შეძენილი ინდივიდუალიზმის დეფიციტის სინდრომი – ანუ შიდსი აივ-ინფიცირების გარეშე

სოფო მაქაცარიას ბლოგი…

საქართველოსთვის ბნელი და ტკბილი 90-იანები თვალის დახამხამებაში მივიდა ტექნიკაზე დამოკიდებულ თანამედროვეობამდე. ისე, რომ ვერც კი მიხვდი სად იყო შუალედი, რა გზამ მიგიყვანა ასეთ თვალშისაცემ რეგენერაციამდე ან დეგენერაციამდე. მიიჩნევ, რომ თავისუფალი აზრის ეპოქაში ცხოვრობ, თუმცა დამიჯერე დღეს საზოგადოებრივ აზრში კი არა-სიყვარულშიც იშვიათად არის ანარქია. თუმცა ესეც სადავოა, რადგან სიტყვა „ანარქიას” ორი მნიშვნელობა აქვს. ის „ზემოდან მართვის” გამორიცხვასთან ერთად – სხვა მნიშვნელობით უწესრიგობასაც ნიშნავს. ქართულ საზოგადოებრივ აზრში უწესრიგობა კი ნამდვილად სუფევს, რადგან იშვითად თუ ხვდება ვინმე- სად გადის ზღვარი აზრის გამოხატვასა და ლანძღვას შორის.

შენ ვინ ხარ? ჯერ მხოლოდ ინფიცირებული თუ შენი ინდივიდუალიზმის დეფიციტი უკვე სინდრომში გადავიდა? თუ ეს დაავადება ბოლო ეტაპზეა, შენ არასდროს აღიარებ ამ პრობლემას, თუმცა რამდენიმე ვარიანტის დახასიათებით, მე მაინც შევეცდები შენი თავი გვერდიდან დაგანახო.

„ამყოლს აჰყეო- დამყოლს დაჰყეო” (ხალხური ანდაზა)

რას აკეთებ, როდესაც მსოფლიოს ან შენი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში რაიმე ცვლილება ხდება, შენ კი ამ ცვლილების შესახებ მართალი რომ ვთქვათ- ბევრიც არაფერი იცი. შენ კითხულობ ამ თემაზე მხოლოდ სტატიის სათაურს და ინფორმაციას იღებ, მხოლოდ სოციალურ გვერდებზე განთავსებული „სტატუსებიდან”. რა იოლია არა ცხოვრება? რა საჭიროა თემას გაეცნო, როდესაც აზრის დაფიქსირება და შენი „ფეისბუქმ-მეგობრული” საზოგადოების საპირწონედ მოქცევა ამ სირთულის გარეშეც შეგიძლია. გაეცნობი რამდენიმე ადამიანის მოსაზრებას და რა მნიშვნელობა აქვს რეალურად რაშია საქმე, თუ შენთვის „მისაღებად მოაზროვნე ხალხის” ტექსტების გავლენით- შენი აზრიც უკვე „გამომცხვარია”. თუმცა, რას შვრები, როდესაც საწინააღმდეგო აზრის მქონე კამპანიაში მოხვდები? ჩუმდები? კარგად მომზადებული სამი წინადადების შემდეგ ინფორმაციული ბაზა არ გყოფნის? ამ დროს იძულებული ხარ „დამყოლს დაჰყვე”, თუმცა ალბათ საკუთარ თავთანაც არ აღიარებ „დანებების” ფაქტს. სხვათა შორის ამ „ჯგუფის” ადამიანების ინდივიდუალური აზროვნება იმდენად გაუვარჯიშებელია, რომ ხშირად ელოდებიან – რას იტყვის სხვა, იმისთვის რომ თემის შესახებ მცირე აზრი მაინც გაუჩნდეთ ან „დააკოპირონ”.

შენც ხვდები, ხომ როგორი დამოკიდებული გახდა ჩვენი აზროვნება ტექნიკაზე?! არადა სულ ცოტა ხნის წინ იყო, ის 90იანები- ჩვენი მშობლები კერძებს რომ „გუგლის” გარეშე აკეთებდნენ და მეზობლებთან გადაჰქონდათ, სადაც ხშირად საუბრობდნენ ნიცშესა, თუ ფროიდზე, რომელზეც დღემდე საუბრობ, მაგრამ არ წაგიკითხავს. რატომ უნდა წაიკითხო წიგნები, თუ მისი კომენტირება წაუკითხავადაც შეგიძლია? მითუმეტეს, შეგიძლია იქილიკო ადამიანზე იმ შემთხვევაში, თუ ის იტყვის, რომ ნიცშეს არ ეთანხმება. თუმცა, როცა გაიგებ ფრაზას „ღმერთი მოკვდა”- შენ აღშფოთდები და არც იცი, რომ ეს ფრაზა სწორედ ფრიდრიხ ვილჰელმ ნიცშეს ეკუთვნის. სწორედ შენი ტიპის ადამიანები ერთვებიან ხშირად აქციებში, რომლის რეალური მნიშვნელობაც თავადაც არ იციან- თავზე ისხამენ წყალს და არ იციან რა არის ათეროსკლეროზი, არიან „შარლი”, თუმცა ფიქრიც ეზარებათ, რა რატომ ხდება თანამედროვე მსოფლიოში, უნდათ ქვეყანამ „ნატოსგან” „მაპი” მიიღოს და არც იციან ეს წევრობის სამოქმედო გეგმაა, თუ მოოქროვილი „ფოჩებიანი კანფეტი”. მოკლედ მეგობარო, თუ შენ ასეთი ხარ – შენი საქმე კარგად არ არის- ეს უკვე სინდრომია.

ასეთი არ ხარ? თუ გარკვეულ ფრაზებში შენი თავი იპოვნე, მაგრამ ბოლომდე არ ეთანხმები? უფრო რთული შემთხვევაა, თუ შენ საკუთარი აზრის პოლიტიკური ძალისადმი მინდობით ხარ შეპყრობილი. ამ „ჯგუფის” ადამიანები ერიდებიან ფიქრსაც კი – მანამ სანამ კონკრეტულ საკითხზე „სათაყვანებელი” პოლიტიკური ძალის მოსაზრებას არ მოისმენენ. ძირითადად ასეთი ადამიანების უმრავლესობა ქვეყნის მმართველი ძალის მომხრეა და ერთგვარი შვების მომგვრელ არგუმენტებსაც სწორედ ხელისუფლებისგან ელოდება ხოლმე.

არც ასეთი ხარ? მაინც ფიქრობ, რომ ინდივიდუალიზმი დაკარგული არ გაქვს? თუ „ინდივიდუალიზმი” შენი იმიჯის ნაწილია? ასეთი ნაწილიც არის ჩვენს საზოგადოებაში- „განსხვავებულად მოაზროვნეები”, „რადიკალისტები”, „ყველაფრის მიმართ კრიტიკულები”, „ყველაზე ჰომო საპიენსები”. თუმცა ეს ჯგუფი ყველაზე მეტად ტენდენციურია, რაც არ უნდა არატენდენციური იმიჯის შექმნას უნდა ცდილობდნენ ისინი. ძირითადად ამ „ჯგუფის” წარმომადგენლები ცდილობენ ხაზი გაუსვან, თუ რაოდენ თავისუფლად გამოხატავენ აზრს, თუმცა აზრის გამოხატვა შეურაცხყოფაში გადასდით და ხშირად ბილწსიტყვაობაც – გარკვეული ჩარჩოების ორიგინალურად გარღვევის გზა ჰგონიათ. მიუხედავად შექმნილი იმიჯისა, ისინი ყველაზე მეტად მიჰყვებიან თრენდებს. მაგალითად ახლა ასეთი „ჯგუფი” ძირითადად ათეიზმს ლობირებს, რომელიც რეალურად სულაც არ ნიშნავს აგრესიას მორწმუნეთა მიმართ, მაგრამ ქართული საზოგადოების „რადიკალური” ნაწილის აზრით- რაც უფრო მაღალია აგრესიის მაჩვენებელი – მით უფრო „საღია” აზრი. ასევე,  ეს „ჯგუფი” განსაკუთრებულ ყურადღებას უთხმობს სექსუალური უმცირესობების შესახებ თემებს. რეალურად კი მათი უფლებების დაცვის ნაცვლად „რადიკალისტებისთვის” – განსხვავებული აზრის მქონე ხალხის პროვოცირება და ამით – თუნდაც „ფრენდ ლისტში” – ერთგვარი რეიტინგის დაწერა უფრო მნიშვნელოვანია. და ბოლოს – ყველაზე მოდური თრენდი – პატრიარქის ინსტიტუტის წინააღმდეგ ბრძოლა. იცი? აღმოვაჩინე ბლოგერი, რომელიც ძირითადად ამ თემაზე წერს. ის „ლიბერალში” აქვეყნებს თავის ნამუშევრებს. გამოგიტყდები, მან ჩემი ყურადღება არა საინტერესო ბლოგებით, არამედ მხოლოდ იმით მიიქცია, რომ დედაჩემის გვარი აქვს. მისი ბლოგები ხშირ შემთხვევაში ჩანახატის სტილისაა და აქტიურად აპელირებს პატრიარქის მიმართ აგრესიის თემაზე. ეს მისი აზრია, არავითარ შემთხვევაში არ ვეცდები ეს აზრი აგრესიულად გავაკრიტიკო, პირიქით, რჩევის დონეზეც კი ვეტყოდი, რომ თუ მართლა უნდა ამა თუ იმ საკითხით საზოგადოება დააინტერესოს – აზრი უფრო ტკბილი და პატარა ლუკმებით უნდა მიაწოდოს. შენთვის კი ცხადი სურათის შესაქმნელად გეტყვი, რომ სწორედ ეს ავტორი გადის „ყველაზე ჰომო საპიენსების” რიგებში. ასეთი ხარ?

ქართულ საზოგადოებაში დღეს ძირითადად ეს სამი ჯგუფი დომინირებს, თუმცა რა თქმა უნდა მცირე რაოდენობით ასევე არიან სხვა სახის „ჯგუფებიც”, მათ შორის საკმაოდ პროგრესულად მოაზროვნენიც. თუმცა საერთო პროგრესი ალბათ ჯერ კიდევ შორია- ან საერთოდაც დაკარგული. ფაქტია, რომ პროგრესის ერთ-ერთი ხელის შემშლელი ფაქტორი – ინტელიგენციის გაგებაც არის, რომელიც დღეს ქართული საზოგადოებისთვის „ოჯახისშვილობასთან” ასოცირდება და არა ინტელექტთან. ინდივიდუალიზმის დეფიციტამდეც ხომ ინტელექტის პრობლემას მივყავართ?

<<>>

და მაინც- რა არის ინდივიდუალიზმი? ის ერთგვარი თავისუფლებაა- პირადი დამოუკიდებლობა- „საკუთარი თავის იმედად ყოფნის” პრინციპი. ინდივიდუალიზმი პიროვნების ჩახშობის იდეას გამორიცხავს. მისი დეფიციტი კი „არა-ვენერიული შიდსი”-ა ქართული საზოგადოებისთვის. სწორედ იმ საზოგადოებისთვის, რომელთანაც პარალელის გასავლებად სიტყვა – „სოციალიზმი”, „კომუნიზმი”, „ტოტალიტარიზმი”, „კოლექტივიზმი” „კომუნიტარიზმი”, „ჰოლიზმი” და „ეტატიზმი” უფრო მემეტება – ვიდრე „ინდივიდუალიზმი”. იფიქრე ამაზე.

სოფო მაქაცარია

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები