Royal Child – სოციალური სტიგმა და ჰომოსექსუალიზმი

1998 წელს, ვირჯინია-ბიჩზე, შემდეგი სახელწოდების The 700 Club Asia ქრისტიანულ TV არხზე, ქრისტიანმა მქადაგებელმა Pat Robertson-მა იწინასწარმეტყველა, რომ ფლორიდას საშინელი შტორმი დაატყდებოდა თავს, იმისთვის, რომ “გეი აღლუმს” უწევდა სპონსორობას. სულ მცირე ხანში, ნამდვილად მოხდა შტორმი აშშ-ს აღმოსავლეთ სანაპიროზე; ოღონდ არა ფლორიდაში. შტორმი ვირჯინია-ბიჩზე მოხდა, ზუსტად იქ, საიდანაც იმუქრებოდა მქადაგებელი. .

 

”მე კი გეუბნებით თქვენ: გიყვარდეთ თქვენი მტრები, დალოცეთ თქვენი მაწყევრები, სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც თქვენ გავიწროებთ და გდევნით.        რათა გახდეთ შვილები თქვენი ზეციერი მამისა, ვისაც თავისი მზე ბოროტთა და კეთილთა თავზე ამოჰყავს და წვიმას უგზავნის მართლებსა და უსამართლოებს.” -თქვა იესომ

 

მოდი ვნახოთ რა მოხდებოდა 17 მაისს, მართლმადიდებლებს რომ იესოსთვის დაეჯერებინათ:

მართლმადიდებლები საგანგებოდ მოემზადებოდნენ ამ დღისთვის; ისინი ბევრ ტკბილეულს იყიდიდნენ, მოსიყვარულე ღმერთის სიტყვებს ამოტვიფრავდნენ გულის ფორმის ბუშტებზე და სათითაოთ ჩამოურიგებდნენ ბუშტებს და ტკბილეულს აქციის მონაწილეებს. და თუ ყოველივე ეს სიბრალულით და თანაგრძნობით კი არა, არამედ იმ სიყვარულით მოხდებოდა, რომელზეც იესო ლაპარაკობდა,

ამის შემხედვარე აქციის მონაწილენი, დაივიწყებდნენ ყველა წყენას, რაც კი მდევნელებთან და მოძულეებთან აკავშირებდათ იქამდე.. და ყველა ერთად იზეიმებდა ზეციერი მამის შვილობას.

ჭირი იქა. ლხინი აქა.

 

სასაცილოა, რომ გრავიტაციის კანონის დარღვევაში სდებდე ბრალს ადამიანს, რომელიც მე-9 სართულის ფანჯრიდან ხტება. .

ერთხელ გადავწყვიტე, რომ ღმერთი ჩემს ჭკუაზე მეტარებინა და თეოლოგიის სწავლას შევუდექი;

მაშინ ვფიქრობდი, რომ ყოფიერების ჩემეული ინტერპრეტაცია და პარადიგმები – ყველაზე უფრო თავისუფალი და ლამაზი იყო.

ნუ, სახარება მათეთი იწყება და მეც ეგრე დავიწყე; დიდის ამბით ვეცნობოდი ეგზეგეტიკურ ნაშრომებს და სათითაო მუხლზე სათითაო წიგნს ვკითხულობდი, ლამის..

და მახსოვს ჩემი პირველი შოკი; ეს იყო მათეს სახარების მე-8 თავში;

პასაჟი მოგვითხრობს რომაელ ასისთავზე, რომელსაც ებრაელი თინეიჯერი ბიჭი ჰყავდა ნაყიდი მონად; (რომაელები ებრაელების მტრები იყვნენ, იმ დროს.)

და მათთვის ებრაელი მონის სიკვდილი არ აღემატებოდა იაფფასიანი სათამაშოს დაკარგვას. . აქ კი მეტად უცნაური რამ ხდება; ეს რომაელი ასისთავი ევედრება იესოს, რომ თავისი მომაკვდავი მონა განკურნოს.

ტერმინი, რომელიც თარგმნილია “მონად” ორიგინალში არის “Pais”, რაც იმ კულტურულ კონტექსტში ნიშნავდა “მამრობითი სქესის სატრფოს”.

ყველამ იცის, რომ ძველ რომში მამაკაცი თავად ირჩევდა ქალი ეყვარებოდა თუ კაცი. . და შესაბამისად, რომაელი ასისთავის მხრივ უცნაური არაფერია აქ.

უცნაურობა იესოს მხრიდან იწყება,

 

იესო ეუბნება: „მოვალ და განვკურნავ მას.“

და მიუგო ასისთავმა და უთხრა: „უფალო, არა ვარ ღირსი, ჩემს ჭერქვეშ რომ შემოხვიდე, მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მსახური.(Pais – ჩემი ბიჭი)

რადგან მეც ხელმწიფების ქვეშ მყოფი კაცი ვარ და ჩემს ხელქვეით მყვანან ჯარისკაცები. ერთს ვეუბნები, წადი! და მიდის. სხვას, მოდი! და მოდის. და ვეუბნები ჩემს მონას, ეს გააკეთე! და აკეთებს.“

ეს რომ გაიგონა, იესოს გაუკვირდა და თავის მიმდევრებს უთხრა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ისრაელშიც ვერ ვპოვე ასეთი რწმენა.

 

იესოს არ უთქვამს, “მეკაიფები?! მე არ ვაპირებ ‘შენი ბიჭის’ განკურნებას, რომ შენ ისევ ბინძურ ცოდვაში იცხოვრო!” არც ის უთქვამს, “ჰმ.. განა გიკვირს, რომ შენი ‘შეყვარებული’ კვდება? ეს ღმერთის სასჯელია – თქვენს გახრწნილ ურთიერთობაზე!”

მან თქვა, ‘მოვალ და განვკურნავ მას.’

ბოლოს კი, რომაელი ასისთავის რწმენა ყველაზე დიდ რწმენად გამოაცხადა, რაც კი ოდესმე ეპოვნა ადამიანებში… და როგორც პასაჟის დასასრული გვამცნობს, ბიჭი მყისიერად განიკურნა.

 

ჩვენ ყველამ ვნახეთ 17 მაისი,

და წარმოიდგინეთ, მაგ დღეს, აქციაზე რომ ვინმეს შემდეგი კითხვა დაესვა, ‘მთელს სახარებაში, ვის ქონდა ყველაზე დიდი რწმენა?’

სწორი პასუხი იქნებოდა, ‘-რომაელ ჰომოსექსუალს.’

გიყვარდეთ მტერნი თქვენნი. -ო,
და ამის თქმისთვის სისტემამ ღმერთი მოკლა ჯვარზე.
მაგრამ, იქნებ სიკვდილად ღირდა ასეთი რამის თქმა. .
მტრის სიყვარული მტრების დახოცვის ყველაზე მძლავრი იარაღია, იქნებ. .

კომენტარები

მსგავსი სიახლეები