პირველი თოვლის ფიქრები

თამთას ბლოგი…

თოვს. ჩამოთოვა ბავშვობის ბილიკებზე. ჩამოთოვა ისე, როგორც სიზმარში, ისე როგორც ამას მხატვარი დახატავდა და ისე, როგორც მწერალი დაწერდა. ვდგავარ გზის დასაწყისში და ნაბიჯის გადადგმა მენანება. თოვლი ჯერ კიდევ შეურყვნელია.არ მინდა პირველი ვიყო,მაგრამ გზის ბოლომდე უნდა მივიდე. ახლაც, ისე როგორც ყოველი პირველი თოვლის მოსვლისას, ვეცდები ჩემი ნაფეხურები ისე ზუსტად და ლამაზად დავამჩნიო,ვრცელ სითეთრეს,რომ საერთო ჰარმონია არ შეიბღალოს.ნაბიჯი პირველი…ახლა უკვე ფიქრშიც თოვს…
დეკემბრის ცივი და სუსხიანი ღამე, უთოვლო, მაგრამ ქარიან თბილისში.პატარა, კიკინებიანი გოგონა, კაბის ფრიალით, ხტუნვა-ხტუნვით მოდის. ხელში ორი პატარა ცელოფანი უჭირავს და გამვლელებს სთხოვს ლიმონი შეიძინონ.მომიახლოვდა. ცივა , მაგრამ ის მაინც იღიმის გვერდი ტანის რხევით ჩამიარა, კიკინები ჰაერში თამაშობდნენ გოგონა კვლავ სთავაზობდა გამვლელებს ლიმონს.თვალი გავაყოლე… აი , აქ კი გულშივ თოვდა. ზუსტად ვიცი სანამ სახლამდე მივალ ვნახავ სამ ბებოს, რომელიც ასევე ყიდის ლიმონს, შიშველ ბიჭს, რომელიც წევს მიწაზე და ითხოვს დახმარებას, კაცს, რომლის საუბარსაც ვერასდროს ვიგებ, მაგრამ გამოწვდილ ხელზე ვხვდები რა უნდა და საერთოდ ყოველ მესამე ნაბიჯზე შევხვდები გამოწვდილ ხელს, სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა ტკივილით და სხვადასხვა ისტორიით.დრო გადის, ჩემს ნაფეხურებს ფიფქები ამოავსებენ მათსას კი… და მაინც, ვფიქრობ კიკინებიან გოგონაზე ლიმონით ხელში, მისთვის ხომ ჯერ ადრე იყო, ჯერ ძალიან პატარაა.

დროს თითქოს სიკეთე უნდა მოჰქონდეს , ამ ქვეყანაში კი რატომღაც პირიქით ხდება.ყოველ დღე ახალი ხელი ემატება, ახალი ტკივილით და ახალი ისტორიით.აი, მთავარი პრობლემა კი ნამდვილად თავშია. თავში რომლამდეც ხალხის ხმა ვერ ან არ აღწევს.სხედან ჩვენი თავები მამაქალაქში, დიდ შენობაში, წითელ სკამებზე. აქამდე არაფრის კეთებით იყვნენ დაკავებულნი, ახლა ეტყობა მობეზრდათ და “საქმეზე” გადავიდნენ. როცა ქვეყანაში ამდენი სევდა დახეტიალებს, ვინმემ ხომ უნდა იზრუნოს გართობაზე. ჰოდა, გიხაროდეთ პური არა, მაგრამ სანახაობა კი მოგვცეს. ნამდვილი ქართველი ვაჟკაცებივით გაუსწორდნენ ერთმანეთს შუა სხდომის დროს. გინება და ხელის დარტყმა სცოდნიათ, ვერ დავუკარგავ. საახალწლო “პრიკოლების” რეიტინგში პირველ ადგილს დამსახურებულად დაიკავებენ და არა მარტო საქართველოში.ჰო, ქვეყნის სახელი საზღვარგარეთ ხომ უნდა გაეტანათ, ჰოდა აბა ასეთ ამბავს ვინ გამოტოვებს. ვუყურებ, აღარ ვიცი ვიცინო თუ ვიტირო.ნეტავ ოდესმე თუ დააფიქრებს ეს ქვეყანა ვინმეს.ნეტავ ერთხელ მაინც, თუ მოხდება ისე, რომ მიზანი ქვეყნის კეთილდღეობა გახდება  და არა წითელი სკამი. ჯერ მხოლოდ სკამია. მთავრობა ან არაფერს აკეთებს, ან იმას რაც მის კეთილდღეობას უზრუნველყოფს.გიშენებს ჰესს ისე, რომ არ გეუბნება.შენ არ იცი ეს ჰესი გადაგარჩენს, თუ დაგღუპავს, მაგრამ ის მაინც არ გეუბნება. მერე მოვა ოპოზიცია და გეტყვის, რომ იყვირო, კარგად მანაც არ იცის იღუპები თუ შენდები, მაგრამ მისი სკამისთვის პირველი ვარიანტი ჯობს.ასეა, ოპოზოცია ყვირის, უფრო მაღალი სკამი უნდა.ყვირის ყველაფერზე,იმაზეც რაც არ კეთდება და იმაზეც, რაც კეთდება.საბოლოოდ კი ყველა ცდილობს ხალხს რაც შეიძლება მუქი და ბევრი ნაცარი შეაყაროს თვალში. აბა, რაში ედარდებათ პატარა  გოგო. დახტის პატარა, კიკინებიანი გოგონა ცივი დეკემბრის ღამეში და ყიდის ლიმონს. ნეტავ სახლი მაინც თუ ქავს თბილი.
მივუახლოვდი გზის ბოლოს.უკან მოხედვის ცოტა მეშინია.არ ვიცი სწორად ვიარე თუ არა. ზოგჯერ, ალბათ, ვიარე კიდეც , ზოგჯერ არასწორადაც გადავდგი ნაბიჯი.რატომღაც მახსენდება ბებო, ჩიტივით მობუზული, გამხდარი ბებო, გზის პირას, მინდორზე რომ მარტოდ მარტო მიდიოდა და ბაბუ ლოდზე ჩამომჯდარი, თავის გაშავებულ  ხელებს რომ დასცქეროდა.არ ვიცნობდი , მაგრამ მე მაშინ სევდა დავიჭირე,სხვანაირი სევდა და ის არ გავდა სხვას.
უკანასკნელი ნაფეხური. ბოლოს მინდოდა ახალი წელი მომელოცა და დალოცვასავით სიტყვა მეთქვა. მერე ვნახე, რომ „facebook”- ზე ერი უკვე დალცვილად გრძნობს თავს. ექვსი ნოემბრის ღამეს ქართული ფეისმოსახლეობა reading ლოცვანი at სამება და feeling დალოცვილად.ჰოდა ჩემი მოლოცვა ვის რად უნდა. ჰო, მართლა დონატიზაციას გილოცავთ ხალხო.
და მაინც ,დიდსაც და პატარასაც, გისურვებთ შეურყვნელ თოვლზე ისე გაიაროთ უკან მოხედვის არ შეგეშინდეთ.

თამთა ყიფიანი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები