kype -ის თანადამფუძნებელი საქართველოში ტაქსის კომპანიას დაარსებს

ინტერვიუ Skype -ის თანადამფუძნებელ, კომპანია Taxify-ს თანადამფუძნებელ მარტინ ვილიგთან ინტერვიუ „commersant.ge“-მ ჩაწერა.

-თქვენს სახელს „სკაიპის” და კომპანია „ტაქსიფაის” განვითარება უკავშირდება. რა ფაქტორებმა განაპირობა ესტონური კომპანია “ტაქსიფაის”-ს მიერ საქართველოს ბაზრით დაინტერესება?

-საქართველოს ბაზარი საკმაოდ მზარდი ბაზარია. გარდა ამისა, შესაძლებლობა გამოგვიჩნდა გვყოლოდა კარგი პარტნიორები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოში ტაქსის ინდუსტრია არარეგულირებადია, არ არსებობდა მართვის სისტემა ტაქსის კომპანიებისთვის, ამიტომ მაღალი ხარისხის, დახვეწილ სერვისზე მოთხოვნა ნამდვილად არსებობდა. შედეგად, მივიღეთ გადაწყვიტილება ქართულ ბაზარზე შემოვისულიყავით.

ჩვენი აპლიკაციის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია საკუთარი სურვილით შეარჩიოს ტაქსი, გამოიძახოს და შემდგომში რუკაზე დაინახოს როგორ უახლოვდება. ყველაფერთან ერთად, პარტნიორებმა თავი გამოიჩინეს ძალიან სწრაფი ზრდის ტემპებით, საქართველოს ბაზრით დაინტერესება ამანაც განაპირობა.

-ვინ არიან პარტნიორები?

-საქართველოში კომპანია „ტაქსიფაის” ოფიციალური ექსკლუზიური წარმომადგენელი არის ქართული კომპანია „Infinite MCG”.

– რამდენად მომგებიანია „ტაქსიფაის” პროექტი და გყავთ თუ არა კონკურენტები ქართულ ბაზარზე?

– ტაქსიფაის პროექტი საქართველოსთვის უკვე წარმატებულია. სამომავლოდაც მგონია, რომ უფრო მეტ წარმატებას მოიტანს. რაც შეეხება კონკურენტებს, ვიცი, რომ საქართველოში რამოდენიმე რუსული და უკრაინული აპლიკაცია ფუნქციონირებს. თუმცა ვფიქრობ, რომ ბრენდი „ტაქსიფაი”, საერთაშორისოდ აღიარებულია და მას განვითარების და ოპერაციების დახვეწის მეტი პოტენციალი აქვს, ვიდრე თუნდაც იმ ქართულ, რუსულ და უკრაინულ აპლიკაციებს, რომლებიც ამ ეტაპზე საქართველოში ფუნქციონირებს.

საქართველოში კონკურენტი არ გვყავს. საქართველოს ბაზარზე ბევრი კომპანია შემოდის და იხურება. ერთადერთი კომპანია, რომელსაც კონკურენტად მოვიაზრებ, ამერიკული „უბერია”. მათი მიდგომა გლობალურია, სურთ, რომ ყველა ქვეყანაში ოპერირებდნენ. ამიტომ, ადრე თუ გვიან ისინი საქართველოშიც შემოვლენ.

-საქართველოს ბაზარზე 2014 წლის სექტემბრიდან ხართ. ამ პერიოდის განმავლობაში რა ტენდენცია გამოიკვეთა, როგორია ინტერესი ქართველი მომხმარებლების მხრიდან და როგორია ფასები?

-მომხმარებელი საკმაოდ აქტიურია. ფასები კი საბაზრო ფასებს ემთხვევა. შეიძლება იყოს მცირედი განსხვავებები, თუმცა, იმის ხარჯზე, რომ აპლიკაცია სანდოა, ხოლო სერვისი ხარისხიანი და სწრაფი, ვფიქრობ, ყველაფერის გათვალისწინებით ქართველი მომხმარებლისთვის მისაღებია.

– რაიმე ინოვაციას ხომ არ შესთავაზებთ ქართველ მომხმარებელს?

– ტაქსიფაი უკვე ინოვაციაა. ჩვენ გვსურს, რომ აპლიკაცია მომხმარებლისთვის მარტივად გამოსაყენებელი იყოს. შესაბამისად, ამ მიმართულებით სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს. რაც შეეხება დამატებით მახასიათებლებს, უკვე სატესტო ვერსიაშია აპლიკაციით გადახდის სისტემა (საბარათე სისტემა), ასევე კორპორატიული მომსახურება. გარდა ამისა, იგეგმება ფუნქციების გაფართოება.

საქართველოში ტაქსის ინდუსტრიის მიდგომა ძალიან განსხვავებულია. დაყოფილია ზონებად და არის ფიქსირებული ტარიფები, რაც მოძველებულია. ამას უკვე ძალიან დიდი ხანია არსად აღარ იყენებენ. ჩვენს აპლიკაციაში არის ინტეგრირებული მრიცხველი და მასზე დაყრდნობით ტარიფის გამოთვლა უფრო ზუსტი და სამართლიანია. აპლიკაცია მგზავრობის საფასურს ითვლის განვლილი მანძლისა და ლოდინის დროის მიხედვით.

-როგორც ვიცი „სკაიპი” ახალ მესენჯერს აკეთებს. როგორ ხედავთ მის მომავალს, რა უპირატესობები და განმასხვავებელი ნიშნები ექნება სხვა მსგავს პროგრამებთან შედარებით?

-სკაიპის დეველოპმენტში ისე აქტიურად აღარ ვარ ჩართული, როგორც ადრე. თუმცა, გეტყვით, რომ უახლოეს მომავალში სკაიპი იქნება უფრო მეტად ვიდეო ზარებზე, ვიდეო კომუნიკაციაზე ორიენტირებული. ამ კუთხით ძალიან დიდი ცვლილებები იგეგმება. გარდა იმისა, რომ დახვეწილი იქნება ვიდეოკომუნიკაციების სერვისი, არსებული ჩატის სერვისი შენარჩუნდება. მომხმარებლების რაოდენობის მიხედვით, სკაიპი სამეულში შედის. პირველია facebook-ი, Whatsapp-ი და მესამე ადგილზეა Skype.

-თუ იცნობთ საქართველოს ბიზნესგარემოს, როგორ შეაფასებდით, სად უფრო ადვილია დაიწყო და განავითარო ბიზნესი, აქ თუ თქვენ ქვეყანაში?

-საქართველოში პირველად ვარ და ამიტომ აქაურ ბიზნესგარემოს ძალიან კარგად არ ვიცნობ. თუმცა შევამჩნიე, რომ მთავრობა ხელს უწყობს სტარტაპების დაფინანსებას, უნდათ, რომ ახალი კომპანიების სიმრავლე იყოს. მნიშნელოვანია, რომ სტარტაპ გარემოში ბიზნესმენები ერთმანეთს დაეხმარონ. ეს ესტონური გამოცდილებაა. იქ სტარტაპებისთვის ყველაზე კარგი ბიზნესგარემოა შექმნილი. ეს კი იმან განაპირობა, რომ ბიზენსმენები გამოცდილებას ერთმანეთს უზიარებდნენ. მაგალითად, ძალიან წარმატებული ისტორია ჰქონდა სკაიპს, ამიტომ დამწყებმა ბიზნსმენებმაც ირწმუნეს, რომ თურმე შეიძლება გააკეთო ახალი ბიზნესი, რომელიც ძალიან მალე წარმატებული გახდება.

საქართველოს შეუძლია გაიზიაროს ესტონური გამოცდილება. ესტონური მხარე მზად არის ამისთვის. ზოგადად, მე ისეთ პროექტებზე უფრო მიყვარს მუშაობა,რომელიც ტკვილგამაყუჩებელი უფროა, ვიდრე ვიტამინი. ვიტამინი არის მაგალითად თამაში, რომელსაც ერთხელ, ორჯერ ითამაშებ და მოგბეზრდება, ტკივილგამაუჩებელი კი არის ისეთი, რომელიც მომხმარებლებს პრობლემებს უგვარებს, ისეთი, როგორიც „ტაქსიფაია”. მსგავსი პროექტების დაგეგმვა საქართველოშიც მომგებიანი იქნება.

– რა არის ყველაზე მთვარი ბიზნესის განვითარებისთვის – სრულყოფილი ბიზნესიდეა, ინოვაციური პროდუქტის შექმნა, თუ მთავარი მაინც ფინანსებია?

-წარმატებული ბიზნესისთვის მთავარი, რამდენიმე კომპონენტის ერთად არსებობაა. თუმცა ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც გუნდია. არც google იყო პირველი საძიებო სისტემა, არც facebook-ი ყოფილა პირველი სოციალური ქსელი და არც skype -პირველი მესენჯერი. ჩვენც შევძელით ის, რაც სხვებმა ვერ შეძლეს. მომხმარებელს განსაკუთრებული და განსხვავებული შევთავაზეთ. ჩემი აზრით, ეს კარგი გუნდის დამსახურება იყო.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია სწორად გამოხატული იდეა და კორპორატიული კულტურა, რომელიც გუნდს აქვს. იქედან გამომდინარე, რომ ბაზარზე კონკურენციაა, ყველაზე მთავარი მაინც არის ის, რომ იდეა სწრაფად განახორციელო. უნდა გქონდეს ძალიან სწრაფი ზრდა. ამ შემთხვევაში მიაღწევ წარმატებას.

-საქართველოში ექსპერტები ხშირად საუბრობენ ქართული მცირე ბიზნესის პრობლემებზე და ერთ-ერთ მთავარ საკითხად ბიზნესგანათლებას ასახელებენ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს არგუმენტი და რა მდგომარეობაა თქვენთან ამ მხრივ?

-ბიზნესის განვითარებაში შესაბამისი განათლება ძალიან მნიშვნელოვანია. მსგავსი პრობლემები ესტონეთშიც არსებობს. ჩვენთან ძალიან ბევრი სპეციალისტია, რომლებსაც მნიშვნელოვანი და კარგი პროდუქტის შექმნა შეუძიათ, თუმცა შემდგომ ამის გაყიდვები უჭირთ. ანუ, მარკეტინგის მიმართულებით ხვდებათ სირთულეები.

ამის გამო, ესტონელები ცდილობენ, რომ უცხოური გამოცდილება გაიზიარონ. რა ბაზარზეც გადიან, იქ ცდილობენ გაყიდვების ჯგუფის დაარსებას. ვფიქრობ, რომ იგივე მიდგომა საქართველომაც უნდა გაიზიაროს. ექსპერტის ან კონსულტანტის ჩამოყვანას, სჯობს იმ ადამიანის გამოცდილება გაიზიარო, ვინც თავისი ხელით შექმნა რაღაც.

ვფიქრობ, პრაქტიკული მიდგომა უფრო გაამართლებს. რაც მეტი კომუნიკაცია იქნება საკუთარი ბაზრის წარმატებულ ბიზნესმენებთან, მით უკეთესი იქნება. ახალგაზრდა ბიზენსმენს არ უნდა მოერიდოს გამოცდილთან დარეკვის, მასთან შეხვედრის და აზრის კითხვის.

-რა რჩევას მისცემდით ქართველ ბიზნესმენებს?

-ბიზნესმენი ფართო ცნებაა და ამიტომ რთულია კონკრეტული რჩევები მიცემა. მე ჩემს სფეროში მოღვაწე ბიზნსმენებს ვურჩევდი, რომ პროდუქტის განვითარებაზე დიდი ხანი არ იფიქრონ, როგორც კი იდეა მოუვათ, შექმნან პროტოტიპი და ბაზარზე დატესტონ. მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლისგან მალე მიიღოთ რეკომენდაციები. თუ ხედავთ ,რომ ეს პროდუქტი ამართლებს, უნდა ეცადოთ სწრაფად განვითარება, მაგრამ თუ ხედავთ რომ არ გააამართლა, თავი უნდა დაანებოთ.

ქართველ ბიზნესმენებს ვურჩევ, რომ არ იყვნენ ორიენტირებულნი მხოლოდ ქართულ ბაზარზე. პირიქით, გლობალურად უნდა იფიქრონ. ესტონეთი და საქართველო ორივე პატარა ქვეყანაა, ამიტომ უმჯობესია, რომ პროექტი, რომელსაც საქართველოში წამოიწყებ, არ იყოს გათვლილი მხოლოდ ქართულ მასშტაბებზე და იყოს, სულ მცირე, კავკასიის რეგიონზე მაინც.

წყარო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები