Davit Chkotua: ეს ის თაობაა, რომელსაც ,,რა თაობა მოდის-ად“ მოიხსენიებენ ხშირად

ეს ის თაობაა, რომელსაც ,,რა თაობა მოდის-ად“ მოიხსენიებენ ხშირად.
თაობა, რომელმაც სულ მცირე ხანში 2-3 ომი გადაიტანა საკუთარ თავზე.
თაობა, რომელიც პროტესტის გრძნობით დაიბადა და თავისუფლების ჟინი კლავს.
თაობა, რომელიც ცდილობს გამოცდილება დააგროვოს(და არა ფული დიპლომის საყიდლად).
თაობა, რომელსაც პურზე აგზავნიდნენ და სახლში ასვლამდე ,,გარბუშკის ცდუნებას“ ვერ უძლებდა შიმშილის გრძნობით შეპყრობილი.
თაობა, რომელსაც ხან ,,ტიპობა“ უწევდა, ხან ბიბლიოთეკაში მასალის დაკონსპექტება.
თაობა, რომელმაც კარგად იცის განსხვავება ლამპის შუქზე გადაშლილ წიგნსა და კომპიუტერის ეკრანზე გახსნილ სტატიას შორის.
თაობა, რომელსაც სიზმრებით ან გადმოცემით ახსოვს აფხაზეთი და წუხანდელი დაკარგული ბავშვობის მეგობარივით უყვარს ის.
თაობა, რომელიც 2008 წელს კომისარიატიდან ზარს არ ელოდებოდა და ანთებული თვალებით იდგა რიგში.
თაობა, რომელსაც თავად უწევდა გზის გაკაფვა, როცა მათი მშობლები პურის რიგებში იდგნენ.
თაობა, რომელიც ცვლილებებისთვის, თანასწორობისთვის იბრძვის.
თაობა, რომელიც ათასი გამოწვევის წინაშე დგას და ნელ-ნელა იწრთობა.

ბევრს აღარ გავაგრძელებ, უბრალოდ, მინდა ვთქვა, რომ:
მე და ჩემი თანატოლები ,,მოვედით“ ამ თაობის სახით. არ ვართ იდეალურები, არ ვართ უნაკლოები. შეცდომებსაც ვუშვებთ და ვსწავლობთ კიდეც. იმ უდიდეს ღვაწლსაც ვაფასებთ, რაც თქვენ, ჩვენმა მშობლებმა გაიღეთ ჩვენთვის, რომ ეს პლატფორმა შეგექმნათ ჩვენთვის. ნუ გაგვკიცხავთ ასე, ჩვენ ხომ ახლა შევდგით ფეხი ამ კიბეზე.
დღეს, ამ თაობას ნახავთ თბილისის ქუჩებში, დაღლილ-დაქანცულს, ტალახში ამოგანგლულს. თითქოს მომღიმარს, მაგრამ სულით დამძიმებულს. ერთმანეთისთვის უცხოებს და ამავდროულად ძალიან ახლობლებს. დღეს, ეს თაობა სიცოცხლისთვის იბრძვის, ქალაქისთვის იბრძვის, თანადგომისთვის იბრძვის. დღეს, ჩვენ ერთნი ვართ, როგორც არასდროს!
მადლობა, მეგობრებო, თითოეული წვეთი ოფლისთვის, ზარისთვის, მოწოდებული ხელისთვის და გვერდში დგომისთვის.

მე ამაყი ვარ, რომ ასეთი თაობა ,,მოვსულვართ!“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები