სალომე საგინაშვილი – ფული ბედნიერებაა?

“ამბობენ ფული ხელის ჭუჭყიაო. გამოგიტყდეთ, ეს ერთადერთი ჭუჭყია, რომელიც ძალიან მომწონს.”

თუ შეგიმჩნევიათ ოდესმე ქუჩაში გაჩერებული ადამიანი, რომელიც მაღაზიის ვიტრინას თვალს სინანულით ადევნებს ან ძვირდღირებული მანქანის წინ დგას და უცნაურად თავს აქნევს?

მე მინახავს.

სიტყვა “ფული” ყველასათვის ადვილად აღსაქმელი რამაა. მისთვის იბრძვიან, წვალობენ, მუშაობენ, სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებენ, რადგან სქელმა ჯიბემ ცხოვრების ნათელი მომავალი დასახოს და ბევრად გამარტივდეს ცხოვრება. ამ ყველაფერს იმდენი დრო მიაქვს, რეალურად  უფრო მნიშვნელოვანი ყოველდღიურობა უკანა პლანზე იწევს და უფერულდება.

ფულის მნიშვნელობაზე დავას ნამდვილად არ ვაპირებ, რადგან ყველასათვის ძალიან ადვილად აღსაქმელია, ამ დროში რამდენად დიდია მისი როლი. იმდენ მნიშვნელობას იძენს, რომ ტენდენციამ – უსიყვარულო ქორწინებამ სტარტი უკვე კარგა ხანია აიღო. ერთი შეხედვით ამ სულელურმა თემამ,   გაიდგა ფესვები და  ბევრის აზრით, ჩვენს დროში უკვე სიყვარულს ფულის სუნი უდის. ამგვარი მოსაზრება მართლაც საინტერესოდ ჟღერს, მითუმეტეს, რომ მომიმრავლდა ჩემს ირგვლივ ამ ამბავის გასამყარებელი”ფაქტები.” არადა ყოველთვის მეგონა, რომ ოჯახის შექმნის მთავარი მოტივი, სიყვარული და ნდობა უნდა ყოფილიყო.

ეს თემა ძალიან დიდი განსჯის საგანია და კრიტიკული თვალით თუ შევხედავთ, ბევრი კუთხით შეგვიძლია განვიხილოთ.

ჩვენი ქვეყანა განვითარების დონის მიხედვით, ნამდვილად არაა მოწინავე პოზიციებზე. თბილისის მთავარი ქუჩები კი ყველაზე უკეთ იგებენ, როგორია შიმშილის გრძნობა. ყოველ დილას უნივერსიტეტის გზაზე ვხედავ უამრავ ხელგამოწვდილს, რომელთა ცხოვრების მთავარი მიზანიც კაპიკების შეგროვება და პურის ყიდვა გამხდარა.

სხვადასხვა დროს ჩვენი ქვეყნის მთავრობამ სცადა პრობლემის აღმოფხვრა და ჭაობიდან ქვეყნის ამოთრევა. თუმცა ნათქვამია, რომ წარმატება ნაბიჯ-ნაბიჯ მიიღწევა და ვინ იცის, იქნებ დადგეს დრო, როცა ჩვენც შვებით ამოვისუნთქებთ.

ეს ყველაფერი იქით იყოს და მაღაზიებში საკვები პროდუქტების ფასები ზრდა სერიოზულ ზიანს აყენებს როგორც ჯიბეს, ასევე ჩვენს ნერვებს.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სახელმწიფო თითოეულ ახალგაზრდას სწავლა – განათლებისკენ აქტიურად მოუწოდებს. ეს გასაკვირი სულაც არ არის, თუ არ გავითვალისწინებთ ერთ ფაქტორს: დღეს, საქართველოს უმაღლეს სასწავლებელში სწავლა ძვირი სიამოვნებაა, კერძო სკოლებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. საჯარო სკოლების მდგომარეობა კი ყველას კარგად მოეხსენება. ჩნდება ლოგიკური კითხვა: – რა უნდა გააკეთოს ადამიანმა? თუ არ ისწავლა, შესაბამისად მომავალიც არ ექნება. დღეს, დიპლომიანი ჩვენი ოჯახის წევრები სახლში უმუშევრები სხედან და თუ ჩვენ დიპლომიც კი არ გვექნება, წარმოგიდგენიათ რა მოხდება რამდენიმე წლის შემდეგ?

დღეს ყოველი მეორე დიპლომიანი ტაქსისტია. ეს მაშინ, როდესაც მას ცხოვრება კაბინეტში, კარიერის წინსვლის პერსპექტივით წარმოედგინა. ისე, ჩვენში დარჩეს და ამბობენ, ორ დიპლიმიანი ტაქსისტი უფრო კარგად მოგემსახურება და დიპლომიანი რძალი, კარტოფილს უკეთ წვავსო.

ფსიქოლოგები თანხმდებიან ერთ აზრზე, რომ მოზარდისთვის ყოველდღიურ ჯიბის ფული აუცილებელია, რადგან, „ის რაც სხვას აქვს,“ მასაც ჰქონდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს უკიდურესი ფორმა, რომელიც ქურდობის პირდაპირპროპორციულია. ბავშვის სწორად აღზრდა კი უმთავრესია. მაშინ, როცა ოჯახის ყველა წევრი უმუშევარია,  რით უნდა დაპურდნენ მათი პატარები? ან ჯიბის ფული საიდან უნდა მისცენ?

ქართველები ზარმაცი ხალხიაო, გამიგია. შესაძლოა, ასეც არის. სამუშაო ადგილების დაცოტავებამ, ეს ფაქტი ერთიორად გაამყარა.

P.S. დავუშვათ, გვაქვს ბევრი ფული. ვიყიდეთ რაიმე ნივთი, რომელიც ასე გვსურდა, გავიდა დრო და მისდამი ინტერესი დავკარგეთ, რა დასკვნის გაკეთება შეგვიძლია?

როცა ამ თემაზე ვფიქრობ, მიჩნდება  კითხვა: ფული ბედნიერებაა?

თქვენ როგორ ფიქრობთ?

კომენტარები

მსგავსი სიახლეები