გენდერული ურთიერთობა

გენდერული ურთიერთობა დღეს საკმაოდ ფართო განხილვის საგანი გახდა. ამ თემაზე მსჯელობენ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. საქართველო ერთ-ერთია, რომელსაც ეს პრობლება დიდად დააწვა კისერზე და ამ მხრივ არც თუ ისე სახარბიელო სიტუაცია გვაქვს.

ტერმინი „გენდერი” ნიშნავს, რომ ქალსა და მამაკაცს აქვთ თანაბარი უფლებები მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული განვითარების და სხვა სახის პროცესებში, თუმცა გენდერული ურთიერთობისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ ტერმინი არ ნიშნავს ქალისა და მამაკაცის იგივეობას გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობებში.

საქართველოში მამაკაცების დამოკიდებულება ქალებისადმი, შეიძლება ითქვას, რომ არც ისე ლოიალურია. ისინი მდედრობითი სქესის როლს განიხილავენ ძალიან ვიწრო ჭრილში. ეს შეიძლება იყოს მხოლოდ ოჯახური საქმეები, სხვა დანარჩენი კი „ქალის საქმე არაა”. რა თქმა უნდა, ეს არასწორია. ქალს აქვს ყველანაირი უფლება, არჩევანის თავისუფლება აკეთოს ის რაც სურს, ისევე როგორც მამაკაცს. ჩემი აზრით, როდესაც ოჯახი იქმნება ორივე მათგანი ვალდებულია პატივი სცეს ერთმანეთის აზრს. ყველაფერი უნდა გადაწყდეს ცოლ-ქმრის შეთანხმების საფუძველზე და შესაბამისად ოჯახს უნდა უძღვებოდეს ორივე მხარე, როგორც ეკონომიკური, ასევე მორალური თვალსაზრისითაც.

საქართველოში ძალიან ბევრი ძალადობის ფაქტი ფიქსირდება. ქალები დიდი ზეწოლის ქვეშ არიან. ქართველი მამაკაცები შვილის აღზრდას ძირითადად ქალს გადააბარებენ ხოლმე, თვითონ კი მხოლოდ ბავშვთან თამაშით, ანდა მოფერებით შემოიფარგლებიან. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ქალის როლი, ქალის სექსუალური თავისებურება გაიგივებულია ოჯახის ცნებასთან.

საზოგადოებრივ საქმიანობაში ქალის როლის ჩართვა ქართველი მამაკაცისთვის ცოტა დამაფიქრებელია. პოლიტიკაში ნაკლებად შევხვდებით ქალებს. პარლამენტის წევრთა შორის ისინი მხოლოდ 12%-ს შეადგენენ. გამოკითხულთა 68% ფიქრობს, რომ მამაკაცები უკეთესი პოლიტიკური ლიდერები არიან, ვიდრე ქალები. ჩემი აზრით, კაცი ბუნებით უფრო მეტად მკაცრია, გამტანია, რაც პირველი პირებისთვის დამახასიათებელი ნიშანი უნდა იყოს, ქალი კი შედარებით შემწყნარებელია. ამიტომ პოლიტიკური ლიდერები ძირითადად მამაკაცები არიან, თუმცა ისტორიული მაგალითების მიხედვით, ძველ საქართველოსაც ჰყავდა ქალი ლიდერები: თამარ მეფე, რუსუდანი, კრავაი ჯაყელი და სხვა.

ქალის როლის ასეთი შევიწროება ძველი ქართული მთის ტრადიციებიდანაც მოდის გარკვეული თვალსაზრისით. მაგალითად, ფშავში ქალს  ეკრძალებოდა სახის გამოჩენა მთლიანად. ლხინში მამაკაცები დროს სმაში ატარებდნენ, ქალები კი მოშორებით იდგნენ და მათ შესცქეროდნენ. რა თქმა უნდა, ვითარება ძველთან შედარებით გაუმჯობესდა და ეს ასეც უნდა იყოს, თუმცა საკმაოდ მძიმე ვითარება გვაქვს ამ მხრივ სხვა ქვეყნებში, თუნდაც აზიაში.

ირანში გენდერულ თანასწორობაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. არსებობს ფაქტები იმისა, რომ ქალი ქმრის ღალატისათვის ჩაქოლვით დაისაჯა. ინდოეთში ქალის მთავარი დანიშნულება დედობაა. ინდოელებს ჰგონიათ, რომ ქალად დაბადება წინა ცხოვრებაში ჩადენილი ცოდვებისათვის მოვლენილი სასჯელია, ტრადიციულ იაპონურ ოჯახში კი მამაკაცისთვის ცოდვად არ ითვლება საყვარლის ყოლა. რაც შეეხება ეგვიპტეს, აქ ოჯახი ეს არის პატრიარქალური ურთიერთობის სისტემა, რომელშიც ქმარი მეთაურია, ცოლი კი ვალდებულია ყველაფერში დაემორჩილოს. უფრო მეტად მძიმე ვითარება აზიაშია. ევროპას ეს პრობლემა ნაკლებად აწუხებს და ზოგიერთ ქვეყანაში ეს თემა განხილვის საგნად არც არის ქცეული.

ქრისტიანული სწავლების მიხედვით, ყველა ადამიანი თანასწორია. მამაკაცი უფალია, ქალი მისი შემწე და მეგობარი. მამაკაცის შექმნა წინ უსწრებს ქალის შექმნას, რამაც განაპირობა ცნობილი იერარქიული განსხვავება.

აი, ასეთი სურათია გენდერული ურთიერთობის მხრივ ზოგადად საქართველოში და სხვა ქვეყნებში. მე ვიტყოდი, რომ რთული სიტუაციაა ამ მხრივ ჩვენს ქვეყანაში, თუმცა არც ისე რთული, როგორც აზიურ და ნაკლებად განვითარებად ზოგიერთ ქვეყანაში. ეს ყველაფერი ძველი ტრადიციების ნაშთია, რომელიც დღევანდელობას შემორჩა.

პრობლების გადაწყვეტა შესაძლებელია საზოგადოების განათლების დონის, ინტელექტის ამაღლებით, ამასთანავე, ქვეყანაში ცივილიზაციის შემოტანით და განვითარების კუთხითაც. თუმცა ცივილიზაციამ  არ უნდა გამოიწვიოს გარყვნილების, არა ეთიკური საქციელის დამკვიდრება ერში. განათლება ერთადერთია, რაც მოსახლეობის მენტალურ დონეს აამაღლებს. თითოეული პიროვნების ცნობიერების ამაღლება, სწორი დასკვნების და გადაწყვეტილებების მიღება მიგვიყვანს იმ შედეგამდე, რომ ერი სწორად იაზროვნებს. შესაბამისად, გენდერული ურთიერთობა ამ ორ სქესს შორის იქნება ჰუმანური და ქალიცა და მამაკაციც იმოქმედებს შესაბამისი კანონის მიხედვით.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები