რეზო ხასია – ფორმა სივრცეში

დეკემბრის სუსხში, პატარა სახელოსნოში  თავმოყრილი ქანდაკებები დიდი, ნათელი დარბაზის მოლოდინში მოწყენილები მეჩვენენ. ,,დიდგორი”  „ცხრა აპრილი“ , „ბედნიერი ერი“   და სხვა უამრავი, ერთი შეხედვით უტყვი, სინამდვილეში კი მრავლის მთქმელი ნამუშევარი, პატარა სახელოსნოში მოქანდაკე რეზო ხასიამ შექმნა. მათთვის ვისაც ესმის ხელოვნების ენა yellowblog.ge -მ მოქანდაკესთან ინტერვიუ ჩაწერა.

ბატონო რეზო დიდი ხანია ამ საქმეს ემსახურებით?

საკმაოდ დიდი ხანია. რაც სამხატვრო აკადემია დავამთავრე მას მერე სულ ამ საქმესვაკეთებ. ქანდაკების ფაკულტეტზე ვსწავლობდი. თავად ვხატავ და მერე ვქმნინამუშევრებს. ჩემით ვაკეთებ ყველაფერს. საკმაოდ მძიმე შრომაა, მაგრამ სხვა გზა არ არის.

 რას ნიშნავს თქვენთვის ის საქმე რასაც ემსახურებით?

მოქანდაკეობა პირველ რიგში ჩემი პროფესიაა. ფორმა შემაქვს სივრცეში. ვცდილობ არ ჩამოვრჩე თანამედროვეობას და ჩემმა შექმნილმა ნამუშევრებმა არ დაკარგოს აქტუალობა. მთავარია იყოს იდეა და მერე ყველაფერს დაუკავშირებ ერთმანეთს.

 გჭირდებათ რამე განსაკუთრებული მუზა იმისთვის რომ იდეა გაჩნდეს?

როცა რაღაცას ქმნი უნდა გქონდეს შენი მსოფლმხედველობა. იდეა, რომელიც იქნებააქტუალური და გააკეთო ისე როგორც ხედავ, თან ხალხისთვისაც საინტერესო უნდა იყოს. აი მე, მაგალითად დიდგორის თემატიკაზე ვმუშაობდი და ჩემი შემოქმედების წყაროდ გვირილები იქცა. გვირილებით გადაპენტილი ველი, მას თავისი სურნელება აქვს. ეს სურნელებაც უნდა ჩანდეს. საბოლოოდ გავაკეთე გვირილები, რომელშიც გულის ადგილას ადამიანების სილუეტები გამოვსახე.

 რთულია ამ სფეროში მოღვაწეობა?

საკმაოდ რთულია. ბევრი დაბრკოლება შემხვედრია. თუმცა მოუსვენარი ხასიათის გამომუდმივად ვცდილობდი რამე მეკეთებინა. რთულია ამ სფეროში მოღვაწეობა, არაა საქართველოში სათანადოდ განვითარებული.

 

 საზღვარგარეთ თუ გაგაქვთ თქვენი ნამუშევრები?

კი გამაქვს. როცა კოლექციონერი ნახულობს შენს ნამუშევრებს და მოსწონს მერე ხვდება ისინი გამოფენებზე აქაც და საზღვარგარეთაც. ჩემი ნამუშევრების გამოფენა ყოფილა  იტალიაში, გერმანიაში, თურქეთში და სხვა ქალაქებში. ყველაზე მეტად იმან გამაოცა, რომ იტალიაში წარმატებულად ჩაიარა გამოფენამაც და შეიძინეს კიდეც ქანდაკებები. ზოგადად, ამ ქვეყანას თავად იმხელა კულტურა აქვს ამ სფეროში, რომ ადვილი არ არის სხვა, ახალი მიიღონ. ამიტომ სასიამოვნოდ გამაოცა იქ მიღწეულმა წარმატებამ. ასევე თურქებსაც ძალიან დააინტერესათ ნამუშევრებმა.

 ქართველებს თუ მოსწონთ მსგავსი ნამუშევრები?

უცხოეთში საკმაოდ აქტუალურია სახლის ინტერიერში მრგვალი ქანდაკებები, საქართველოში არც ისე აქტუალურია,თუმცა ნელ-ნელა აქაც დაიწყეს სახლისთვის ქანდაკებების შეძენა. შეიძლება ითქვას ნელა , მაგრამ მაინც წინ მიიწევს.

თავად თუ უზიარებთ ახალგაზრდებს თქვენს გამოცდილებას?

ლექტორი ვარ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ტექნიკურ უნივერსიტეტში. საკმაოდ ნიჭიერი თაობა მოდის. დიდი რესურსი აქვთ ინფორმაციასთან წვდომის. ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ, თუ ოდნავ ვინმე დაეხმარებათ. მართალია ეს სფერო არაა კარგად განვითარებული, მაგრამ ვინც ნიჭიერია, არ მოისვენებს და მაინც გააკეთებს თავის გასაკეთებელს. საქართველოში კი ნიჭიერ კაცს რა გამოლევს.

 კრიტიკა თუ გსმენიათ თქვენს ნამუშევრებზე?

კი როგორ არა,თუმცა ადამიანისგან ვისაც ეს სფერო ესმის ჩემთვის მისაღებია კრიტიკა. რატომღაც საქართველოში ჰგონიათ რომ შეურაცხყოფა უნდა მიაყენო როცა რამე არ მოგწონს, მაგრამ ზომიერი კრიტიკა ჩემთვის მისაღებია. ისე ზოგადად უფრო მოსწონთ ჩემი ნამუშევრები ვიდრე მაკრიტიკებენ. ხანდახან როცა მგონია ვერ გაიგებენ ჩემ ნამუშევარს პირიქით ხდება. აი, მაგალითად დიდგორის გვირილების ქაბდაკებამ გამარჯვება მოიპოვა.

 ქალაქში თუ დგას სადმე თქვენს მიერ შექმნილი ძეგლები?

კი , დგას. გმირთა მოედანზე 2008 წლის აგვისტოში რუსული ოკუპაციის წინააღმდეგბრძოლაში დაღუპულ მეომართა მემორიალი, “300 არაგველი” მემორიალი, ჟინვალი,საქართველოს სამხედრო გზა; “პოეზია” კომპოზიცია, ქ.ქუთაისი, ასევე დგას ჩემ მიერ შექმნილი ქანდაკება ფოთში.

 რამე ახალი ქანდაკების დადგმას ხომ არ გეგმავთ თბილისში?

მაგაზე მერიამ უნდა იფიქროს. ქალაქს ნამდვილად სჭირდება ახალი ქანდაკებები. გასაახლებელია ბევრი რამ.

კულტურის სამინისტრო არ გეხმარებათ დარგის განვითარებაში?

სამინისტროსგან ჯერ არ ჩანს არანაირი ფინანსური დახმარების იმედი. მათი დახმარება ის იქნებოდა  გაემართა გამოფენები სადაც მოქანდაკეებს ექნებოდათ საშუალება თავიანთი ნამუშევრები გამოეტანათ. ასევე დავეკავშირებინეთ საზღვარგარეთის ქვეყნებთან და იქ გატანა ყოფილიყო შესაძლებელი. თუმცა ჯერ-ჯერობით მსგავსი არაფერი არ ხდება.

სად შეიძლება თქვენი ნამუშევრების ნახვა და უახლოეს მომავალში გამოფენას ხომ არ გეგმავთ?

 

თბილისი მარიოტში შეგიძლიათ ამჟამად ჩემი ნამუშევრები ნახოთ. კი ვაპირებ თბილიში გამოფენის გაკეთებას. ამჟამად ახალ კოლექციაზე ვმუშაობ, მეტალის ფიგურებს ვქმნი.

 

თამთა ყიფიანი

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები