მსახიობები, რომლებიც კასკადიორებს არ წყალობენ და რისკიან ილეთებს თავად ასრულებენ

ექშენ ფილმებში მასშტაბური ეპიზოდები თავის აფეთქებებით და ორთაბრძოლის სცენებით სიჯიაის დახმარებით ცოცხლდება, მაგრამ მთლად ყველაფერიც არაა ილუზორული. ზოგჯერ კასკადიორების მაგივრად მსახიობები თავად ასრულებენ რთულ ილეთებს. მაინც იშვიათად თუ გაიპარება ხოლმე კადრი, რომელშიც კასკადიორის სახე ჩანს და რა ძალა ადგიათ, ამხელა რისკზე რომ მიდიან მსახიობები და ზოგჯერ თავსაც ისახიჩრებენ, ვერასოდეს ვხვდებოდი. დღეს წარმოგიდგენთ იმ თავდადებულ ვარსკვლავებს, რომლებიც კატეგორიულ უარს აცხადებენ ორეულებზე და ექშენ სცენებს თავადვე ასრულებენ.

ბასტერ კიტონი

buster-keaton-1
მუნჯი კინოს ეპოქაში, როდესაც ვიზუალური ეფექტები არ არსებობდა, ბასტერ კიტონი ისეთებს აკეთებდა, დღევანდელ კასკადიორებს გული გაუსკდებათ, დაზღვევის გარეშე იგივე რომ გაიმეორონ. თან, არა მარტო საკუთარი როლისთვის, კიტონი სხვების დუბლიორიც იყო და თითქმის ყველა სახიფათო სცენაში თავად მონაწილეობდა. ხან საიდან ვარდებოდა, ხან რა ეცემოდა თავზე. საბოლოოდ, იდეალურ კომედიას ქმნიდა. თან ფარნიანი ნოკიასავით დარტყმაგამძლე იყო, სერიოზული ტრავმა გადასაღებ მოედანზე არ მიუღია.

ტომ კრუზი

imageტომ კრუზს რომ შეხედავ, იფიქრებ რომ რძის აბაზანებს იღებს და ღამე თაფლში წვება, იმდენად არ ეტყობა ასაკი. ბენჟამინ ბატონივითაა, რაც დრო გადის უფრო ახალგაზრდავდება. ჰოდა, კრუზი თურმე კატეგორიულ უარს აცხადებს დუბლიორებზე და ყველა სირთულის სცენაში თავად იღებს მონაწილეობას. მეოთხე ”შეუსრულებელ მისიაში” დუბაის მსოფლიოს ყველაზე მაღალ შენობაზე რომ ადის, გახსოვთ? ეგ სცენაც დუბლიორის გარეშე გადაიღო. ”ჯეკ რიჩერის” გადასაღებ მოედანზე დუბლიორები ამბობდნენ, დაგვტოვა უმუშევარი, ყველა ილეთი თვითონ გააკეთა, ხელი არ გაგვანძრევინა.

ჯეკი ჩანი

Jackie-Chan-Famous-Stunt

ჯეკი ჩანზე ყველას გეცოდინებათ, რომ თავად ასრულებს სახიფათო ილეთებს. მისი ყოველი მეორე ფილმი ტიტრების დროს ჩაშლილი ორთაბრძოლის სცენას გვიჩვენებს. ჯეკი ჩანი რაღაც კუთხით ჩვენი დროის ბასტერ კიტონია, უფრო ნაკლები მასშტაბებით. თან გინესის წიგნშია შეყვანილი როგორც მსახიობი, რომელსაც ყველაზე მეტი ილეთი აქვს გაკეთებული. ალბათ, სამედიცინო წიგნაკებშიც იქნება შეყვანილი და უფასო თაბაშირის ვაუჩერიც ექნება – ყველა ფილმში რაღაცას იმტვრევს.

სილვესტერ სტალონე

Rocky-IV-6
სტალონე ჯერ კიდევ ნორჩი კუნთიანი ბედაური რომ იყო, იქიდან მოყოლებული ასრულებდა რთულ ილეთებს დუბლიორების გარეშე და სიბერეშიც არ იყენებს კასკადიორებს. ჰოდა, ამის გამო ხშირადაც შავდებოდა. მეოთხე ”როკის” გადაღებაზე დოლფ ლუნდგრენმა ისეთი დაარტყა, გონება დაკარგა და გრიმიორი აღარ ჭირდებოდა, ნამდვილი დალურჯებებით გააგრძელა გადაღება. ალბათ გახსოვთ ფილმი ”გამარჯვება”. ფეხბურთს რომ თამაშობენ მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტები და ტყვეები. მანდ პელემ მოტეხა თითი. ხოლო ერთი წლის წინ ”გაქცევის გეგმაში” შვარცნგერეთან ჩხუბის სცენის გადაღებისას ერთმა მხარი მოიტეხა და მეორემ კი ნეკნები გაიბზარა. აი, ამას ქვია საქმისადმი თავდადება. თუ დაინტერესდით, პირველ ”რემბოში” მართლა კუსტარულ პირობებში ხო არ გაიკერა ხელიო, არა, ეს ჩვეულებრივი გრიმის საშუალებით გაკეთდა.

ჯეისონ სტეტჰემი

Jason-Statham-Body
ჯეისონ სტეტჰემის დანახვაზე კი უნდა მიხვდე, რომ ეს კაცი კასკადიორებს ახლოს არ გაიკარებს. მსახიობობამდე თურმე პროფესიონალი მყვინთავი ყოფილა ბრიტანეთის ოლიმპიურ ნაკრებში. შესაბამისად, ჯანზეცაა და კუნთებიც ასკდება. ამასთან, ხელჩართული დაპირისპირების გადაღებისას თუ ავტოკატასტროფების დადგმისას, ყოველთვის თავად ასრულებს ილეთებს. არადა ჯობია შეწყვიტონ ეს გაუაზრებელი რისკი და სანამ კასკადიორების ინსტიტუტი მათ გამო გაუქმებულა, ადამიანებს სამსახური შეუნარჩუნონ.
კრისტიან ბეილი

bale01

და ბოლოს აუცილებლად უნდა ვახსენო კრისტიან ბეილი, რომელსაც ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვს დუბლიორებთან და ხშირად სარგებლობს კიდეც მათი სამსახურით, მაგრამ ის სულ სხვანაირად რისკავს და სხვა საფრთხეს უქმნის საკუთარ ჯანმრთელობას. ყოფილი ბეტმენი საკუთარი წონით ისე მანიპულირებს, ხვალ ან ზეგ ფეხები რო გაჭიმოს, არ გაგიკვირდეთ. ფილმისთვის ”მემანქანე” მან 54 კილოგრამი დაიკლო წონაში. შემდეგ ბეტმენის როლისთვის 45 მოიმატა, შემდეგ 40 კილო ისევ დაიკლო ვერნერ ჰერცოგის rescue down-სთვის, მერე ”ტერმინატორისთვის” ისევ დაიკუნთა, “მებრძოლისთვის” ანორექსიით დაავადებულს დაემსგავსა, ბოლო “ბეტმენისთვის” ისევ მოუწია “მოხეულ ტანზე” დადგომა, ”ამერიკული აფიორისთვის” 18 კილო მოიმატა და ღიპი დაიდო, ბოლოს კი მოსეს როლში ისევ ათლეტურად გამოჩნდა. აი, ამას ქვია ტრანსფორმაციის უნარი და სამსახიობო კარიერისთვის თავდადება.

წყარო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები