როგორც მსახიობს, თეატრში გასწავლიან, რომ ცუდი ტიპის როლს არასოდეს ასრულებ. უნდა გიყვარდეს ის, ვის როლსაც ირგებ

მოგწონს ფილმებში ცუდი ტიპის როლში ყოფნა?

როგორც მსახიობს, თეატრში გასწავლიან, რომ ცუდი ტიპის როლს არასოდეს ასრულებ. უნდა გიყვარდეს ის, ვის როლსაც ირგებ. ვერ იტყვი: „ცუდი ტიპი ვარ,” რადგან მერე როლს ვეღარ შეასრულებ.

როცა გმირის ბნელ მხარეს აღმოაჩენ, ეს შენს ინდივიდუალურობაზე გავლენას ახდენს?

არა, ჩემთვის ეს მხოლოდ სულიერი მოგზაურობაა. მე მჯერა ღმერთის. ადამიანების კი არა, ღმერთის მეშინია.

რელიგიური ადამიანი ხარ?

მე რელიგიაზე კი არა, სულიერებაზე ვლაპარაკობ.

რა განსხვავებაა?

რელიგია ჩემთვის იგივეა, კაცმა სულიერება მიისაკუთროს: „ჩემი ღმერთი მართალია, შენი კი არა.” ეს ადამიანური მდგომარეობაა. „თუ მუსლიმი ხარ, ქრისტიანი ვერ იქნები.” ესაა ჩემთვის რელიგია.

კომედიებს დიდად არ სწყალობ.

ასე გამოვიდა. თავიდან სულ ბიოგრაფიულ ფილმებში მიღებდნენ (იცინის). „მალკოლმ იქსი”, „ჰურიკენი”, „სტივ ბიკო”…

ხშირად გიწევს ხოლმე ფილმებზე უარის თქმა იმ მიზეზით, რომ სცენარი ერთი ტიპისაა?

რა თქმა უნდა. ჩემი კარიერა ამგვარ უარებზეა დამოკიდებული. სიდნი პოიტიერმა ერთხელ მითხრა, რომ პირველი ოთხი ან ხუთი ფილმი განსაზღვრავს იმას, თუ როგორი ტიპის კარიერა გექნება და როგორ სახელს დაიმკვიდრებ ბიზნესში. მე ძალიან გამიმართლა, რადგან ჩემი თავდაპირველი ფილმები ისეთი იყო, როგორიც მინდოდა. შემეძლო საქმე სხვანაირად წამეყვანა, სხვა არჩევანი გამეკეთებინა, მაგრამ ასე არ მოვიქეცი.

რა არჩევანი გქონდა?

მაგალითად მთავაზობდნენ ფილმს, სახელად: „ნიგერი, რომელსაც ვერავინ კლავს”. ეს საშინელება იყო. მათ მითხრეს, რომ კომედიად ჩაიფიქრეს. ბევრ ფულს მთავაზობდნენ და ერთი პერიოდი დავფიქრდი კიდეც, მაგრამ საბოლოოდ უარი ვთქვი. ყოველთვის ამას ვეუბნები დამწყებ მსახიობებს: „ნუ წახვალთ კომპრომისზე, იმუშავეთ თეატრში და დაელოდეთ თქვენს შანსს კინოინდუსტრიაში.”

ამის თქმა უფრო ადვილია, ვიდრე შესრულება, როცა ვინმე 20 მილიონ დოლარს გთავაზობს…

ძალიან სამწუხაროა, რომ დღევანდელ რეალობაში ახალგაზრდებს არ ეძლევათ განვითარების შანსი. მათ აქვთ კარგი გარეგნობა და გახედვას ვერ ასწრებენ, ოცი წლის ასაკში უკვე ცნობილი ვარსკვლავები არიან, მაგრამ მსახიობობის შესასწავლად დრო არ აქვთ. ყველა მსახიობი, რომელსაც პატივს ვცემ, თეატრიდანაა. ვიოლა დევისი, მერილ სტრიპი, ისინი თეატრიდან მოდიან.

შენც თეატრში მუშაობდი, სანამ ჰოლივუდის ვარსკვლავად იქცეოდი, არა?

მე ჰოლივუდის ვარსკვლავი არ ვარ. მსახიობი ვარ. პირველ რიგში კი – ადამიანი. ჩემი პროფესია მსახიობობაა. ხალხი ტიტულებს გაკერებს, ისინი ამბობენ, რომ მომავალი ვარსკვლავი ხარ, შემდეგ ამბობენ, რომ უკვე ვარსკვლავად იქეცი, ამის შემდეგ კი მოწყვეტილ ვარსკვლავს გადარებენ (იცინის). ასე რომ დიდ ყურადღებას არ ვაქცევ, რას მეძახიან სხვები.

არ მოგწონს კინოვარსკვლავის წოდება?

მე პროფესიონალი მსახიობი ვარ, ამიტომ რას დამიძახებენ სხვები, არ მაღელვებს.

შენი აზრით, კინოინდუსტრიის სისტემაში შავკანიან მსახიობებს საკმარისი შანსები აქვთ იმისთვის, რომ მთავარი როლები შეასრულონ ფილმებში?

პირველ რიგში, არ მგონია რაიმე სახის სისტემა არსებობდეს. უბრალოდ ადამიანთა ჯგუფი გამდიდრებას ცდილობს და ყველა გადაწყვეტილებას იმის მიხედვით იღებს, თუ რა მოგებას მიიღებს. აქ ასეთი პრინციპი მოქმედებს: „თუ ჯო ბლექი უცებ 100 მილიონს გააკეთებს, მიპოვე ათი ჯო ბლექი.” ეს ბიზნესის ხასიათია. ჩემი აზრით, ის მკაცრია როგორც შავების, ასევე თეთრების და ქალების მიმართაც.

როცა 40 წელს მიაღწევ, თავიდან გიშორებენ.

მაგრამ შესაძლოა კაცი 70 წლის იყოს და 25 წლის გოგო დაითრიოს. მგონი არსებობს შესაძლებლობა განვითარებისთვის. ვიღაცამ მკითხა, შენი აზრით, რასიზმის ბრალია, რომ „მალკოლმ იქსისთვის” ოსკარი ვერ მოიგეო? მე კი ვუპასუხე, რომ ალ პაჩინოს მივეცი ხმა, ის რვაჯერ იყო ნომინირებული და ვერ მოიგო ოსკარი. მე სამჯერ წარმადგინეს და მოვიგე, როგორ ფიქრობ, იტალიელი ამერიკელების საწინააღმდეგო განწყობის ბრალია-მეთქი? რა თქმა უნდა არსებობს სტერეოტიპები. ასეთია ადამიანის ბუნება. მაგრამ ყველაფრის მიზეზი ესაა? მე ამის არ მჯერა და ცოცხალი მაგალითი ვარ იმის, რომ ასე არაა.

წყარო: artside.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები