მისტერიიდან ისტერიამდე

შუა საუკუნეებში დასავლეთ ევროპის ეკლესიებში თეატრალური დრამები- ანუ მისტერიები იდგმებოდა. ეს იყო დრამა, რომელიც ბიბლიურ სიუჟეტზე იყო აგებული. თანდათან მისტერია ისტერიად გადაიქცა და ეკლესიის კედლებს გაცდა. იმის გამო, რომ დრამებმა ზედმეტად სახუმარო ხასიათი შეიძინეს- ეკლესიამ მისტერიები აკრძალა და მათ ქუჩაში გადაინაცვლეს. რელიგიამ აკრძალა, თუმცა მისტერია მაინც განვითარდა და ქუჩებიდან ბოლოს თეატრში გადაინაცვლა. მან დასაბამი ფარსისა და მორალიტეს ჩამოყალიბებას მისცა.

ალბათ გიკვირთ, რატომ დავიწყე საუბარი ამით და სად ვხედავ პარალელს თანამედროვეობასთან და ჩვენი საზოგადოების პრობლემებთან. პასუხი  მარტივია – დღეს, 21-ე საუკუნის ქართულ (და არა მარტო) საზოგადოებაში მისტერია ისტერიად ყველაზე დიდი სისწრაფით გარდაიქმნება.

###

ახლა მოდაშია ფუნდამენტური ისლამის წინააღმდეგ კამპანია და გამოსვლები. სიტყვა „ფუნდამენტალიზმს” საუბარში დღეს საქართველოში იმდენი ინტერნეტ-მომხმარებელი იყენებს – აქამდე აზრადაც რომ ვერ გავივლებდით, თუმცა აქ არსებობს ერთი „მაგრამ” – ვიცით თუ არა ამ სიტყვის მნიშვნელობა…

რეალურად, ფუნდამენტალური ისლამი ებრძვის ცივილიზაციას, სიახლეებს და ყველა სხვა რელიგიის წარმომადგენელს.  მისი მიმდევრები ურწმუნოებად მიიჩნევენ ისლამის სხვა განშტოების წარმომადგენლებსაც. მეტიც, ისლამური ფუნდამენტალიზმის მიმდევრები ერთმანეთსაც ებრძვიან. ორი განშტოება- შიიტები და  სუნიტები ერთმანეთს რადიკალიზმში მუდმივად ეჯიბრებიან.  რეალურად, ისინი ებრძვიან მშვიდობას და თავისი წარმოდგენით „წესრიგის” დასამყარებლად მუდმივად ღვრიან უდანაშაულო ადამინების სისხლს. ჩვენთვის უდანაშაულო- მათთვის კი ცოდვილი.

###

„პრაღის სასაფლაოდან” უმბერტო ეკოს დავესესხები და გეტყვით, რომ არასდროს სჩადის ადამიანი ბოროტებას ისეთი სისასტიკით, როგორც მაშინ როდესაც ამას აკეთებს რელიგიის სახელით, თუმცა ავტორი იქვე აკონკრეტებს და ამაში მეც ვეთანხმები, რომ საქმე მხოლოდ ისლამს არ ეხება, რადგან რელიგიათა უმეტესობას მისტერიის ისტერიად გარდაქმნა ახასიათებს.

რატომ გარდაიქმნება მისტერია ისტერიად? იმიტომ, რომ  ყველა რელიგიაში პოლიტიკის რეალური გამტარებელი ადამიანია. ყველა პერსონა კი ინდივიდუალურია- ისევე როგორც კიბო. როცა ადამიანი გრძნობს, რომ მეტასტაზების გაშვების საშუალება აქვს – ის უმეტეს შემთხვევაში აკეთებს ამას, რაც სასიკვდილო შედეგს იძლევა.

როცა გული გვიცრუვდება სასულიერო პირებზე (იქნება ამის მიზეზი „ჯიპები”, „ტაბურეტკა” თუ „პენსიაზე გასული მოძღვრის” პერსონალური შოუები ხუთშაბათობით) – ჩვენ ვემდურით რელიგიას, თუმცა რეალურ მიზეზს არ ვუღრმავდებით.  არ ვფიქრობთ იმაზე, რომ მათი პრობლემა ადამიანურ სისუსტეებშია. იგივეა ფუნდამენტური ისლამის შემთხვევაშიც. როდესაც  მაგალითად: ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს” რიგითი მებრძოლი გრძნობს ძალაუფლებას და თან მიაჩნია, რომ ამას რელიგიის სახელით აკეთებს, მასში ადამიანური სისუსტე იღვიძებს და საკუთარ კომპლექსებს სისხლში ახრჩობს.  ამიტომაც იზრდება სისასტიკის დონე ყოველდღიურად.

###

საქართველოში ვიღაცამ  სოციალური ქსელით ასირიელი ბავშვების შესახებ გადაღებული 1 წლის წინანდელი ვიდეო-რგოლი გააზიარა. „აყალ-მაყალი”-ც ასე ატყდა. (თუმცა ჩემი აზრით მისასალმებელია, როდესაც „აყალ-მაყალი” სოლიდარობის გამოსახატავად ვითარდება.) რამდენიმე დღის განმავლობაში „ფბ-საზოგადოება” იმ ფოტოზე ტიროდა, რომელიც რეალურად 1983 წელს წლის ფოტო გახდა და თურქეთშია გადაღებული. წერდნენ, რომ ახლა ამ კუთხით სირიასა და ერაყში ყველაზე რთული ვითარებაა, თუმცა გასულ წელს ისლამური სახელმწიფო იეზიდებს რომ ხოცავდა და საქართველოში მცხოვრები იეზიდები რუსთაველის გამზირზე სოლიდარობის აქციას მართავდნენ – ამის შესახებ ცოტამ თუ იცოდა. მისტერია ისტერიად სულ რამდენიმე საათში გადაიქცა.  სოლიდარობის პირველ დღეს საქართველოში „ფეისბუქ” მომხმარებლების დიდი ნაწილი ასირიელი ოჯახების საქართველოში ჩამოსახლების და მათთვის საკუთარ სახლებში ოთახების გამოყოფის პირობას დებდა, ზოგი ასირიელი ბავშვების შვილად აყვანას აპირებდა, ზოგიც მათი ცხოვრების დაფინანსებას.  სირიიდან და ერაყიდან დევნილების დახმარება მთავრობას მოთხოვეს, თუმცა ქვეყნის უსაფრთხოებაზე მაშინ არავის უფიქრია. მთავარი ისტერიას აყოლა იყო და არა ის – მოაკითხავდნენ თუ არა დევნილებს ფუნდამენტალისტები საქართველოში, მოაწყობდნენ თუ არა ტერაქტებს რუსთაველზე – ან თუნდაც განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე – სკოლებში თუ ბაღებში.

სიკეთის კეთების სურვილი ამართლებს იმას, რომ შესაძლოა ქვეყნის უსაფრთხოებაზე ფიქრი უბრალოდ გამოგეპაროს. მაგრამ სიკეთის კეთების სურვილი ამ შემთხვევაში რომ უბრალო ისტერია იყო -ეს შედეგმაც გვაჩვენა. რამდენიმე დღეში აქცია გაიმართა.  იქ მეც ვიყავი- ისტერია, რომ მალე გაივლიდა თავიდანვე ვხვდებოდი, თუმცა მივესალმე ამ ნაბიჯს და სოლიდარობა სულით და გულით გამოვხატე. აქციაზე გასვლამ და ფურცლების ფრიალმა სიკეთის მკეთებლებში ენთუზიაზმის რესურსი ბოლომდე ამოწურა. რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ „სიტყვა ითქვა” და „დიდი საქმეც” ამით დასრულდა. ისტერიამ კულმინაციას სიმბოლურად სწორედ რუსთაველის გამზირზე მიაღწია, სადაც ხშირად ქვეყნის ბედი სწორედ რომ ისტერიულად წყდება ხოლმე. ინტერნეტ-საზოგადოებამ მორიგი საისტერიო თემის მოლოდინში მიიძინა. მისტერია ჯერ ისტერიად გადაიქცა, შემდეგ კი ასეთივე ელვის სისწრაფით ჩაიძირა.

ასირიელი ბავშვები კარგად იყონ და,  ახლა ახალი თემა გვაქვს საისტერიო და იქამდე ვიყვირებთ, სანამ ისევ არ გვეტყვიან, რომ „ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი” და არასდროს არ ყოფილა ლარი ასე მყარი.

რომის პაპის ცნობილი ფრაზა მახსენდება – „ვინ ვარ მე სხვა რომ განვსაჯო”. ვწერ და თან ვფიქრობ, რომ მეც „ინტერნეტ-მებრძოლების” კატეგორიას განვეკუთვნები და რეალურად საკუთარი აზრების ერთი ჩვეულებრივი მბეჭდავი ვარ. „შარლის” მოვლენების დროს ერთი ფრაზა იყო აქტუალური- „კალამი მახვილზე მჭრელია”-ო.  თუმცა არ მგონია ყველას კალამი იყოს „მახვილზე მჭრელი”. ჩემი „კალმის” ძალა კი მკითხველმა განსაჯოს.

 

სოფო მაქაცარია

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები