თბილისის ბიჭების გზამკვლევი

რა სურთ ქალებს?! – ესმოდეთ მამაკაცების…

რა სურთ კაცებს?!  – ესმოდეთ ქალების…

და მაინც, პოტენციურ „ადამს“ და „ევას“ იშვიათად ესმით ერთმანეთის… იქნებ არ ვცდილობთ საკმარისად?!

– გუშინ ხომ უყურე ფეხბურთს, დღეს რაღად გინდა?! – კითხულობს „ევა“…

გოგოებო, ნუთუ ასეთი ძნელია იმის გაგება, რომ გუშინ თამაშობდა ბარსა-სევილია, დღეს კი ბაიერნი-რეალი. გუშინ გოლი გაქონდა მესის, დღეს კი გაიტანს რიბერი! სხვა გოგოების არ ვიცი, მაგრამ მე ყოველთვის ტელევიზორის წინ მჯდომი ველოდები როდის გაიტანს გოლს მესი.

– წინა კვირას ხომ იყიდე ფეხსაცმელი, ახალი რაღათ გინდა?! – კითხულობს „ადამი“…

ბიჭებო, გაიხსენეთ „კონკიას“ ზღაპარი, რომ არა კონკიას ფეხსაცმელი, არაფერი გამოვიდოდა… ასე, რომ ჩვენ ფეხსაცმელებს თავი დაანებეთ!

და გარეთ თოვს, თუ ზაფხულის მზეა, თბილისის ბიჭები, მაინც 2 კატეგორიად იყოფა. “A” და “B” კატეგორიებად ავღნიშნოთ თუ გნებავთ.

პირველი კატეგორიის ბიჭები თამაშობენ, სვამენ, ზოგჯერ იკეთებენ კიდეც და თუ გაგიმართლათ, მხოლოდ ალფონსის სახით მოგევლინებიან. რა მნიშვნელობა აქვს?! თქვენ მაინც ნებისმიერ სიტუაციაში წაგებული ხართ. პირველმა კატეგორიამ ხომ იდეალურად იცის როგორ მოიქცეს გოგოსთან! ისინი მოჩვენებითი ჯენლტმენობით და მამაკაცურობით გამოირჩევიან თქვენთან.

მეორე კატეგორიის ბიჭები უაზრო ჩაცმის სტილით, უცნაური ფორმის სათვალეებით და უაზრო დიალოგებით გამოირჩევიან. მათ შეუძლიათ მთელი საღამოს განმავლობაში გიყვებოდნენ, თუ რა მნიშვნელოვანია მათთვის ტელეფონი, რომელი მოდელი შეიძინეს პირველად, რა ერქვა ტელეფონის შემკეთებელს და ბოლოს აღნიშნონ, რომ ტელეფონის ისტორიები ძალიან მაგარია! (ვერ ვხვდები რატომ…)

და ამ დროს პირველი კატეგორიის ბიჭები გიყვებიან ერთ, შეიძლება სულაც გამოგონილ ისტორიას, მაგრამ ისეთს, მთელი ცხოვრება, რომ გემახსოვრებათ. ისინი ცხოვრებაში გიწყობენ ზუსტად იმ ფილმს, რომელიც გინდოდათ და როცა კოცნის „მომენტი“ დგება, კოცნის ნაცვლად, უბრალოდ გულში თბილად გიხუტებენ. სწორედ ამ მომენტით გოგოები ხვდებით რომ ის უკვე გიყვართ!

და ამ დროს ასპარეზზე ჩნდებიან ჩვენი მშობლებიც: „ბიჭი უნდა იყოს კარგი ოჯახის შვილი, კარგი სამსახურით, განათლებული, ასევე კარგი გარეგნობის, შენი შესაფერისი!“. მიდი და ეხლა გააცანი დედ-მამას “A” კატეგორიის ბიჭი: ბენსიმონებში, „Rey Ban“-ებში და „ბაბულიკურ“ ქმედებებში გამოწყობილი. კოჭების დახვრეტა და კიდევ სხვა ექსცესები  ნამდვილად გარდაუვალი იქნება…

და მოდი ვცადოთ “B” კატეგორიაც! ცოტა წვეტიანი პრიალა ფეხსაცმლით, გაურკვეველი პერანგის ფერით და ბომბონერკით ხელში. ვერცერთი ჩემი დედის და მამის მსგავსი მშობელი ვერ „გაყიდის“ თავის „ბარბის“, ასეთ გაუგებარ „მასტზე“.

და ზუსტად ასე რჩებიან ხოლმე ქალები გაუთხოვრები… ჭირი იქა.. ლხინი აქა… არა, არა, ეგ ხომ ისტორიის ბოლოს არის ქატო იქ და ფქვილი აქ! მანამდე კი არის მესამე კატეგორია. სადაც ერთად არის თავმოყრილი პირველი და მეორე კატეგორიის საუკეთესო თვისებები. სხვა გოგოების არ ვიცი, მაგრამ სწორედ ამ კატეგორიის წარმომადგენელს ველი მე! არც პრინცს… არც იდეალს… ცოტა-ცოტა ყველაფერი, რომ აქვს და მთლიანობაში, რომ ჩემი ბიჭია.

საკო კოჭლამაზაშვილი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები