სივრცე სადაც „იყვირებ” და დაწერ იმას, რაც მოგინდება…

არავინ დავობს, რომ 21-ე საუკუნე ინტერნეტის ეპოქაა. სოციალური მედიისა და ბლოგერობის განვითარება კი დღითიდღე თვალშისაცემი ხდება. ბლოგი საუკეთესო საშუალებაა აქტიური, მოაზროვნე ადამიანებისათვის გამოხატონ საკუთარი  იდეები, მსოფლმხედველობა, მიაწვდინონ ხმა უამრავ ადამიანს და ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, მოახდინონ თვითრეალიზება. ბლოგი ერთგვარ ინტერნეტ დღიურს წარმოადგენს, თემატიკა სრულიად დამოკიდებულია ავტორის არჩევანზე.

თუ ქართულ ბლოგებს გადავხედავთ, დავინახავთ რომ ხშირია ბლოგები, სადაც მხოლოდ მოდის ტენდენციებზე, ლიტერატურულ სიახლეებზე , კინემატოგრაფიაზე ანუ რომელიმე ერთ კონკრეტულ  სფეროზე ხდება ორიენტირება, ასევე არის ბლოგები, სადაც წინა პლანზე პირადი თემებია წამოწეული ან ბლოგები, რომლებიც შერეული,  აქტუალური თემებით ცდილობენ მიიპყრონ მკითხველთა ყურადღება.

მსოფლიო მასშტაბით პირველი ბლოგი 1994 წლიდან ჩნდება,  საქართველოში კი ბლოგერობა 2005 წლიდან იღებს სათავეს. ნელი ტემპით, თუმცა განვითარება მაინც მოხდა და დღესდღეობით ბევრ ადამიანს აქვს  ბლოგი. ზოგიერთი  მათგანი ბლოგის სახელითაც იქცევს მკითხველთა ყურადღებას, ასე მაგალითად: ”ეგოისტის ბლოგი”, ”ფორთოხლის გოგონა”, ”გაუწონასწორებელი ფსიქოპატის ბლოგი” და სხვა.  მათი ფანტაზია შეუზღუდავია. ბლოგს დემოკრატიულ მონაპოვრადაც კი მიიჩნევენ, რომლის საშუალებითაც აზრების გაზიარება ეფექტურად და მარტივი გზით ხდება.

საქართველოში ხშირად ხდება, რომ გადაწყვეტენ ბლოგის შექმნას, რამდენიმე ხანს საქმე კარგადაც მიდის, მაგრამ შემდეგ ბლოგერი სხვადასხვა მიზეზით ყურადღებას ადუნებს, მისი ბლოგიც აქტუალურობას კარგავს და მკითხველთა ინტერესსაც ემშვიდობება. მთავარი არა ბლოგის შექმნა, არამედ მისი მართვაა. მუდმივად განახლებული „პოსტები“, საინტერესოდ გადმოცემის უნარი და სწორად შერჩეული თემა, სწორედ ეს არის ბლოგერის წარმატების წინაპირობა.

ფაქტია, რომ ბეჭდური მედია სულ უფრო უკანა პლანზე იწევს, მათდამი ნდობა და ინტერესი დაკარგულია. ყოველივე ამის ფონზე კი სავსებით რეალურია, ინფორმაციის მიღების მთავარ საშუალებად ბლოგები იქცნენ.

საზღვარგარეთ, ბლოგერების შემოსავალი ინტერნეტ-რეკლამებით განისაზღვრება, აქტიური ბლოგერის გვერდზე განთავსებული რეკლამა ბიზნესისათვის საკმაოდ მომგებიანია. თუმცა ქართულ ბლოგებს თუ გადაავლებთ თვალს, ნამდვილად გაგიჭირდებათ რეკლამების აღმოჩენა. რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში? რა მიზანი აქვთ და რას მოელიან ამ საქმით დაკავებული ადამიანები? yellowblog.ge ერთ-ერთ  ბლოგერს გაესაუბრა.

ანა არველაძე, 19 წლისაა, იგი  2 წელიწადია რაც ამ სფეროშია.

 

ანა, რა არის ბლოგი?

 

ბლოგი ონლაინ დღიურია, რომელიც საშუალებას გაძლევს გამოხატო შენი აზრი სხვადასხვა მოვლენის შესახებ.

 

რატომ გადაწყვიტე ბლოგერობა?

 

როგორც ყველა თინეიჯერს, მეც გამიჩნდა პროტესტის გრძნობა გარკვეულ მოვლენებზე და გადავწყვიტე დამეწერა იმის შესახებ, რაც არ მომწონდა და მაწუხებდა. უკვე 2 წელიწადია  ამ სფეროში ვარ და საკუთარი ბლოგი მაქვს.

 

ვინ არიან ქართველი ბლოგერები?

 

დღესდღეობით ბევრი ადამიანია ამ სფეროში. თუმცა უფრო მეტად პოპულარულები ისინი არიან, ვინც პირველი ბლოგები შექმნა.

 

რა არის ბლოგერის მიზანი?

 

ბლოგერის მიზანი არის გქონდეს სივრცე, სადაც ”იყვირებ” და დაწერ იმას, რაც მოგინდება.

 

რის მიხედვით ირჩევ თემას და რა სიხშირით უნდა პოსტოს ბლოგერმა, რომ არ დაკარგოს აქტუალურობა?

 

არსებობს თემატური ბლოგები და რენდომ ბლოგები. რაც უფრო ხშირად დაპოსტავ და გამოეხმაურები აქტუალურ მოვლენებს, მით უკეთესია, მითუმეტეს სანამ ცნობადი გახდები,   ხოლო შემდეგ კი მკითხველის შესანარჩუნებლად კვირაში ერთი პოსტი უკვე საკმარისია.

 

საქართველოში ამჟამად რამდენად განვითარებულია ბლოგერობა?

 

ვთვლი, რომ ბლოგერობა განვითარებულია. თუმცა  მინდა აღვნიშნო, რომ არ გვყავს ბევრი ბლოგერი და თუ შეიძლება ასე ითქვას, ერთგვარი მონოპოლიაა ამ სფეროში. ძნელია კონკურენცია გაუწიო უკვე აღიარებულ, ცნობილ ბლოგერებს.

 

თუ გაქვს ამ კუთხით რაიმე შემოსავალი?

 

შემოსავალი სამწუხაროდ არ მქონია ამ სფეროდან. თუმცა ძალიან კარგი იქნება თუ სიტუაცია შეიცვლება, შესაბამისად ბლოგერებსაც სტიმული მოგვემატება.

 

წარმატებული ბლოგი რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს?

 

ბლოგი წარმატებული იქნება მაშინ, თუ პოსტები იქნება საინტერესო და რა თქმა უნდა, აქტუალური. ამასთანავე ავტორს უნდა ჰქონდეს კარგი თხრობის მანერაც.

 

როგორ ხედავ სამომავლოდ, რა შეიძლება მოგიტანოს ბლოგერობამ?

 

ბლოგმა უკვე შემძინა ბევრი ახალი მეგობარი და საინტერესო წრე, სამომავლოდ კი ალბათ მეტი ცნობადობაც იქნება

 

თეო ჩომახიძე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები