიც თანამედროვე ხელოვნების ნამუშევრებს ქმნიდა და ქმნის, აქტიურ ინტერაქციაშია ჩართული დამთვალიერებელთან.

Fest I Nova 2015-ს ახალი და ორიგინალური კონცეფცია აქვს და მას “G-15” ეწოდება:

“ჩვენ ვიცით, რომ G-12 ის მაქსიმუმია, რასაც ადამიანის სხეული აჩქარებისას უძლებს და რაც, მაგალითად, კაფსულაში მჯდომ ადამიანს შეუძლია განავითაროს, თუმცა ადამიანის მიერ სიზმარში ან შემოქმედების პროცესში განვითარებული აჩქარების კოეფიციენტი გაზომვას არ ექვემდებარება. ჩვენ არ ვიცით, რა არის G-ს მაქსიმუმი ადამიანის გონებისათვის”. ამიტომ სიმბოლურად ვიღებთ G-15-ს, მდგომარეობას, როცა სხეულს აღარ შეუძლია გაუძლოს უფრო ძლიერ აჩქარებას, თუმცა გონება ითხოვს მეტს, როცა ადამიანი ცნობიერისა და არაცნობიერის ზღვარზე დგას…

ადამიანები გამუდმებით ცდილობენ დაძლიონ მიზიდულობის ძალა და გადაკვეთონ საზღვარი, რომელსაც გრავიტაცია ქმნის, თუმცა ამას ყველა სხვადასხვანაირად ახერხებს – ზოგი მთვარისკენ მიმართულ რაკეტაში ჯდომით, ზოგი ფორმულა 1-ის მანქანაში გასაოცარი სისწრაფის განვითარებით, ზოგი კი წარმოსახვაში, სიზმრებში, შემოქმედების პროცესში.

პავილიონები და არტობიექტები

Fest I Nova 2015-ის ფარგლებში გამორჩეული ამერიკული პავილიონია, რომლის სახელწოდებაა “კაფსულა”. ეს ამერიკაში მოღვაწე ქართველი ხელოვანის, არტისტის, უტა ბექაიას ნამუშევარია, რომელიც მან გარიყულაში შექმნა. უტა ბექაია დიდი ხანია ნიუ-იორკში ცხოვრობს და მუშაობს. მულტიმედიაში მომუშავე, მრავალი ინსტალაციის, კოსტიუმისა თუ არტობიექტის ავტორი, წელს Fest I Nova-ს ერთ-ერთი გამორჩეული სტუმარი და არტისტია.

პროექტი “კაფსულა” თავისი კონცეფციით ადამიანის გონების უსაზღვრო შესაძლებლობებს ეხმაურება. ერთი მხრივ, ნამუშევარი მოგვაგონებს სარკოფაგს, რომელშიც გამომწყვდეული ადამიანი თითქოს უმოძრაო და დროში გაჩერებულია. მეორე მხრივ, ეს არის შუშის სარდაფი-სარკოფაგი, რომელშიც ჩატანებული ადამიანის გონება, სხეულის ინერტულობის მიუხედავად, დროსა და სივრცეში თავისუფლად გადაადგილდება.

თანამედროვე ხელოვნების ცენტრი და ვატო წერეთელი ლითონის მავთულში მოქცეულ, პატარა ქვებისგან შეკრულ მასივს წარმოადგენს, რომელიც მიწისქვეშა გასასვლელს, გვირაბს და გამყოფ საზღვარს ერთდროულად აღნიშნავს. შესაძლოა ეს არის ირონიული მინიშნება, რომ დღეს საზღვრები და გვირაბები სულად არ არის შეუვალი, მყარი და მდგრადი.

აზერბაიჯანის პავილიონმა დამთვალიერებელს მითოლოგიურ-სტიქიური კონცეფცია – “პრომეთეს მიმართულება” – გაუზიარა. წითლად შეღებილი ხის სკულპტურა (ავტორები ბეთუნაი ჰაგვერდიევი და ოსხან ქარაევი), რომელიც ღამით ცეცხლის ალში ჩაიფერფლა, გვახსენებს, რომ აზერბაიჯანი ისტორიულად წარმართული სტიქიის, ცეცხლის ქვეყანაა.

ასევე ხისგან არის შექმნილი უკრაინის პავილიონი, რომელსაც “კიდობანი” ეწოდება. სხვადასხვა ფორმის ხის ნაჭრებისგან შეკრულ-შეკოწიწებული, ღია კიდობანი ნაჭრებით, ნივთებითა და პოლიეთილენის უთვალავი პარკებითაა გამოტენილი. ეს შიგნიდან მერყევი სივრცე და გარედან “უშნო” ხის სიმყარე გარკვეულ სოციალურ-პოლიტიკურ ალუზიებს აღძრავს (მხატვრები და ავტორები – ანტონ ლოგოვი, ლიდია ბორისენკო და ანდრეი დუდჩენკო).

ქართველი არტისტების მრავალმნიშვნელოვან, ჭრელ და არათანაბარ პროექტებსა თუ ნამუშევრებში უდავოდ გამოირჩევა მარიამ ნატროშვილის, მაკო სანიკიძის და დეთუ ჯინჭარაძის “წითელი ქარების მუზეუმი”. წითელი ქარები, რომელებიც გარიყულას მთებში ბინადრობენ, იმ მითის ნაწილია, რომლებშიც ზღაპრულ-ჯადოსნური ამბები თავს იყრიან. დაწერილ თუ დაბეჭდილ გზავნილებს კი არტისტები სამუზეუმო ექსპონატებივით მინის ყუთებში ათავსებენ. აღსანიშნავია სცენოგრაფისა და მხატვრის, თამარ ოხიკიანის “ობიექტი”: აბსტრაქტული, თეთრ-ნაცრისფერი ხის კუბი, რომლის დეკონტრუქცია იოლად არის შესაძლებელი.

ცოტა მარტივი, ნაივური, მაგრამ პოეტურია ქეთი ნადიბაიძის ინსტალაცია “უსიყვარულოდ”. რადგან ღამით, წითლად განათებული ნეონის ლამპიონები არა მარტო ვნებას, არამედ მარტოობის შეგრძნებებსაც გამოსცემენ. გაცილებით პრაქტიკულად უყურებს საგნებს ლალი ქუთათელაძე, რომელიც კერამიკული აგურისგან გამორჩეულ, ორიგინალური ფორმის ბუხრებსა და ღუმელებს ქმნის. “ცეცხლოვანი კედელი” (ასე ეწოდება ნამუშევარს) ღამით ინთება, ცხელდება და სიბნელეში ოდნავ მისტიკურ სანახაობას ქმნის…

 

DSC_6155 (Custom) DSC_6254 DSC_6242 DSC_6115

 

 

წყარო: liberali.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები