ასეთი წვრილ-წვრილი რაღაცებით აგროვებენ ბანკები მილიარდებს!

გაზეთი „კვირის ქრონიკა” საბანკო თაღლითობაზე წერს. საქმე ეხება ბანკის საკრედიტო, სახელფასო ან ნებისმიერი სხვა სახის ბარათის გაუქმებას. გამოცემა წერს, რომ ოპერატორები ბარათს ანულებენ, თუმცა მასზე მიბმული ანგარიში კვლავ აქტიური რჩება, ბანკი კი ამ ანგარიშის მომსახურების თანხას აწერს, რაც წლიურად 20 დოლარამდე ადის. სტატიაში წერია, რომ ათიათასობით კლიენტის მოტყუებით ბანკები ამ ანგარიშების მომსახურების თანხებით საკმაოდ სოლიდურ ფულს შოულობენ.

საბანკო სფეროს ექსპერტ ლია ელიავას განცხადებით, ეს ქმედება არის კლიენტებისთვის დაგებული მახე და ამით ბანკები დიდ ფულს შოულობენ. „თქვენ რა გგონიათ, ჩვენი ბანკირები მილიონებს რომ შოულობენ, ეს მხოლოდ მსხვილი საბანკო პროექტების შედეგია? აი, ასეთი წვრილ-წვრილი რაღაცებით გროვდება ის მილიარდები”, – განაცხადა ელიავამ.

რაც შეეხება რჩევას, როგორ უნდა მოიქცნენ მოქალაქეების ამ დროს, ელიავას თქმით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს საფინანსო-სახელშეკრულებო მოთხოვნის ვადის ხანდაზმულობას 3 წლით ვადით, ანუ 3 წლის განმავლობაში თუ კლიენტი არ აღიარებს თავის ვალდებულებას, არ აღიარებს, რომ ის თანხა, რომელიც ანგარიშზე ერიცხება, მისი დავალიანებაა, ამის შემდეგ ბანკს აღარ აქვს უფლება, კლიენტს მოსთხოვოს ამ ცარიელი ანგარიშის მომსახურების საკომისიო.

ხოლო მათ, ვის ანგარიშსაც ხანდაზმულობის ვადა არ გასვლია, მაინც მოუწევთ დარიცხული თანხის გადახდა. „ამ დავალიანებას ავტომატურად ჩამოაჭრიან. სამწუხაროდ, ბიზნესი და მათ შორის, საბანკო ბიზნესი მტაცებლური ბუნებისაა და ეს ეროვნულმა ბანკმა უნდა დაარეგულიროს. უნდა დაავალდებულოს ბანკები, რომ, თუ კლიენტი გააუქმებს საკრედიტო ბარათს, გაანულებს საბანკო ანგარიშს, მას, მინიმუმ, უნდა ჰკითხონ მაინც, უნდა თუ არა ამ ანგარიშის დახურვა? საერთოდ, თუ წაიკითხავთ ამ ხელშეკრულებებს ბარათების გაცემისა და მოხმარების წესების შესახებ, ეს ყველაფერი მომხმარებლის უფლებების ფეხქვეშ გათელვაა. ყველაფერს თავი დაანებეთ, თუ ბანკთან გაქვთ რაღაც ურთიერთობა, სესხი იქნება თუ სხვა რამ და წარმოგექმნათ სადავო პრობლემა, მაშინ სასამართლოს ვერ მიმართავთ, ყველა საბანკო ხელშეკრულებაში წერია, რომ კლიენტსა და ბანკს შორის ყველა სადავო საკითხს არბიტრაჟი განიხილავს. ეს უკვე ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევაა. ბანკი, კაბალური ხელშეკრულებით, გართმევთ იმის უფლებას, რომელიც ყველა მოქალაქეს კონსტიტუციით აქვს – სამართლის საძიებლად სასამართლოს მიმართოთ. ცხადია, აქაც ეროვნული ბანკია დამნაშავე, რომელიც ყურს არ იბერტყავს ამასთან დაკავშირებით. არადა, ეს ადამიანთა სერიოზული დისკრიმინაციაა”, – განაცხადა ელიავამ.

წყარო

მსგავსი სიახლეები

კომენტარები